შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ბექა ფერაძის განცხადებით, შემოწმების შედეგად შეზღუდვების გათვალისწინებული წესების დარღვევისთვის საქმიანობა 180 ობიექტს შეუჩერდა. აღნიშნულ სტატისტიკაზე მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ისაუბრა.
„2020 წლის 7 დეკემბრის მონაცემებით, საზედამხედველო უწყებების მიერ შემოწმდა ობიექტები და გაიცა 423 ზეპირსიტყვირი გაფრთხილება და საქმიანობა 180 ობიექტს შეუჩერდა.
გარდა ამისა, გრძელდება მონიტორინგის მექნიზმი უკვე შემოწმებულ ობიექტებზე, გუშინ შემოწმდა 192 ობიექტი - ისინი სრულად აკმაყოფილებდნენ მოთხოვნებს.
28 ნოემბრიდან 7 დეკემბრამდე საზედამხედველო უწყებების მიერ - შრომის ინსპექციის, შემოსავლების სამსახურისა, სურსათის ეროვნული სააგენტოს, მუნიციპალიტეტის საზედამხედველო სამსახურების და პროცესში ჩართული კრიმინალური და საპატრულო პოლიციის, ასევე, ფინანსური პოლიციის შესაბამისი სამსახურების მიერ, ჯამში, 25 121 ობიექტი შემოწმდა, სულ დაჯარიმდა 10 ობიექტი, საქმიანობა შეუჩერდა 6 152 ობიექტს და 19 000-ზე მეტი გაფრთხილებაა გაცემული.
უკვე შემოწმებული კომპანიების რემონიტორინგის შედეგად 3 410 ობიექტი შემოწმდა, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს“, - განაცხადა ფერაძემ.




























