საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის (AFET) დელეგაციას შეხვდა. მთავრობის მეთაურმა თავდაპირველად ევროპარლამენტარ დევიდ მაკალისტერთან პირისპირ შეხვედრა გამართა, რის შემდეგაც მოლაპარაკება გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი მიესალმა ევროპელი დეპუტატების ვიზიტს საქართველოში და ხაზი გაუსვა მის მნიშვნელობას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში, აგრეთვე რეგიონში არსებული ვითარების ფონზე.
"საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივას. ყურადღება დაეთმო ევროპული საბჭოს 23 ივნისის ისტორიულ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ, როგორც იმ პროგრესის აღიარებას, რომელსაც საქართველომ მიაღწია დამოუკიდებლობის აღდგენიდან 3 ათწლეულის განმავლობაში, გარდამავალი დემოკრატიის პირობებში.
პრემიერმა აღნიშნა, რომ სამწუხაროა ის დიფერენცირებული მიდგომა, რომელიც გამოიყენეს საქართველოს მიმართ, როდესაც ქვეყანას არ მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად, თუმცა საქართველოს მთავრობამ ფაქტობრივად უკვე დაიწყო ევროპის საბჭოს 23 ივნისის გადაწყვეტილებით გათვალისწინებული 12 პრიორიტეტის განხორციელება. მისივე თქმით, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების განსახორციელებლად უმნიშვნელოვანესია ინკლუზიური პროცესი და ყველა შესაბამისი დაინტერესებული მხარის ჩართულობა, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეს არის საერთო პასუხისმგებლობა, რომელიც ყველამ უნდა გაიზიაროს ქვეყნის შიგნით.
შეხვედრისას ითქვა, რომ საქართველო აგრძელებს ასოცირების შესახებ შეთანხმებისა (AA) და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA), ისევე როგორც 2021-2027 ასოცირების ახალი დღის წესრიგით განსაზღვრული ვალდებულებების იმპლემენტაციას.
ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ რეგიონებში როგორც ჰუმანიტარულ, ისე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე. აღინიშნა ევროპარლამენტის მხარდაჭერა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და გამოითქვა იმედი, რომ ევროკავშირი ყველა შესაბამის ფორმატში დააყენებს აღნიშნულ საკითხს. აგრეთვე, პრემიერმა ხაზი გაუსვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ეფექტიანად გამოყენების მნიშვნელობას. მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ხელისუფლების ერთგულება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისადმი.
ითქვა, რომ საქართველო რჩება ევროკავშირის საიმედო პარტნიორი და ერთგული კონტრიბუტორი მიმდინარე ოპერაციებში.
საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს და ზოგადად, რეგიონში არსებულ ვითარებას, რომელსაც გავლენა აქვს საქართველოზე.
აგრეთვე, ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ევროპარლამენტის მხრიდან - ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი და კომიტეტის წევრები - ზელიანა ზოვკო, სვენ მიქსერი, ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი, ტიერი მარიანი და ასიტა კანკო, ხოლო საქართველოს მხრიდან - საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ",-ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.