სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილი მოადგილე თვლის, რომ პესტიციდების/აგროქიმიკატების ფასის რეგულირების შესახებ მთავრობის ინიციატივა ნაჩქარევია და მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, თუ რა არის ამის რეალური მიზანი: მონოპოლიების კონტროლი, ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა თუ პროცესის ზოგადი მართვა. გოჩა ცოფურაშვილი მხარს უჭერს გონივრულ და ზომიერ რეგულაციას, რომელიც დაფუძნებული იქნება ანალიზზე და რეალურად შეუწყობს ხელს ადგილობრივ წარმოებასა და ფერმერებს.
როგორც ცნობილია, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ფასი სახელმწიფო რეგულირებას დაექვემდებარება. ამას სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც ბიზნესოპერატორები, რომლებიც პესტიციდების და აგროქიმიკატების იმპორტს, დისტრიბუციასა და საბოლოო მომხმარებელზე რეალიზაციას ახორციელებენ, ვალდებული იქნებიან უზრუნველყონ მათი საქმიანობის შესაბამისობაში მოყვანა მთავრობის მიერ დადგენილი ფასის რეგულირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებთან.
ბიზნესოპერატორები, რომლებიც ახორციელებენ პესტიციდების და აგროქიმიკატების იმპორტს, დისტრიბუციასა და საბოლოო მომხმარებელზე რეალიზაციას, ვალდებული იქნებიან უზრუნველყონ მათი საქმიანობის შესაბამისობაში მოყვანა მთავრობის მიერ დადგენილი ფასის რეგულირებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებთან. პესტიციდების და აგროქიმიკატების ფასების რეგულირების ერთ-ერთი მოდელი შეიძლება იყოს: იმპორტიორის მიერ პესტიციდი შეძენილი უნდა იყოს მხოლოდ მწარმოებლისგან ან მისი ოფიციალური წარმომადგენლისგან, რათა გამოირიცხოს პარალელური იმპორტისას (საშუამავლო კომპანიებისგან შესყიდვა) ფასის ზრდა.
იმპორტიორი ვალდებული იქნება შესაბამის უწყებებს წარუდგინოს ინფორმაცია პესტიციდისა და აგროქიმიკატის ყოველი პარტიის საინვოისო ფასის, შეფუთვის ერთეულის, მისი მოცულობის, რაოდენობისა და ღირებულების შესახებ. საქართველოს მთავრობის მიერ შეიძლება განისაზღვროს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მიმდინარე წლის მაქსიმალური საცალო ფასი.
“დღეს რომ სამინისტროს კითხვა დავუსვათ, რომელ ანალიტიკაზე დაფუძნებით [მომზადდა ცვლილებები], გამზადებული აქვთ პასუხი, რომ ერთი, რომ კონკურენციის სააგენტოს აქვს დაფიქსირებული და მეორე, ფერმერებში მართლაც ძალიან ხშირია იმაზე გულისწყრომა, რომ ძალიან მაღალია ფასები და ვერ აუდიან ხარჯებს. ჩემი აზრით, ეს გადადგმული ნაბიჯი რაღაც ნაჩქარევად მეჩვენება და შესაბამისად ვთვლი, რომ პარლამენტის კომიტეტმა მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და კანონპროექტის განხილვა გადადო.
ალბათ სჭირდება ამას დრო, ვადაც, რა ფორმით უნდა იყოს კანონი ჩამოყალიბებული. ალბათ ყველაზე მთავარია, მთავრობა რა პოლიტიკას შეიმუშავებს. მთავრობას გაცხადებული აქვს, რომ იგი არის საბაზრო ეკონომიკის მიმდევარი, ლიბერალური ეკონომიკის მიმდევარი და ამ სიტუაციაში მე ცოტა გამიკვირდა მათგან ასეთი რეგულაციების მოთხოვნა. რეგულაციები შესაძლებელია მუშაობდეს, ოღონდ უნდა მუშაობდეს ძალიან კარგი ანალიტიკის შემდეგ, კარგად გააზრებული პოლიტიკის შემდეგ. ჩვენ გვინდა ზუსტად ვიცოდეთ, რას მიიღებს ფერმერი, რას მიიღებს მომხმარებელი და როგორ შევუწყობთ ხელს ადგილობრივ წარმოებას. ამის პოტენციალი არის და მე ვფიქრობ, რომ თუ კომპლექსურად მივუდგებით ამ საკითხს, შესაძლებელია რომ მივიღოთ ისეთი კანონი და ისეთი რეგულაცია, რომელიც იქნება ხელშემწყობი, ზომიერად მარეგულირებელი, მაგრამ უფრო მეტად ხელშემწყობი”,-აცხადებს გოჩა ცოფურაშვილი.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვდა, რეგულაციის ამოქმედების ვადად კი დოკუმენტში მიმდინარე წლის 1 სექტემბერია მითითებული, თუმცა პარლამენტმა კანონპროექტის საშემოდგომო სესიაზე განხილვის გადაწყვეტილება მიიღო, შესაბამისად, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სექტორში ახალი თამაშის წესების ამოქმედება პარლამენტის მიერ კანონის მიღებაზე იქნება დამოკიდებული.
თავად ეს სექტორი ბოლო წლებში საკმაოდ განვითარდა. კონკურებციის სააგენტოს ანგარიშის თანახმად, პესტიციდების იმპორტმა გასულ წელს 129 მილიონ ლარს მიაღწია, აგროქიმიკატების იმპორტმა კი 118,6 მილიონი ლარი შეადგინა.

2022-2025 წლების მონაცემებით, საქართველო აგროქიმიკატებს ძირითადად რუსეთიდან (საერთო იმპორტის 42,8%), პესტიციდებს კი ჩინეთიდან (21,1%) ყიდულობს.
კერძო სექტორი ფასების რეგულირების შესახებ მთავრობის ინიციატივაზე კომენტარისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს.




























