მტკივნეულია იმის ყურება, თუ როგორ სცემს სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს, რომლებიც იბრძვიან ყველას, თვით პოლიციის კეთილდღეობისთვისაა კი, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში UFC-ის ერთადერთმა ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ განაცხადა.
"მტკივნეულია იმის ყურება, თუ როგორ სცემს სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს, რომლებიც იბრძვიან ყველას, თვით პოლიციის კეთილდღეობისთვისაც კი. მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხის ხმა ესმოდეთ და პატივს სცემდნენ. სამწუხაროა, რომ ქართველ ხალხს დღეს უწევს ამისთვის ბრძოლა. ევროპისკენ სწრაფვით, ჩვენ ერთად შეგვიძლია ავაშენოთ უფრო აყვავებული და მშვიდობიანი მომავალი ჩვენი ქვეყნისთვის", - დაწერა თოფურიამ.
"ქართულმა ოცნებამ" წელს პარლამენტს ხელახლა წარუდგინა კანონპროექტი, რომლის მიღებაც 2023 წლის მარტში მოსახლეობის მასშტაბური პროტესტის გამო, მმართველმა პარტიამ ვერ მოახერხა. ამჟამად "ოცნების" ლიდერები, პრემიერ-მინისტრი, უმრავლესობის ლიდერი და პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებენ, რომ კანონპროექტს აუცილებლად მიიღებენ. ამასთან, თუკი გასულ წელს აღნიშნული კანონპროექტი დაინიცირებული იყო "ქართულ ოცნებასთან" აფილირებული "ხალხის ძალის" მიერ, წელს კანონპროექტის ინიციატორი უშუალოდ "ქართული ოცნებაა".
კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის სტატუსს მიანიჭებს ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციას თუ მედიას, რომელიც დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებს დონორული ორგანიზაციებისგან, საერთაშორისო ფონდებისგან თუ უცხოური ასოციაციებისგან. ამ ორგანიზაციებს უცხოური ინტერესების გამტარებელთა რეესტრში რეგისტრაცია და ფინანსური დოკუმენტაციების ამ რეესტრში ატვირთვა მოუწევთ. თუმცა, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ საგადასახადო მიზნებისთვის სახელმწიფო ნებისმიერი კომპანიის თუ არასამთავრობო ორგანიზაციის შემოსავლების და ხარჯების შესახებ ინფორმაციას ისედაც ხედავს, ხოლო ახალი რეესტრის შექმნა და ამ რეესტრისთვის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად რეგისტრაცია ორგანიზაციებისა და მედიის სტიგმატიზებას ისახავს მიზნად.