"ქართული ოცნების" მთავრობაში ჯერ ვერ ამბობენ, ₾52.5 მილიონის ეკონომიისთვის სახელმწიფო საწარმოებიდან რამდენს კადრს/თანამშრომელს გაუშვებენ ან უკვე გაუშვეს.
საქმე ის არის, რომ დღეს, 3 ივნისს ირაკლი კობახიძემ 2022 წელს დაანონსებული სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების პროცესის დაწყება, კიდევ ერთხელ დააანონსა. მისი განცხადებით, საქართველოს რკინიგზასა და ენერგეტიკის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საწარმოთა შტატების ოპტიმიზაციის შედეგად წელს 52,5 მილიონი ლარი დაიზოგება.
კერძოდ, მისი თქმით, ოპტიმიზაციის შედეგად საქართველოს რკინიგზაში 36 მილიონი ლარი დაიზოგება, ხოლო ენერგეტიკის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საწარმოებში – 16,5 მილიონი ლარი.
ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისიც აღინიშნა, რომ სახელმწიფო შპს-ებსა და სსიპ-ებში ასევე არსებობს პოტენციალი მსხვილი ოპტიმიზაციისთვის და შესაძლოა, ოპტიმიზაციის შედეგად წლიურმა ეკონომიამ 100 მილიონ ლარსაც გადააჭარბოს.
BM.GE-მ მთავრობის ადმინისტრაციას მიმართა კითხვით, რამდენი ადამიანი გაუშვეს ოპტიმიზაციის ფარგლებში სამსახურიდან და რამდენი ადამიანის გაშვებაა დაგეგმილი, მაგრამ უწყებაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე დამატებით ვერაფერს იტყვიან.
საშტატო ოპტიმიზაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, BM.GE საქართველოს რკინიგზას და ენერგოკომპანიებსაც დაუკავშირდა. ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.




























