პეკინში საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მე-8 სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი და ჩინეთის კომერციის მინისტრის მოადგილე ლინგ ძი ხელმძღვანელობდნენ.
ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კომისიის თანათავმჯდომარეებმა თავიანთ გამოსვლებში აღნიშნეს, რომ შეხვედრა კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას, ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას და პარტნიორობას სხვადასხვა სექტორული მიმართულებით.
კომისიის სხდომის დღის წესრიგის თანახმად, მხარეთა მიერ განხილულ იქნა საკითხების ფართო სპექტრი: სავაჭრო-ეკონომიკური სფერო, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის გაღრმავების პერსპექტივები, საინვესტიციო ურთიერთობები, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა და ინფრასტრუქტურა, საინფორმაციო ტექნოლოგიები და ინოვაციები, ტურიზმი, და სხვა.
ლევან დავითაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სხვადასხვა მიმართულებით ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტი რესურსი არსებობს.
„ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ნაყოფიერი და წარმატებული ურთიერთობა შესაბამისად აისახება ორმხრივი ვაჭრობის სტატისტიკაზე. 2023 წლის რვა თვის მონაცემებით სავაჭრო ბრუნვის მიხედვით, ჩინეთი იკავებს მე-4 ადგილს საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის 7.8%-იანი წილით. საქართველომ გაატარა ინსტიტუციური და სტრუქტურული რეფორმები და შექმნა ბიზნესისთვის ხელსაყრელი, ლიბერალური საგადასახადო სისტემა და ეფექტური სამართლებრივი ბაზა. საინვესტიციო გარემოსა და ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით საქართველო რჩება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ქვეყნად და აგრძელებს მუშაობას პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე. ჩვენი მთავრობის დიდი ინტერესია, მოიზიდოს მეტი ჩინური კომპანია და ინვესტიცია საქართველოში“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ამასთან, ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის დაწესება, პირდაპირი ფრენების განახლებასთან ერთად კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საქართველო-ჩინეთის პარტნიორობის გაღრმავებას.
საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის თანათავმჯდომარეებმა სხდომის ოქმს მოაწერეს ხელი - მასში ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები აისახა. კომისიის შემდეგი სხდომა საქართველოში ჩატარდება.