მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მთავრობის პოლიტიკის მიზანია მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა" - რაზე ისაუბრა დავით სონღულაშვილმა ელჩების კონფერენციაზე?

ამბასადორიალი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, "ელჩების კონფერენცია 2024” -ის ფარგლებში სამინისტროს მიერ მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

სამინისტროს ინფორმაციით, სონღულაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობამ, ბოლო 12 წლის განმავლობაში, სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისთვის, შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯები გადადგა. მისი განმარტებით, მიზანია, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, გაზარდოს ქვეყნის გავლენა გლობალურ ასპარეზსა და გლობალურ ბაზრებზე შეღწევადობაზე.

მინისტრმა თქვა, რომ მიზნის მისაღწევად აუცილებელია რეფორმების გაგრძელება, ქვეყნის რესურსებისა და პოტენციალის სრული გამოყენება, ამ მიმართულებით კი სამინისტროს გუნდი აქტიურ მუშაობას აგრძელებს.

„აგრარული დარგის განვითარებისთვის არაერთი სახელმწიფო პროგრამა განხორციელდა, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ხარისხიანი ქართული პროდუქციის წარმოება. 2025-2028 წლებში სახელმწიფოს მიერ დარგის მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. განსაზღვრულია 3 მილიარდ ლარამდე ფინანსური რესურსის გამოყოფა“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მინისტრმა პანელური დისკუსიის მიმდინარეობისას გარემოს დაცვის მიმართულებით ქვეყნის ბუნებრივი რესურსების დაცვის, მდგრადი განვითარებისა და ეკოლოგიური მდგრადობის უზრუნველყოფაზეც გაამახვილა ყურადღება.

დავით სონღულაშვილმა ქართული ღვინისა და სხვა აგროსასურსათო პროდუქციის ცნობადობის ამაღლების მიზნით დაგეგმილ მარკეტინგულ აქტივობებსა და ბაზრების დივერსიფიკაციაზე მიმართულ პროგრამებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ სამუშაოების გაწევის შემდეგ, სამინისტროს მოლოდინი აქვს, რომ 2028 წლისთვის ღვინის ექსპორტი 500 მლნ დოლარს მიაღწევს.

„საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა ეკონომიკის თავისუფლების და მაკროეკონომიკური სტაბილურობის მუდმივ გაჯანსაღებას ეფუძნება და მიმართულია ძლიერი, მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკის ჩამოყალიბებისკენ. მთავრობის პოლიტიკის მიზანია მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა და ქვეყნის გრძელვადიანი ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა, რომელიც დაეფუძნება ქვეყნის მდგრად განვითარებას და ეკონომიკური ზრდის გაძლიერებას“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები