მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შრომის ინსპექციის საკონსულტაციო ცენტრმა მაისის შემდეგ 6 200-ზე მეტი ზარი მიიღო - შედეგები

63d915dd7f030
ვიქტორია მღებრიშვილი
31.01.23 17:29
539
შრომის ინსპექციის სამსახურის საკონსულტაციო ცენტრის ცხელ ხაზზე გასული წლის მაისის შემდეგ 6 200-ზე მეტი ზარი განხორციელდა.

ცნობისთვის, 2022 წლის 2 მაისიდან, საქართველოს პროგრესული ფორუმისა და UNDP-ს ერთობლივი ძალისხმევით, შრომის ინსპექციის სამსახურში სატესტო რეჟიმში ჯანდაცვის სამინისტრომ საკონსულტაციო ცენტრი - ცხელის ხაზი აამოქმედა. მისი პრეზენტაცია დღეს გამართა, სადაც ახლად შექმნილი საკონსულტაციო ცენტრის მუშაობის პირველი შედეგები წარმოადგინეს.

უწყების ცნობით, ცენტრის მიზანი შრომის უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხების შესახებ საზოგადოების სწორი ინფორმირებაა. ცხელი ხაზი სატელეფონო კონსულტირების გზით გასცემს ინფორმაციას შრომის უფლებებისა და უსაფრთხოების მიმართულებით არსებულ სამართლებრივ საკითხებზე.

შრომის ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელის ბექა ფერაძის განცხადებით, საკონსულტაციო ცენტრის ცხელი ხაზის საშუალებით უნდა მოხდეს შრომის კანონმდებლობის დანერგვა იმგვარად, რომ შემდგომი ინსპექტირებისას სანქცირება საჭირო არ გახდეს.

„ამ პერიოდის განმავლობაში მომართვიანობა იყო როგორც დამსაქმებლებიდან, ასევე დასაქმებულთა მხრიდან. აქტივობა განსაკუთრებით ახალი რეგულაციების დაწესებისას დამსაქმებელთა მხრიდან იზრდება. იცით, რომ ევროდირექტივებზე ვმუშაობთ, რომელიც 2023-2024 წლებში იქნება იმპლემენტირებული და ამ პროცესში დამსაქმებელთა მხრიდან ინტერესი იზრდება“, - განაცხადა ფერაძემ ჟურნალისტებთან.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონსულტანტები და ოპერატორები შემოსულ ზარებს ამუშავებენ, კითხვის შინაარსის შესაბამისად, რაც გამოწვევების სწორად იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა.

„შრომის ინსპექციის საკონსულტაციო ცენტრი არის ორდონიანი საკონსულტაციო მექანიზმი, რომელიც დაკომპლექტებულია ცხელი ხაზის ოპერატორების, შრომის სამართლის კონსულტანტის, შრომის უსაფრთხოების კონსულტანტისა და ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიციებისგან.

გარდა ცხელი ხაზის ოპერატორებისა, საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერი დაინტერესებული პირი მიიღებს კონსულტაციას თავად შრომის ინსპექტორებისა და უწყების სხვა თანამშრომლებისგან“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები