"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დეპუტატ რომან გოცირიძის განცხადებით, მთავრობის გეგმა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის დაფინანსებაში საპენსიო ფონდი ჩაერთოს, მავნებლობაა.
საქმე ის არის, რომ მთავრობას აქვს ინიციატივა, საპენსიო ფონდის აქტივებში ინვესტირების პროცესში ცვლილებები შეიტანოს და ფონდს უფრო მაღალი რისკის დაბანდებების განხორციელება შეეძლოს. ამას საპენსიო ფონდის “მანდატის გაფართოება” ეწოდება და მის შედეგად, საპენსიო ფონდი აქტივების მმართველი ფონდიდან საკრედიტო ორგანიზაციად შეიძლება გარდაიქმნას. საუბარია პროექტებისთვის პირდაპირი სესხების გამოყოფაზე, თუკი მათ ფინანსირებაში საერთაშორისო დონორებიც არიან ჩართული.
რომან გოცირიძე აღნიშნავს, რომ საპენსიო ფონდის შესახებ კანონში შესატანია ცვლილება, რომელიც ფონდის სახსრების სახელმწიფო კომპანიებში ინვესტირებას აკრძალავს. ამის მიზეზად რომან გოცირიძე ასახელებს იმ გარემოებას, რომ სახელმწიფო კორპორაციები ხშირ შემთხვევაში ზარალზე არიან, რაც მოქალაქეთა დანაზოგების გაფლანგვის რისკებს ქმნის.
“მთავრობის განცხადება, რომ ანაკლიის ასაშენებლად გამოიყენებენ საპენსიო ფონდის ფულს, არის მავნებლობა. სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოები რა მდგომარეობაშია, ყველას კარგად მოეხსენება. სულაც იდეალურადაც რომ წარიმართოს ანაკლიის ბიზნესი (რაც სახელმწიფოს ხელში საეჭვოა), მსგავსი პროექტები, ისევე როგორც მსხვილი ჰიდროელექტროსადგურები, ირიენტირებული არიან დანახარჯების ხანგრძლივ პერიოდში ამოღებაზე. დივიდენდის განაწილება ანუ საპენსიო ფონდის ფულზე პროცენტების დარიცხვა შეიძლება ორი ათეული წლის შემდეგ მოხდეს ან სულაც არ მოხდეს. ამ ხნის განმავლობაში ფონდი და შესაბამისად პენსიონერები კარგავენ კოლოსალურ შემოსავალს. ესაა როგორც რისკები, ასევე ფულის მოცდენა.
მთავრობა ხვდება, რომ ანაკლიის პროექტში ვერც ინვესტორს მოიძიებს და ვერც სესხის აღებას მოახერხებს, ამიტომ მიადგა პენსიონერების დანაზოგებს, რომელიც ისედაც შეუჭამა ინფლაციამ.
საპენსიო ფონდის შესახებ კანონში უნდა შევიდეს ცვლილებები, რომელიც მაქსიმალურად შეზღუდავს სახელმწიფო საწარმოებში ფონდის სახსრების ჩადებას, რათა დაცული იქნას პენსიონერები არაკომპეტენტური ჩინოვნიკების ხუშტურებისაგან, რომლებიც დღეს არიან ხელისუფლებაში და ხვალ არა,”- წერს საკუთარ Facebook-ზე რომან გოცირიძე.
საპენსიო ფონდის “მანდატის გაფართოებას” და მსხვილი პროექტების (ჰესების; პორტების) მშენებლობის პირდაპირ დაფინანსებას ეწინააღმდეგება საპენსიო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ლევან სურგულაძეც.
გადაცემა "საქმიან დილაში" დაახლოებით სამი კვირის წინ სტუმრობისას აღნიშნა, რომ ეს ცვლილება ზედმეტად დიდ რისკს წარმოადგენს ფონდისთვის.
სურგულაძის განცხადებით, ფონდმა მხოლოდ ფასიან ქაღალდებში უნდა ჩადოს თანხა და მან ახალი პროექტების დასაფინანსებლად პირდაპირი სესხები არ უნდა გასცეს.
„ინვესტიცია უნდა განხორციელდეს ფასიან ქაღალდებში. ნებისმიერი პირდაპირი ინვესტიცია ნებისმიერ კერძო ფონდებში, თუ მას არ აქვს საჯარო ფასიანი ქაღალდები გამოშვებული, არ აკმაყოფილებს რეიტინგებს და ა.შ. ასეთი ინვესტიციები დაუშვებელია კანონმდებლობით, რასაც ვეთანხმები. არანაირ ჰესებში, თუ ეს არის ახალი ჰესი, მე არ ვთვლი, რომ საპენსიო სააგენტოს ფულით დაფინანსება უპრიანია. რაც შეეხება იპოთეკით უზრუნველყოფილ ობლიგაციებში ინვესტირებას. მიმაჩნია, რომ თუ ამ ობლიგაციებს ექნებათ მისაღები საკრედიტო რეიტინგი, ეს არის კარგი ინსტრუმენტი, დაბალრისკიანი, გავრცელებულია დასავლურ ბაზრებზე. ოღონდ კანონშია ცვლილება განსახორციელებელი", - განაცხადა ლევან სურგულაძემ.
ინფორმაციისთვის, ამჟამად საპენსიო ფონდის ზომა 2.87 მილიარდ ლარს აჭარბებს. საპენსიო აქტივები განაწილებულია სხვადასხვა ქართულ კომერციულ ბანკში, საქართველოს და უცხოურ სახაზინო ფასიან ქაღალდებსა და საერთაშორისო აქციებში. კონკრეტულად: 65.4% განთავსებულია სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან დეპოზიტებში, 3.5% სარგებლიან ანგარიშებში, 8.0% საერთაშორისო აქციებში, 13.5% ქართულ სახელმწიფო სახაზინო ფასიან ქაღალდებში, 8.7% აშშ-ის სახაზინო ვალდებულებებში და 0.9% ევროობლიგაციებში.




























