სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა 2025 წლის ნოემბრის საწვავის შესყიდვების კონტრაქტები მთავრობისთვის. დოკუმენტაციის თანახმად, ნოემბრის საწვავის შესყიდვის ფასი ლიტრზე დაახლოებით 11 თეთრით შემცირდა.
კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში მთავრობა რეგულარის მარკის საწვავს "სოკარისგან" ყიდულობს, პრემიუმს "რომპეტროლისგან", ხოლო ევრო დიზელსა და სუპერს კი "ვისოლისგან".
საწვავის კატეგორიების მიხედვით ფასები ასე ნაწილდება:
- რეგულარი - 2.25 ლარი, ოქტომბრის ფასი 2.36 ლარი;
- პრემიუმი - 2.27 ლარი, ოქტომბრის ფასი 2.38 ლარი;
- სუპერი - 2.56 ლარი, აპრილის ფასი 2.67 ლარი.
საქართველოს მთავრობა - სამინისტროები და საჯარო უწყებები საწვავს კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე ქვეყანაში მოქმედი ძირითადი ნავთობკომპანიებიდან ყიდულობენ. მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შესასყიდი ფასი, ყოველთვიურად, სპეციალური ფორმულის საფუძველზე ახლდება.
კონტრაქტის მიხედვით, ფასი განისაზღვრება თვის დასაწყისში, წინა თვეში არსებული საშუალო ფასებიდან გამომდინარე. კერძოდ, ხელშეკრულება ეფუძნება თვის განმავლობაში PLATTS EUROPEAN MARKET-ზე დაფიქსირებულ ტონა ბენზინის საშუალო ფასს, ასევე ლარის გაცვლით კურსს, აქციზის და დღგ-ს გადასახადებს. ამ მდგენელებიდან ყოველთვიურად მხოლოდ ორი იცვლება, ესაა Platts-ის ფასი და ლარის კურსი.
ამასთან, კონტრაქტის თანახმად, ფასის გადაანგარიშება ყოველთვიურად ხდება და თუკი ფასის სხვაობა წინა თვესთან შედარებით 3%-ს გადააჭარბებს ის ახალი ფასით იცვლება, 3%-ზე ნაკლები სხვაობის შემთხვევაში კი ავტომატურად წინა თვის ფასი ნარჩუნდება.
ოქტომბერში Platts-ის ფასი 675 დოლარამდე შემცირდა, რამაც ფასის კლება განაპირობა.
რაც შეეხება ფასებს საცალო ბაზარზე, აქ რეგულარის ფასი ლიტრზე 2.95-3.10 ლარის ფარგლებშია, პრემიუმის ღირებულება 3.15-3.20 ლარის ფარგლებშია, ხოლო სუპერის ფასი კი 3.55-3.70 ლარის ფარგლებში მერყეობს.
























