საქართველოს ბიოდინამიური ღვინის წილით მსოფლიოში ლიხტენშტაინთან ერთად ბოლო პოზიციაზეა - ასეთია ბოლო სტატისტიკა, რომელიც ამერიკის ღვინის ეკონომისტთან ასოციაციის ვებგვერდზე იძებნება. მათივე ინფორმაციით, ორგანულ მევენახეობაში საქართველო 53 ქვეყანას შორის 25-ე პოზიციას იკავებს, რაც გულისხმობს
ორმაგი ბიოსერტიფიცირების მაჩვენებელს, რომელიც მეწარმის როგორც ღვინოს ისე ვენახს აქვს. ბიოსერტიფიცირების დაბალ მაჩვენებელს მეწარმეები როგორც მეღვინეობაში ისე სხვა პროდუქტების წარმოებაში სხვადასხვა მიზეზით ხსნიან.
ფაფრის ველის დამფუძნებელი შალვა ქურდაძე "საქმის კურსთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ ერთ-ერთი მიზეზი სახელმწიფოს სუბსიდირების პოლიტიკაა, რითაც აქცენტი რაოდენობაზე კეთდება, ბიო ღვინის წარმოებით კი მეწარმე დიდ რაოდენობებზე ვერ გადის.
მისი შეფასებით, ამის პარალელურად ბევრი მეწარმე თავის პროდუქციას როგორც ბიოს ისე ასაღებს, ამას კი არავინ აკონტროლებს. შალვა ქურდაძის თქმით, მეწარმეებს აღარ უღირთ ბიოსერტიფიცირების ხარჯების გაწევა, მაშინ როცა ისედაც შეუძლიათ თავიანთი ღვინის რეკლამირება როგორც ბიო ღვინის განახორციელონ, ეს კი მისი შეფასებით კეთილსინდისიერ ბიზნეს სუბიექტებს აზარალებს.
“სიტყვა ბიოს გამოყენება როგორც პროდუქციის რეკლამაში ისე აღწერაში ხშირად ხდება. საკმარისია სოციალურ ქსელებში შევიდეთ და ვნახავთ, რომ მთელი საქართველო ბიო ყურძენს ყიდის, რაც აბსურდია, არავინ მათ არ აკონტროლებს. საქართველოს პარლამენტმა ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ მიიღო კანონი, სადაც გარკვევით წერია, რომ სიტყვა ბიოს გამოყენება რეკლამის ან სხვა მიზნებით ისჯება, როგორც მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა. ევროპაში მსგავსი ქმედების გამო ლიცენზიას დაკარგავს მწარმოებელი, რომ ახსენოს, სერტიფიკატის გარეშე რომ მისი ღვინო არის ბიო.
ბიოსერტიფიცირების მწვანე ლოგოს საკმაოდ დიდი ავტორიტეტი აქვს დასავლეთის, ევროპის ქვეყნებში, იმიტომაც არის ეს ასეთი მნიშვნელოვანი. როდესაც ჩვენთან ყველა მევენახე “ბიო” ყურძენს ყიდის, რა თქმა უნდა, ეს შესაბამისი ორგანოების დაინტერესების საგანი უნდა იყოს. ვერ უნდა დაარქვას ადამიანებმა ბიო ყურძენი ან ბიო ღვინო თავის პროდუქტს, თუ ის ასეთი არ არის. კანონი კრძალავს, თუმცა ამ კანონის აღსრულებაზე არავინ არ ფიქრობს. შესაბამისად, ჩვენ ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ვაკეთებთ როგორც ვენახების ისე ღვინის ბიოსერტიფიცირებას და ვყიდით ლოგოთი ევროპის ბაზარზე, ჩვენთვის არ არის ეს მისაღები.
ამიტომ აბსოლუტურად გასაგებია, რატომ უნდა იწვალოს და დაიხარჯოს მევენახე, როდესაც ყოველგვარი ხარჯის გარეშე შეუძლია სოციალურ ქსელში განათავსოს რეკლამა, რომ მე მაქვს ბიო ყურძენი, რომელიც შეწამლულია ბიო პრეპარატებით,” - ამბობს ფაფრის ველის დამფუძნებელი შალვა ქურდაძე.