ჩინეთის სამომხმარებლო სექტორში ტრადიციული საგადახდო მეთოდები (ნაღდი ფული და საბანკო ბარათები) მინიმუმამდეა შემცირებული და ბაზარზე მობილური გადახდები დომინირებს. ამ სფეროს უმსხვილეს მოთამაშეს Alipay წარმოადგენს.
პლატფორმას 1.3 მილიარდზე მეტი რეგისტრირებული და 700 მილიონზე მეტი ყოველთვიურად აქტიური მომხმარებელი ჰყავს.
Alipay დღეს ფუნქციონირებს როგორც ე.წ. Super App-ი, რომელიც მომხმარებლებს როგორც საბაზისო ფინანსურ ტრანზაქციებს, ისე ყოველდღიური სერვისების ფართო სპექტრს სთავაზობს - ტრანსპორტის დაჯავშნიდან დაწყებული, ჯანდაცვითა და საინვესტიციო მომსახურებით დასრულებული.
როგორ შეძლო ელექტრონული კომერციის დამხმარე მარტივმა ხელსაწყომ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ ფინტექ-იმპერიად გადაქცევა?
2000-იანი წლების დასაწყისში ჩინეთში ონლაინვაჭრობა უდიდესი დაბრკოლების წინაშე იდგა: მყიდველებს უცნობი გამყიდველისთვის ფულის წინასწარ გადარიცხვის ეშინოდათ, რადგან არ იცოდნენ, მიუვიდოდათ თუ არა ნივთი ადგილზე; გამყიდველებს კი თანხის მიღებამდე საქონლის გაგზავნა არ უნდოდათ.
ამ ჩიხიდან გამოსავალი 2004 წელს Alibaba-ს დამფუძნებელმა ჯეკ მამ იპოვა, როდესაც პლატფორმა Taobao-სთვის საგადახდო სისტემა Alipay შექმნა.
კომპანიის მთავარი ინოვაცია ე.წ. ესქროუ (Escrow) მოდელი იყო: როდესაც მყიდველი ნივთს ყიდულობდა, მისი თანხა პირდაპირ გამყიდველთან კი არ მიდიოდა, არამედ Alipay-ს ანგარიშზე იყინებოდა. გამყიდველი ფულს მხოლოდ მას შემდეგ იღებდა, რაც მყიდველი დაადასტურებდა, რომ ამანათი ნამდვილად ჩაბარდა და ხარისხიანი იყო. ამ მარტივმა, მაგრამ რევოლუციურმა ნაბიჯმა ჩინელ მომხმარებლებში ონლაინშოპინგის მიმართ ნდობა გააჩინა, რამაც Alibaba-ს გაყიდვების აფეთქება და Alipay-ს მომხმარებელთა ბაზის მკვეთრი ზრდა განაპირობა.
რატომ გახდა Alipay ჩინეთში პოპულარული?
დასავლეთის ქვეყნებისგან განსხვავებით, სადაც საკრედიტო ბარათების კულტურა ათწლეულების განმავლობაში ვითარდებოდა, ჩინეთმა პლასტიკური ბარათების ეტაპი ფაქტობრივად გამოტოვა. ქვეყანა ნაღდი ფულიდან პირდაპირ მობილურ გადახდებზე გადავიდა. ამას რამდენიმე ფაქტორმა შეუწყო ხელი:
- იაფი სმარტფონები და ინტერნეტი: ქვეყანაში ციფრული რევოლუცია ხელმისაწვდომი სმარტფონების მასობრივ გავრცელებას დაემთხვა.
- QR კოდების რევოლუცია: ტრადიციული პოს-ტერმინალების დაყენება და მომსახურება მცირე ბიზნესისთვის ძვირი ჯდებოდა. Alipay-მ კი გადახდები QR კოდებზე დააფუძნა. ქუჩის გამყიდველს აღარ სჭირდებოდა ბანკის აპარატი - საკმარისი იყო უბრალო ქაღალდზე ამობეჭდილი QR კოდი, რომელსაც მყიდველი ტელეფონით ასკანერებდა და ტრანზაქცია წამებში სრულდებოდა.
- ყველაფერი ერთ აპლიკაციაში (Super-App): დროთა განმავლობაში Alipay გასცდა Taobao-ს საზღვრებს და გახდა პლატფორმა, რომელიც მოიცავს ცხოვრების ყველა სფეროს - მეტროთი მგზავრობიდან დაწყებული, რესტორნის ანგარიშის გასწორებით დასრულებული.
როგორ მდიდრდება Alipay? ბიზნესმოდელი
კომპანიის შემოსავლის ნაკადები სამ ძირითად საყრდენზე დგას:
"ესქროუ" და ტრანზაქციების საკომისიო:
რიგითი მომხმარებლებისთვის და მცირე გადარიცხვებისთვის სერვისი უფასოა, თუმცა მსხვილ ტრანზაქციებზე (20 000 იუანზე, ანუ დაახლოებით 3 000 დოლარზე მეტი) სავაჭრო ობიექტებს 0.1%-იანი საკომისიო ეკისრებათ. ეს ტარიფი გაცილებით დაბალია დასავლურ ქვეყნებთან შედარებით (მაგალითად, PayPal-თან, რომელიც ხშირად 3%-მდე ითხოვს), რაც ბიზნესს სისტემაში დარჩენისკენ უბიძგებს. მილიარდობით ტრანზაქციის პირობებში, ეს მცირე პროცენტიც კი კოლოსალურ მოგებას აგენერირებს.
დამატებითი და დამხმარე სერვისები:
პლატფორმის მეშვეობით მომხმარებლები იხდიან კომუნალურ გადასახადებს, ყიდულობენ მატარებლისა და თვითმფრინავის ბილეთებს, აფორმებენ დაზღვევას და ა.შ.
პროდუქტისა და სერვისის მიხედვით, Alipay სავაჭრო ობიექტებსა და მომსახურების მომწოდებლებს საშუალოდ 0.55%-იან საკომისიოს აჭრის.
განვადებისა და მიკროკრედიტების პროცენტი:
Alipay მომხმარებლებს მოქნილ საკრედიტო ხაზსაც სთავაზობს (მათ შორის ცნობილ სერვისს Huabei / Credit Pay), რაც პროდუქციის განვადებით შეძენის საშუალებას იძლევა. კომპანია 3-თვიან განვადებაზე 2.30%-იან საკომისიოს აწესებს, ხოლო 12-თვიან განვადებაზე - 7.50%-ს. ეს წლების განმავლობაში Alipay-ს მფლობელი ჰოლდინგის ერთ-ერთი ყველაზე მოგებიანი მიმართულება იყო.
გლობალური ექსპანსია - Alipay+
ჩინეთის საზღვრებს გარეთ Alipay-ს დამკვიდრება ჩინელი ტურისტების გლობალურ ბუმს უკავშირდება.
ჩინელი მომხმარებლების 90%-ზე მეტი მუდმივად მობილურ გადახდებს იყენებს, საზღვარგარეთ გამგზავრებისას კი 95%-ზე მეტი უპირატესობას კვლავ სმარტფონით ანგარიშსწორებას ანიჭებს. ევროპისა თუ აზიის ქვეყნებში მოგზაურობისას კი ტურისტები იგივე კომფორტს ელიან.
ამ მოთხოვნის საპასუხოდ, 2016 წელს კომპანიამ Alipay+ გაუშვა. ამან საერთაშორისო ბიზნესებს საშუალება მისცა, გადახდები ჩინური ციფრული საფულეებიდანაც მიეღოთ.
დღეს Alipay მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანასა და რეგიონში, 100 მილიონზე მეტ სავაჭრო ობიექტში მიიღება.
პარალელურად, პლატფორმა ლიდერობს ტრანსსასაზღვრო ელექტრონულ კომერციაშიც: ჩინელი მყიდველები აქტიურად ყიდულობენ საქონელს უცხოურ ონლაინმაღაზიებში, ევროპულ კომპანიებს კი ეძლევათ შანსი, საკუთარი პროდუქცია პირდაპირ ჩინეთის გიგანტურ ბაზარზე გაყიდონ, ადგილობრივი შვილობილი ფირმის რეგისტრაციის გარეშე.
დღეს Alipay ფინტექ-გიგანტის, Ant Group-ის (რომელიც Alibaba Group-ის აფილირებული კომპანიაა) ფლაგმანურ აქტივს წარმოადგენს.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ჩინეთის ხელისუფლების მიერ ტექნოლოგიურ სექტორზე რეგულაციების გამკაცრებამ და კომპანიის რესტრუქტურიზაციამ გავლენა მის ისტორიულ საბაზრო შეფასებაზე მოახდინა, Ant Group-ის ღირებულება დღეს სხვადასხვა შეფასებით 78.5 მილიარდიდან 150+ მილიარდ დოლარამდე მერყეობს.
























