მთავრობის ფასდაკლებული მიწები ზოგიერთ რეგიონში მაინც ძალიან ძვირი ღირს - ამის შესახებ გადაცემა “საქმის კურსს” ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილემ რატი კოჭლამაზაშვილმა განუცხადა.
საქმე ეხება სახელმწიფო პროგრამას, რომელიც მთავრობამ გასული წლის მაისში გამოაცხადა და რომლის ფარგლებშიც, სახელმწიფოს მოიჯარეებს სასოფლო-სამეურნეო მიწების გამოსყიდვა 25%-იანი ფასდაკლებით შეუძლიათ. ეს არის ის სახელმწიფო სავარგულები, რომლებითაც ფერმერები წლებია სარგებლობენ, თუმცა მათ საკუთრებაში არ არის. პროგრამის მიზანია, მიწების საკუთრებაში გადაცემით გაიზარდოს ამ სექტორის საინვესტიციო მიმზიდველობა, შედეგად ქვეყანაში დაუმუშავებელი მიწა არ დარჩეს.
ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ bm.ge-სთვის მიწოდებული ინფორმაციით, ამ დრომდე სახელმწიფოსგან 64 სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთია გამოსყიდული. ეს მაშინ, როცა ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, სახელმწიფოს სულ 2000-მდე ასეთი მოიჯარე ჰყავს.
ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე რატი კოჭლამაზაშვილი პროგრამას დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ძალიან კარგია, როცა მოიჯარეებს მიწის გამოსყიდვის შესაძლებლობა ეძლევათ, თუმცა მისი თქმით, სახელმწიფო პროექტში რამდენიმე გამოწვევა არსებობს. მათ შორის ერთ-ერთი მიწების მაღალი ფასია, რომელიც ფასდაკლების მიუხედავად, მაინც ძვირი ღირს. კოჭლამაზაშვილი ამბობს, რომ მიწას ჯერ სამხარაულის ექსპერტიზა აფასებს, შემდეგ კი ამ თანხას 25% აკლდება.
“გარკვეულ რეგიონებში ფასი იმდენად მაღალი იყო თავიდანვე, რომ 25%-იანი ფასდაკლებითაც ძალიან მაღალი ფასი დაჯდა. ეს ინფორმაცია უკვე მივიტანეთ მთავრობასთან, პარლამენტთან, რომ იქნებ მოხდეს შეფასების კრიტერიუმების გადახედვა.
მაგალითად, აჭარის მაღალმთიანეთში იჯარით გაცემული მიწები ძალიან მცირეა. ერთ-ერთი მიწა გაცემულია ჩვენს წევრზე, სწორედ მან მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ პრობლემურია ფასის საკითხი. სამხარაულის ეროვნულ ბიუროს აქვს შეფასების გარკვეული მეთოდოლოგია, რაც დაფუძნებულია საერთაშორისო პრაქტიკაზე, თუმცა ხშირ შემთხვევაში ადგილობრივი რეალობა, განსაკუთრებით რეგიონის სპეციფიკა, არ არის გათვალისწინებული.
დიდი ეჭვი გვაქვს, რომ სასოფლო მიწების ფასი შედარებულია არასასოფლო მიწების ფასებთან. ერთადერთი ეს დასკვნა გამოვიტანეთ იმდენად მაღალი იყო ეს ფასები.
მეორე გამოწვევა, რაც გამოიკვეთა პროგრამის ფარგლებში არის, რომ გარკვეულ შემთხვევებში, როცა მიწის ნაკვეთების შესასყიდად სხვადასხვა უწყების თანხმობაა საჭირო. მაგალითად, გვაქვს შემთხვევა, როცა ფერმერი ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან პასუხს ელოდება და დიდი ხანია ამის გამო შეყოვნებულია პროცესი”,- აცხადებს რატი კოჭლამაზაშვილი.




























