მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ არ დატოვა ვიცე-პრემიერმა ფორუმი, რომელსაც პუტინიც ესწრებოდა? - დავითაშვილის პასუხი

ეკონომიკის სამინისტრო
BM. GE
31.10.23 23:24
34

ჩვენ ვიცავდით დიპლომატიურ პროტოკოლს, მაგრამ ამავე დროს ჩვენ გაგვაჩნია ჩვენი მიუღებლობა ოკუპაციის მიმართ, - ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი ჩინეთში გამართულ ფორუმში მონაწილეობის ფაქტს, რომელსაც ასევე რუსეთის პრეზიდენტი ესწრებოდა.

მინისტრის მოსაზრებით, ჩინეთის ფორუმში მონაწილეობა ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესს არ დააზიანებს.

„ჩინეთში დავესწარით მიღებას, რომელიც გამართა პრეზიდენტმა სი ძინპინმა და იქ მისი მიწვევით ვიმყოფებოდით. ჩვენ ზუსტად ვიცავდით დიპლომატიურ პროტოკოლს, მაგრამ ამავე დროს, რა თქმა უნდა, გაგვაჩნია ჩვენი მიუღებლობა ოკუპაციის მიმართ. რაიმე სხვა ტიპის ურთიერთობა - დამატებითი შეხვედრები, „კარს მიღმა დიალოგი“ და ა.შ. ასეთი რამ არ არსებობს, ასეთი ფორმატი არ არსებობს. ეს ყველაფერი არის თითიდან გამოწოვილი სპეკულაცია, მოსახლეობის დაბნევის მორიგი მცდელობა. აქედან გამომდინარე, ჩვენი ქცევა იყო დიპლომატიური პროტოკოლის და ჩვენი პარტნიორი ქვეყნის მიმართ პატივისცემის გამოხატულება. სხვა შემთხვევაში, ეს იქნებოდა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან არასწორი დამოკიდებულება. ეს არ არის კომფორტის ზონა, ეს არის პასუხისმგებლობის ზონა. პასუხისმგებლობის ნაწილია, როდესაც ჩვენ ასეთ ან სხვა ფორუმებში ვიღებდით, ვიღებთ და მივიღებთ მონაწილეობას, რადგან ვემსახურებით საქართველოს ინტერესებს.

საქართველო აბრეშუმის გზის „ერთი გზა, ერთი სარტყელი“-ს ინიციატივის საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობს მისი დაარსების დღიდან. საქართველო რეგულარულად იყო ამ ფორუმის მონაწილე და საქართველოს დელეგაციები ყოველთვის წარმოდგენილი იყო მაღალი თანამდებობის პირების მიერ და ეს არ იყო რაიმე სიურპრიზი“, - აცხადებს მინისტრი.

ჟურნალისტის კითხვაზე, შესაძლებელი იყო თუ არა „სარტყლისა და გზის ფორუმის“ დემონსტრაციულად დატოვება, მან უპასუხა, რომ ეს დიპლომატიური პროტოკოლის დარღვევა იქნებოდა.

„რა თქმა უნდა, ეს იქნებოდა არამხოლოდ დიპლომატიური პროტოკოლის დარღვევა, რაც შეიძლება მოვახდინოთ. ეს არ არის მთავარი, რაღაცა დიდი დანაშაული ან პრობლემა. შეიძლება, რაღაცებზე ვთქვათ უარი, მაგრამ ეს იქნებოდა, პირველ რიგში, არა კონკრეტულად რომელიმე ქვეყნის ინტერესების დაზიანება, ამით ჩვენ ვერავის ინტერესებს ვერ დავაზიანებდით, მაგრამ ეს იქნებოდა მნიშვნელოვნად საქართველოს და ჩინეთის ურთიერთობის დაზიანება და ჩვენ ვავნებდით ჩვენს ურთიერთობებს. ეს იქნებოდა მნიშვნელოვანი უპატივცემულობა, რაც ბევრ ოპონენტს უნდა, რომ საქართველოს ინტერესები დაზიანდეს. მიუხედავად ბულინგის მცდელობისა, რომელიც დღეს და ამ დღეების განმავლობაში მიმდინარეობს, ჩვენ ჩვენს პოზიციას არ გადავუხვევთ. ჩვენ ვიქნებით ჩვენი ხალხის ინტერესების დამცველი“, – განაცხადა დავითაშვილმა.

მინისტრის მოსაზრებით, აღნიშნული ფაქტი ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესს არ დააზიანებს.

„ინტეგრაციის პროცესს ეს არამც და არამც არ დააზიანებს. ჩვენ ვართ გულწრფელი, ღია ჩვენს სტრატეგიულ, მათ შორის დასავლეთელ პარტნიორებთან, ევროკავშირის წევრებთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ჩვენ დამალულად არაფერს ვაკეთებთ, ყველაფერს ვაკეთებთ ღიად და დიალოგის რეჟიმში, გაზიარებული გვაქვს ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან ზოგადად ჩვენი გადაწყვეტილებები და ვართ კოორდინაციაში მათთან. ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები, მათ შორის ევროკავშირის ლიდერები ესწრებოდნენ ამ ფორუმს და არამხოლოდ ამ ფორუმს - თქვენ იცით, რომ სხვადასხვა ფორმატის ფარგლებში მათ აქვთ ძალიან ინტენსიური დიალოგი, მათ შორის ჩინეთის ხელისუფლებასთან იგივე G20-ის და სხვა საერთაშორისო ფორმატებში“, - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა და დასძინა, რომ საქართველოს მონაწილეობა ყოველ ასეთ ფორმატში მხოლოდ ქვეყნის ინტერესებს ემსახურება.

ცნობისთვის: 18 ოქტომბერს გამართული სარტყლისა და გზის ფორუმის ჩანაწერებიდან ფოტოები "ტაბულამ" გაავრცელა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები