მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობის ზეწოლის გამო, ჩინელი მილიარდერი ჯეკ მა Alipay-ს და Ant Group-ის დათმობას გეგმავს

62e27834f2e69
გიორგი თოლორდავა
28.07.22 15:52
2900
კომპანია Alibaba-ს დამფუძნებელი ჯეკ მა საფინანსო-ტექნოლოგიური ჰოლდინგის Ant Group-ის და Alipay-ს დათმობას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ წყაროებზე დაყრდნობით The Wall Street Journal ავრცელებს.

2019-2020 წლებში ჯეკ მა ჩინეთის უმდიდრესი ადამიანი იყო და მისი ქონება $60-მილიარდიან ნიშნულს აღწევდა, თუმცა მმართველ კომუნისტურ მთავრობასთან საჯაროდ დაპირისპირების შემდეგ, მა უმწვავესი პოლიტიკური ზეწოლის წინაშე აღმოჩნდა.

ჯეკ მას მრავალმილიარდიანი ბიზნესიმპერიის დაღმასვლა 2020 წლის 24 ოქტომბერს დაიწყო, როდესაც მან საჯარო კონფერენციაზე ჩინეთის მთავრობა და მარეგულირებელი ორგანო გააკრიტიკა და მათ პოლიტიკას „შემზღუდავი“ უწოდა.

მისი სიტყვით გამოსვლიდან რამდენიმე დღეში Ant Group-ის $37 მილიარდიანი პირველადი საჯარო შეთავაზება (IPO), რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი გარიგება უნდა ყოფილიყო, ჩინეთის მთავრობამ დაბლოკა. ამის შემდეგ, მისი კომპანიების წინააღმდეგ აღიძრა არაერთი საქმე და დაიწყო მრავალწლიანი საგამოძიებო პროცესი, რომლის ფარგლებში მარეგულირებელმა ორგანომ კომპანია Alibaba რეკორდული 2.8 მილიარდი დოლარით დააჯარიმა.

2021 წლის მარტში მამ საბოლოოდ დაკარგა ჩინეთის უმდიდრესი ადამიანის სტატუსი, ამჟამად კი ის Forbes-ის რეიტინგში $25-მილიარდიანი ქონებით 56-ე ადგილამდეა ჩამოქვეითებული.

WSJ-ის ცნობით, ჯეკ მას მფლობელობაში არსებული ჰოლდინგი საბოლოოდ დათმობს Ant Group-ის 50.52%-იან წილს და სამმართველო პაკეტს სხვა აქციონერებს გადასცემს. გარიგების ზუსტი დეტალები უცნობია, თუმცა წყაროები იუწყებიან, რომ აღნიშნული ქმედებით ჯეკ მა საბოლოოდ ჩამოშორდება Ant-ის მმართველობას და უკანა ფლანგზე გადაინაცვლებს.

Ant Group-ი რეგიონის მასშტაბით უმსხვილეს საფინანსო პლატფორმას Alipay-ს ფლობს, რომლითაც 1.3 მილიარდამდე მომხმარებელი და 80 მილიონამდე ბიზნესი სარგებლობს. ექსპერტების შეფასებით, საფონდო ბირჟაზე განთავსების შემთხვევაში, Ant Group-ის საბაზრო კაპიტალიზაცია $300-მილიარდიან ნიშნულს მიაღწევდა, რაც მას მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ ფინ-ტექ კომპანიად აქცევდა.

მთავრობისგან მომავალი მზარდი ზეწოლის ფონზე, სულ უფრო მეტად მცირდება ჯეკ მას ჩართულობა Alibaba-ს მართვის პროცესშიც. 2013 წელს ის კომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გადადგა, 2019 წელს კი მან საბჭოც დატოვა. ამჟამად ჯეკ მა $272-მილიარდიანი საბაზრო კაპიტალიზაციის მქონე ტექნოლოგიური გიგანტის 5%-იან წილს ფლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები