მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“[ქართულ ოცნებას] ლეგიტიმურობა დაკარგული აქვს” – ინტერვიუ ფადი ასლისთან

ფადი ასლი

იცვლება თუ არა ღიად საქართველოს მიერ კონსტიტუციით დეკლარირებული კურსი? "ანალიტიკა" საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარეს ფადი ასლის ესაუბრა, რომელმაც გუშინ ღია მიმართვა გაავრცელა, სადაც ხაზგასმულია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ რუსული კანონის ამოქმედება გამოიწვევს არასასურველი შედეგების სერიას, რომელიც ღრმად აისახება ბიზნესგარემოზე, ეკონომიკაზე და საქართველოს მთლიან კეთილდღეობაზე.

- მოგესალმებით, ბატონო ფადი. დიდი მადლობა, რომ პასუხობთ ჩემს შეკითხვებს. ღია წერილი გაავრცელეთ, სადაც წერთ, რომ რუსული კანონის მიღებას არასასურველი შედეგები მოჰყვება არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ეკონომიკური თვალსაზრისითაც. რას გულისხმობთ, უფრო დეტალურად რომ აგვიხსნათ.

- როდესაც ასეთი ხელოვნური კანონის გავლენით, ველს არასამთავრობო სექტორისგან წმენდ – კორუფცია ყვავის. აღარ არიან მაკონტროლებელი ორგანიზაციები, ვინც შეამოწმებს, როგორ იქცევა მთავრობა. ამის შედეგი კი ის არის, რომ კორუფცია ყვავის, ყოველგვარი ხელის შეშლის გარეშე. ეს ჩვენ სახელმწიფოს ნგრევამდე მიგვიყვანს. ასეთი რამ ძალიან მდიდარი ქვეყნების შემთხვევაშიც გვაქვს ნანახი – იქნება ეს ნიგერია, ვენესუელა თუ ანგოლა – ნავთობით მდიდარი ქვეყნები, რომლებიც დაიქცნენ და ვერ განვითარდნენ სწორედ კორუფციის გამო. ეს ძალიან შემაშფოთებელი მოცემულობაა. კორუფციას ასეთი თვისება აქვს – როგორც წესი ელიტა წარმოუდგენლად მდიდრდება მაშინ, როცა ღარიბი ხალხი კიდევ უფრო მეტად ღარიბდება. ამას გარდა, ეს კანონი დააფრთხობს უცხოელ ინვესტორებს. არცერთი ინვესტორს არ მოუნდება ფულის ისეთ ქვეყანაში ჩადება, სადაც ტოტალიტალური რეჟიმია, სადაც არ არის კანონის უზენაესობა, სადაც სამოქალაქო საზოგადოება ვერ ფუნქციონირებს. ამასთან, ბევრი ქვეყანა – განსაკუთრებით დასავლეთიდან – ვისთანაც თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები გვაქვს – გადახედავენ ამ შეთანხმებებს – რადგან არ მოუნდებათ ისეთ ქვეყანასთან თანამშრომლობა, სადაც არ არის დაცული ადამიანის უფლებები. როგორც უნდა შევხედოთ ამ საკითხს, ეკონომიკაზე მაინც უდიდესი უარყოფითი ეფექტი ექნება და რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ახალგაზრდა დაკარგავს იმედს საკუთარ ქვეყანაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ემიგრანტთა რიცხვი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. ხალხი იმ ქვეყნებში წავა, სადაც თავისუფლება და თვითგამოხატვის შესაძლებლობა დახვდება. თუ 2023 წელს ეს 5% იყო – მომავალში კიდევ უფრო მეტად გაიზრდება და გაცილებით დიდი ოდენობით ტვინების გადინებას მივიღებთ. ამ ყველაფერს ქვეყნის ეკონომიკაზე ძალიან უარყოფითი გავლენა ექნება. ასევე, არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველო არ არის ნავთობით მდიდარი ქვეყანა – საქართველოს დოვლათს ქმნის ფინანსური სერვისები და ტრანზიტი და თუკი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებების გადახედვა მოხდება, ეს ქვეყანას მნიშვნელოვნად დაარტყამს.

- უფრო შორს მიმავალი რისკებიც არსებობს? – მაგალითად: კანდიდატი ქვეყნის სტატუსის დაკარგვა ან ვიზალიბერალიზაციის შეჩერება?

- მე მგონია, რომ საქართველოს ემუქრება კანდიდატი ქვეყნის სტატუსის დროებით გაყინვა. მას სრულად საქართველოს არავინ ჩამოართმევს. მთავრობა არ წარმოადგენს ხალხს და ეს ძალიან კარგად იცის ევროკავშირმა. ისინი არ დასჯიან ქართველ ხალხს იმით, რომ დასაჯონ მთავრობა. მაგრამ მოლაპარაკებები საქართველოსთვის არ გაიხსნება, ის გადავადდება გაურკვეველი დროით – თურქეთია ამის მაგალითი – 20 წელზე მეტია კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ამ ქვეყნისთვის გაყინულია. რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციას, ეს ნამდვილად ძალიან სერიოზული საფრთხეა. ამ ბერკეტის გამოყენება იქნება შესაძლებელი იმისთვის, რომ ქართული ოცნების წევრებზე მოხდეს ზეწოლა – რაც ნამდვილად არ უნდათ ქართველებს, ეს ევროპაში გართულებული გადაადგილებაა და ისევ იმ ბიუროკრატიის დაბრუნება, რაც შენგენში და ევროკავშირში ვიზების მიღებას უკავშირდებოდა. რეალური შესაძლებლობაა, რომ ეს არჩევნებამდეც კი მოხდეს. ეს ძალიან მძიმე იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის – რამდენ ქართველს უნდა ევროკავშირში მუშაობა, სწავლა – ეს შეუძლებელი გახდება. მეტიც, შესაძლოა, ვინც უკვე ევროკავშირის ქვეყნებშია, მათი დაბრუნებაც მოხდეს, თუკი სავიზო რეჟიმი ისევ ამოქმედდება. ამდენად – ეს ნამდვილად სერიოზული რისკია.

- ფიქრობთ, რომ ევროკავშირი ინდივიდუალური სანქციების გზით წავა და ამისთვის მზად არის?

- დიახ. მიმაჩნია, რომ ეს საკმაოდ მოსალოდნელი განვითარებაა. საერთოდ არ გამიკვირდება, თუ ქართული ოცნების დეპუტატები, რომლებმაც ხმა მისცეს ამ კანონს დასანქცირდებიან. დასანქცირდება ივანიშვილიც და მისი გარემოცვაც. მთავრობაც – ეს პერსპექტივა საკმაოდ რეალისტურად ჩანს. და თუ ეს მართლაც მოხდება – მთავრობა დასანქცირდება – ამასაც თავისი ეკონომიკური ფასი ექნება იმიტომ, რომ საქართველო მიკროსკოპის ქვეშ აღმოჩნდება – ინვესტორებს კი არ მოუნდებათ ისეთ მთავრობასთან საქმის დაჭერა, რომელზეც სანქციები ვრცელდება.

- თქვენს ღია წერილში საუბრობთ, რომ ამ რისკების ხაზგასმით, გსურთ გამოაღვიძოთ საზოგაოდება და მათი ყურადღება მიაპყროთ შესაძლო შედეგებს – ვის სჭირდება დღეს ეს გამოღვიძება – არ არის სრულიად მკაფიო და გამჭვირვალე – რა შეიძლება იყოს ისეთი კანონმდებლობის მიზანი, რომელზეც მთელი დასავლეთი ამბობს, რომ რუსულია?

- ეს წერილი პირველ რიგში ისტორიისთვის დავწერე. წარსულშიც ბევრი ასეთი წერილი მაქვს დაწერილი. მაგრამ როგორც ფრანგული ანდაზა ამბობს – არავინაა იმაზე ყრუ, ვიდრე ადამიანი, რომელსაც არ სურს მოსმენა. ამ ადამიანებს მოსმენა არ უნდათ. მათ მათი პირადი ინტერესები ამოძრავებთ. იგივეს ვიტყვი ზოგიერთ ბიზნესმენზეც – მათ არ ადარდებთ – მათთვის მთავარი ფულის კეთებაა, მათთვის არ არის გადამწყვეტი მათი ქვეყნის განვითარების მომავალი მიმართულება. ეს ძალიან სამწუხაროა. ზოგიერთი ქართველი – პატრიოტი – მხოლოდ სუფრასთან ხდება. აწევს ჭიქას და საქართველოს სადღეგრძელოს დალევს. გამოაცალე სუფრა და მზად არის ქვეყანა 1 ლარად გაყიდოს.

- არის დღეს ასეთი დამოკიდებულების დრო? არაფერი პირადი – მხოლოდ ბიზნესი? ვერც იმას ვიტყვით, რომ ბიზნესები, რომლებიც თქვენც და მეც ვიგულისხმეთ, ვერ ხვდებიან იმას, თუ რა შედეგების მომტანი შეიძლება იყოს საქართველოსთვის ..

- ეს ბიზნესმენები მთავრობის მძევლები არიან. სერვისები აქვთ მიღებული და ახლა ამ წრიდან ვეღარ გამოდიან. ან პირადი ინტერესები აქვთ – პარტნიორობენ მთავრობის წარმომადგენლებთან სხვადასხვა ბიზნესში და ასეც აპირებენ გაგრძელებას. მაგრამ ცხოვრებაში უნდა აარჩიო – ან პრინციპები, ან ინტერესები. ამ ბიზნესმენებმა საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ გააკეთეს ეს არჩევანი. ისინი ძალიან მდიდრები არიან. თუ საქართველოში სიტუაცია დამძიმდება, ისინი მოკიდებენ ხელს თავიანთ შვილებს, ოჯახებს და ევროპაში წავლენ საცხოვრებლად. ფასს კი ის ადამიანები გადაიხდიან, რომლებსაც საქართველოს დატოვების შესაძლებლობა არ აქვთ და რომლებსაც სიღატაკეში ცხოვრება მოუწევთ დიდი ხნის განმავლობაში. ზუსტად ისე , როგორც ყველა ის რუსი ცხოვრობს დღეს ვლადიმირ პუტინის დიქტატორულ რეჟიმში. უფლებების, თავისუფლების გარეშე. ბოსტნეულივით.

- მეორე მხრივ, ფადი – ეს ხომ ის ადამიანები არიან, რომლებიც სხვა ბევრ ადამიანსაც ასაქმებენ. მათი გადაწყვეტილებები ხომ ამ ადამიანებსაც ეხებათ. დღეს შეიძლება ეს არგუმენტად ჩავთვალოთ იმისთვის, რომ ღია პოზიციის არდაჭერა ვაპატიოთ და ის ბუნდოვანი განცხადებები, რომლებიც იფარგლებოდა გამჭვირვალობის მხარდაჭერით, ევროპისკენ სვლის აუცილებლობით?

- მოდი, ელენე, თქვენთან ისეთივე გულწრფელი ვიქნები, როგორც ყოველთვის. შესაძლოა, მთავრობამ დააზიანოს ერთი ან ორი ბიზნესმენი. მაგრამ ვერაფრით დააზიანებენ მთელს ბიზნესსაზოგადოებას. მაგრამ ამისთვის საჭიროა რომ მთელ ბიზნესსაზოგადოებას ერთიანი პოზიცია ჰქონდეს. აი, მაგალითად, მთელმა ბიზნესმა რომ თქვას, ჩვენ არ გვინდა ეს რუსული კანონი და თუ მას ხელისუფლება მაინც დაამტკიცებს – მაშინ ჩვენ სამოქალაქო დაუმორჩილებლობას გამოვაცხადებთ. რა უნდა ქნას ასეთ დროს მთავრობამ? ყველას ციხეში გაუშვებენ? გააჩერებენ ქვეყნის ეკონომიკას? რა თქმა უნდა – ვერ. როცა ბიზნესსაზოგადოებას ეხება საქმე, სხვა ქვეყნებში უფრო პატრიოტულია ბიზნესი, ვიდრე საქართველოში. მინახავს ეს სხვა ქვეყნებში, როდესაც ბიზნესი იღებს მტკიცე სოლიდარულ პოზიციას – როცა ქვეყანას რაღაც მძიმე და ცუდი ემუქრება. საქართველოში ეს ინდივიდუალურია. ქართველები ზოგადად ინდივიდუალისტები არიან, არ უყვართ ერთმანეთის დახმარება – როგორც მაგალითად სომხებს ან ებრაელებს. ეს დიდი პრობლემაა.

- რას გეუბნებათ თბილისში მიმდინარე აქციები და ამ აქციების პოლარიზების მცდელობა – ქართულმა ოცნებამ დააორგანიზა მაგალითად კონტრაქცია სულ რაღაც გუშინ ..

- ამ პროტესტებს შორის განსხვავება ძალიან თვალსაჩინოა. რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციები სპონტანურია, 100 ათასი კაცი გროვდება ერთ დაძახილზე, ზედმეტი ორგანიზების გარეშე, მათ არავინ აძალებთ ამ შეკრებებს, ამ აქციებს, ისინი გამოდიან ქუჩაში იმიტომ რომ ასე სჯერათ, რომ მომავალი რუსეთში არ არის. ის ხალხი – ვინც ქართულმა ოცნებამ მოიყვანა – ან პირადი ინტერესის გამო გამოვიდნენ ქუჩაში, ან საჯარო სამსახურში არიან დასაქმებულები და ეშინიათ, რომ სამსახურს დაკარგავენ. ერთი რაც აშკარად გამოჩნდა ის არის, რომ ქართული ოცნება თბილისში პრაქტიკულად არ არსებობს. ეს ხალხი ქართულმა ოცნებამ პატარა სოფლებიდან შეაგროვა, მთელი ქვეყნის მასშტაბით და თუ კარგად შეხედავთ მათი საშუალო ასაკი 70 წელია. ქართული ოცნება კარგავს მოჭიდებას და ღელავს, რადგან იციან, თუ წააგებენ, ბევრ მათგანს ციხეში წასვლა ან ქვეყნიდან გაქცევა მოუწევს. ისინი ნებისმიერი რამისთვის არიან მზად. მხოლოდ იმისთვის, რომ ხელისუფლებაში დარჩნენ. ეს ყველაფერი გულისხმობს – ადამიანების ცემას, გატაცებას, რუსული კანონის მიღებას – არ გამიკვირდება რუსულ ჯარსაც დაუძახონ – ივანიშვილი ყველაფერს იზამს, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს. 6 თვეა წინ და ვნახავთ, რა მოხდება – მაგრამ ეს 6 თვე საკმაოდ დაძაბული და საფრთხის შემცველი იქნება ქვეყნისთვის.

- სხვათა შორის, დუბაიდან მერთვებით და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა თქვენი დროისთვის – გქონდათ დრო მოგესმინათ ივანიშვილის მიმართვა და რომელმა გზავნილებმა მოგჭრათ ყური?

- დიახ. ეს იყო მიზანმიმართული შეტევა დასავლეთზე. დასავლეთი აღმოჩნდა იმ ყველაფრის უკან, რაც ცუდი და მათ შორის, კარგიც მოხდა საქართველოში. ივანიშვილმა 180 გრადუსით შეიცვალა კურსი. კანონის ენაზე რომ ვილაპარაკოთ ქართული ოცნების უმრავლესობას სრულად აქვს დაკარგული ლეგიტიმაცია – 2020 წელს საარჩევნოდ ქართული ოცნების პროგრამა რომელიც მაშინ ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ წარმოადგინა – დამყარებული იყო ევროპულ ღირებულებებზე, ევროპული პროგრამა იყო – ყველაფერი ეხებოდა ევროპისკენ სვლას – ყველას შეუძლია ამ პროგრამის წაკითხვა – დღეს ამ პროგრამისგან აღარაფერია დარჩენილი, შეიცვალეს კურსი და ახლა საქართველოს რუსეთისკენ ექაჩებიან. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ამომრჩეველმა მათ ხმა ევროპული პროგრამის გამო მისცა – სინამდვილეში კი რუსული პროგრამის აღსრულებას ეწევიან – მათ ლეგიტიმურობა დაკარგული აქვთ.

- ღია წერილშიც უსვამთ ხაზს იმას, რომ რუსული კანონი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და ეწინააღმდეგება, როგორც ადგილობრივ ისე საერთაშორისო ვალდებულებებს, რომლებიც უკავშირდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას – იზოლაციისკენ მიდის საქართველო, თუ კანონს მიიღებს ქართული ოცნება და ისინი ამას ამბობენ, რომ უკან არ დაიხევენ და კანონი დამტკიცდება ..

- დიახ. კანონს დაამტკიცებენ. თუ რაიმე ჯადოქრობით ქართული ოცნება მოიგებს ამ არჩევნებს, რაშიც ეჭვი ძალიან სერიოზულად მეპარება – გაყალბების შემთხვევაშიც კი – მაგრამ ვთქვათ, მოხდა ასე და მოიგეს არჩევნები და მომდევნო 4 წლით შეინარჩუნეს ისევ ძალაუფლება – საქართველო პრაქტიკულად გარიყვის ზღვარზე აღმოჩნდება საერთაშორისო თანამეგობრობისგან. ჩვენ ვიქნებით ერთ–ერთი ის ჩამორჩენილი, ვერშემდგარი ქვეყანა, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა არაფერში ითვალისწინებს. ჩემი პირადი აზრია, რომ ბიძინა ივანიშვილს იმაზე ჭკვიანი წარმოუდგენია საკუთარი თავი, ვიდრე ის სინამდვილეშია. ეს ჩემი აზრია. ამიტომაც ის საკუთარ თავზე დიდ თამაშს თამაშობს. გეოოლიტიკური თამაშია დასავლეთსა და რუსეთს შორის და ბიძინა ივანიშვილმა ან თავი შეყო ან რუსეთმა შეაყოფინა ამ გეოპოლიტიკურ თამაშში. მგონია, რომ მას მანქანა გაჭყლეტს. საქართველო პატარა ქვეყანაა. ბიძინა ივანიშვილის 5 მილიარდი დოლარი ოკეანის სანაპიროზე ერთი მუჭა ქვიშის ტოლფასია, დიდ სურათში თუ შევხედავთ. მისი ცხოვრება, მისი შვილების ცხოვრება შეიძლება შეუძლებელი გახდეს, მისი კომპანიების საქმიანობა შეიძლება შეუძლებელი გახდეს. ამიტომაც მგონია, რომ თავის თავზე დიდ თამაშს თამაშობს და სჯერა, რომ იმაზე ჭკვიანია, ვიდრე – სინამდვილეში. ის ძალიან დააზიანებს საკუთარ თავს და პარალელურად ის ძალიან დააზიანებს საქართველოსაც.

- ფადი, როგორ გგონიათ, დარჩა დრო დუმილისთვის, არამკაფიო განცხადებებისთვის, შუაში დგომისთვის – მაგალითად: არ გაგვიგია დასავლურ ქვეყნებში ჩვენი ელჩების ხმა, არ გაგვიგია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხმა, თქვენ უკვე აღნიშნეთ ბიზნესი ..

- საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ხმას არ ამოიღებენ – მათი მფლობელები სახელმწიფოები არიან, უცხო ქვეყნის მთავრობები არიან – მათ მთავრობებს უნდა ჰქონდეთ ჯერ მკაფიო პოზიცია, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა ინსტრუქცია უნდა მიიღონ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოიქცნენ და რა ტიპის განცხადებები გააკეთონ. ამდენად, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები სულ ბოლოები ამოიღებენ ხმას. იქამდე – ისინი გააგრძელებენ არსებულ პროგრამებს. ელჩებს რაც შეეხება – ისინი სახელმწიფოს წარმოადგენენ, თავიანთ მთავრობას წარმოადგენენ – ისინი მთავრობის ინსტრუქციებზე არიან დამოკიდებულები. რა თქმა უნდა, ლოგიკური იქნებოდა ამ ვითარებაში – დასავლეთის ქვეყნებში საქართველოს ელჩები გადამდგარიყვნენ – როგორ შეიძლება დაიცვა ის, რის დაცვაც შეუძლებელია? თუმცა, ელჩებიც – მათი უმრავლესობა, ბიზნემენებივით არიან – აკეთებენ ფულს, მოსწონთ დროშიანი შავი მერსედესები, რომლითაც მოძრაობენ, ვილებში ცხოვრობენ – დავიცადოთ ოქტომბრამდე და ვნახოთ რა მოხდება. სამწუხაროდ, ეს ძალიან ქართული მენტალობაა. რაც სამწუხაროა.

- დავასრულოთ ჩვენი საუბარი. რა გინდათ, რომ მთავარ გზავნილად დარჩეს დღეს ჩვენს მაყურებელს ამ ინტერვიუდან?

- გზაგასაყარზე ვართ – ან ნორმალურ სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდებით, მაღალი კეთილდღეობით და ერთ სულზე მთლიანი შიდა პროდუქტით, ან ვიქნებით შეუმდგარი სახელმწიფო რუსეთის ქოლგის ქვეშ. ყველამ უნდა დაიჭიროს დღეს მხარე. უnდა აირჩიოს პოზიცია. დრო არ გვაქვს – ახლა წყდება ყველაფერი. ქართველებმა უნდა აირჩიონ მხარე. ვისაც რუსეთთან უნდა, არ მაქვს პრობლემა – მათი არჩევანია – მაგრამ ჩემი ცხოვრების გამოცდილებით ვიტყვი, რომ არ არსებობს ეკონომიკური კეთილდღეობა, სიღარიბის დაძლევა საქართველოში – თუ რუსეთთან დავრჩებით. დავრჩებით ღარიბები ათწლეულების, თუ არა ასწლეულების განმავლობაში. ეს არის ჩემი მთავარი გზავნილი ქართველებისთვის – რომ მიიღონ გადაწყვეტილება და საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობა საკუთარ კეთილდღეობაზე წინ დააყენონ. იფიქრონ თავიანთი შვილების და შვილიშვილების მომავალზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები