18 ნოემბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი 100 მლნ ევროზე მეტი მოცულობის დახმარებას შეუწყვეტს საქართველოს მთავრობას და სამაგიეროდ ამ თანხას არასამთავრობო ორგანიზაციები მიიღებენ. როგორც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი ამბობს, ისინი სამართლიანი არჩევნებისთვის იბრძვიან.
ბორელი ასევე ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ქვეყანა ჩამოაშორეს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას და კიდევ ერთხელ ითხოვს 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების დროს გამოვლენილი დარღვევების გამოძიებას. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი შეხვედრის დაწყებამდე ამბობდა, რომ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების გამოყენების საკითხზე კონსესუსის მიღწევა გაჭირდება.
სანქციების დაწესებას 27 წევრი სახელმწიფოს თანხმობა სჭირდება, თუმცა საქართველოს საკითხზე მსგავსი კონსესუსი არ არსებობს. რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების [RFE/RL] ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სანქციების გამოყენებას ეწინააღმდეგებიან უნგრეთი და სლოვაკეთი, ხოლო ბულგარეთი და იტალია ეჭვს გამოთქვამენ. რაც შეეხება სავიზო ლიბერალიზაციის გაუქმების საკითხს, რომელსაც ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობა არ სჭირდება, ამ საკითხს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს, მათ შორის გერმანია, რომელსაც არ სურს მოსახლეობა იყოს შეზღუდვების სამიზნე. უვიზო მიმოსვლის გაუქმებას კვალიფიციური უმრავლესობა სჭირდება, რაც არის წევრი სახელმწიფოების 55%, რომლებიც წარმოადგენენ ევროკავშირის მოსახლეობის 65%-ს.