მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობის მიერ დაანონსებულ “სპეციალურ ფინანსურ ზონაში”, სავარაუდოდ, უცხოური Common Law იმოქმედებს

61e52ede646d4
შოთა ტყეშელაშვილი
17.01.22 22:07
1805
საქართველოს მთავრობა ახალი ტიპის თიზ-ს ქმნის, “სპეც. ფინანსური ზონა” 110 ჰექტარზე თბილისსა და გონიოში განთავსდება. ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სპეც. ფინანსურმა ზონებმა საქართველოს რეგიონული ფინანსური ცენტრის სტატუსი უნდა მოუტანოს. ამისთვის კი ჯერ საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო, ხოლო ამ ფინანსური ცენტრების მოდელთან დაკავშირებით მთავრობას კონსულტაციებს Rothschild-ის საინვესტიციო ჰოლდინგი გაუწევს, რომელთანაც მთავრობამ კონტრაქტი 16 დეკემბერს გააფორმა.

როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, ამ ზონაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით “საერთო სამართალი” (Common Law) იმოქმედებს, რაც თავისმხრივ ანგლო-ამერიკული სამართალს წარმოადგენს და მისი საქართველოს ტერიტორიაზე ნაწილობრივი დანერგვისთვის სპეციალური საკანონმდებლო ცვლილებებია საჭირო. შეგახსენებთ, მსგავსი მოდელის სამართლის სისტემის დანერგვა იგეგმებოდა თავის დროზე ქალაქ “ლაზიკაში”, ხოლო შემდგომ “ანაკლიის პორტსა და ანაკლია სითიში”. თუმცა მთავრობის ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ ამ მიმართულებით, ისევე როგორც თავად პორტის მშენებლობის მიმართულებით, პროცესი გაჩერდა.

ამ დროისთვის უცნობია უშუალოდ რა საგადასახადო შეღავათების დაწესება უნდა მთავრობას ახალი ტიპის საინვესტიციო ზონაში.

"გავაფორმეთ ხელშეკრულება Rothschild-ის ფინანსურ ჯგუფთან, მივიღეთ გადაწყვეტილება და ეკონომიკის მინისტრს მინდა დავავალო, რომ გაუწიოს კოორდინაცია ამ პროცესს, მომზადდეს და წარუდგინოს საქართველოს მთავრობას საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი. ჩვენი სურვილია ქვეყანაში შევმქნათ ისეთი სისტემა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს რეგიონულ ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბებას. გვაქვს ორი იდეა, ესეიგი ორი ფინანსური ცენტრის შექმნის იდეა, რომ შეიქმნას თბილისის ფინანსური ცენტრი თბილისის ზღვასთან. 110 ჰექტარი მიწის ფართობზე განთავსდება სავარაუდოდ, ეს ცენტრი. ქვეყნის და რეგიონის გამორჩეული ფინანსური ცენტრი უნდა გახდეს ეს ტერიტორია. ანალოგიური ცენტრის ჩამოყალიბება იგეგმება აჭარაში, გონიოს ტერიტორიაზე. გონიოში ჩვენ უფრო მულტიფუნქციური ცენტრის ჩამოყალიბებას ვგეგმათ და დავიწყეთ უკვე ამაზე მუშაობა. აქვე გვინდა, რომ შევქმნათ ფინანსური ცენტრი.

სპეციალური ფინანსური ზონები საერთაშორისო კომპანიებს შესთავაზებენ საერთო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებულ სამართლებრივ რეჟიმს, ასევე საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებულ რეგულატორულ და ფისკალურ რეჟიმებს. რაც მთავარია, ამ ზონებში მოქმედი კომპანიების თანამშრომლების ნახევარზე მეტი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე. ამ ცენტრების შექმნაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი მნიშვნელობის საერთაშორისო კომპანიები, ისეთები როგორიცაა Rothschild-ის კომპანია.

ეს ცენტრები ორიენტირებული იქნება ფინტექებზე, აქტივების მმართველ კომპანიებზე, ტრეიდინგით დაკავებულ კომპანიებზე და ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში ჩვენი ვარაუდია, რომ ეს შეუწყობს ხელს კაპიტალის ბაზრის განვითარებას,"- განაცხადა ღარიბაშვილმა.

ასევე უცნობია თუ როდის წარადგენს Rothschild & Co სპეც. ფინანსური ზონების შესახებ მომზადებულ ხედვას. უცნობია როდის იგეგმება საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები