მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობის $129,800-იანი დაკვეთა White & Case-სს ანაკლიის პორტზე - დედლაინი 20 დეკემბერი

5dc5790dd9455
შოთა ტყეშელაშვილი
08.11.19 18:28
4597
საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ საერთაშორისო იურიდიული კომპანია White & Case-ის პარიზის ოფისს ახალი დაკვეთა მისცა. 2019 წლის 29 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, იურისტებმა უნდა განიხილონ ის წინადადებები, რომლებიც სახელმწიფოს ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა და საერთაშორისიო საფინანსო ორგანიზაციებმა წარუდგინეს. ამასთანავე, White & Case-სს ევალება, რომ მთავრობასთან შეთანხმებით მოამზადოს საინვესტიციო ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილებების დრაფტი და ასევე მოამზადოს საკუთარი იურიდიული შეფასება მთავრობის მიერ ორგანიზაციისთვის გაგზავნილ წერილებთან დაკავშირებით.

ხელშეკრულების პირობების მიხედვით, აღნიშნული მომსახურება White & Case-მა 2019 წლის 20 დეკემბრამდე უნდა გასწიოს.

საქართველოს მთავრობა ამ სერვისში 129,800 დოლარს გადაიხდის. კონტრაქტს ხელს ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული “ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების სააგენტოს” ხელმძღვანელი დავით ჯავახაძე აწერს.

ხელშეკრულების მეორე თავში კონტრაქტის პირობების შესახებ შემდეგი ჩანაწერი არის გაკეთებული:

თავი 2 - შესასრულებელი სამუშაოს აღწერა:

შესასრულებელი სამუშაოს აღწერა მოიცავს, თუმცა არ შემოიფარგლება მხოლოდ ამ პუნქტებით:

  • კლიენტმა სააგენტოს მოთხოვნების შესაბამისად, საინვესტიციო შეთანხმებაში შესატანი ცვლილებები უნდა მოამზადოს; 
  • მოამზადოს საკუთარი შეფასება ინვესტორებისა და კონსორციუმის მიერ საინვესტიციო შეთანხმებაში შესატანი ცვლილებების შესახებ; 
  • მოამზადოს რეკომენდაციები, კომენტარები და შეფასებები საინვესტიციო შეთანხმებაში შესატანი ცვლილებების შესახებ; 
  • ასისტენტირება გაუწიოს (მონაწილეობა მიიღოს) ინვესტორს, საინვესტიციო ბანკებსა და სახელმწიფოს შორის საინვესტიციო ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილებების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებში; 
  • მოთხოვნის შემთხვევაში დაესწრონ დისკუსიებსა და შეხვედრებს; 
  • დაეხმარონ სააგენტოს საინვესტიციო ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილებების ფინალიზებაში; 
  • სააგენტოს მიერ მოთხოვნის შემთხვევაში მიმოიხილონ ნებისმიერი კორესპონდენცია, საინვესტიციო ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილებების შესახებ და მოამზადონ იურიდიული შეფასებები და რეკომენდაციები. 

კონტრაქტი საქართველოს მთავრობასა და White & Case-ს შორის:



6 ნოემბერს, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ სახელმწიფო ინვესტორის კომერციული რისკის დაზღვევას საკუთარ თავზე ვერ აიღებს. შესაბამისად, მთავრობა უარს ამბობს ამ მიმართულებით შევიდეს ცვლილება საინვესტიციო შეთანხმებაში. 

„სახელმწიფო ვერ აიღებს საკუთარ თავზე კომერციული ინვესტორის კომერციული რისკების დაფარვას დაზღვევის გარანტიის თუ რაიმე სხვა სახით“, - ასე უპასუხა საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა bm.ge-ის კითხვას, რომელიც ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მიერ სახელმწიფოსთვის ზაფხულში შეთავაზებულ ახალ მექანიზმს შეეხებოდა. 

ცნობისთვის: საქართველოს მთავრობას White & Case-სთან მიმდინარე ხელშეკრულება აქვს. 2019 წლის მარტში ხელისუფლებამ ორგანიზაციას სხვა მომსახურებებთან ერთად ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით დადებული საინვესტიციო შეთანხმების გაწყვეტის იურიდიული ეფექტების შესწავლა დაავალა. აღნიშნული კონტრაქტის ღირებულება $80,000 იყო.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები