პარლამენტი ბიზნესების და მომხმარებლების დაცვის მოტივით ახალ კანონპროექტზე იწყებს მუშაობას, რომლითაც ბარათით თუ საგადახდო სისტემის ოპერატორით გადახდების შესრულების მაქსიმალურ საკომისიოდ ოპერაციის ღირებულების 0.5% უნდა განისაზღვროს.
ამჟამად არსებული პრაქტიკით, პოსტერმინალებით გადახდის მთლიანი საკომისიო, რასაც ბიზნესები მათთან განხორციელებულ გადახდებზე იხდიან გაცილებით უფრო მაღალია. მაგალითად, 10 ლარამდე ოპერაციებისთვის ურთიერთგაცვლის საკომისიო არის დაახლოებით 5-10 თეთრი, რაც ნიშნავს რომ 1 ლარის ღირებულების ტრანზაქციის შესრულებისას მცირე მეწარმეს შეიძლება 90-95 თეთრი მისდიოდეს, 5-10 თეთრი კი ტრანზაქციის საფასურს წარმოადგენს, ეს კი ტრანზაქციის ღირებულების 5%-10%-ია. 10 ლარზე მაღალ ოპერაციებზე კი საკომისიო შეიძლება 1.5%-2% იყოს, ანუ ყოველი 100 ლარიდან 1.5-2 ლარი.
ინიციატივის განმარტებითი ბარათის მიხედვით, ერთიანი საგადახდო ჭერის დანერგვა ბიზნესებისთვის განჭვრეტად სივრცეს შექმნის და მათ საგადახდო დანახარჯებს შეამცირებს.
რითეილ ექსპერტი მირანდა მანჯგალაძე ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით მცირე და საშუალო ზომის მაღაზიებთან ერთად ქსელური მარკეტებიც ისარგებლებენ, რადგან ბევრ შემთხვევაში საკომისიო მნიშვნელოვნად მცირდება.
მისივე თქმით, ამის მიუხედავად, ეს ინიციატივა შეიძლება არ იყოს საკმარისად წამახალისებელი ფაქტორი მცირე მეწარმეებისთვის იმისთვის, რომ პოსტერმინალები გამოიყენონ და მათი შემოსავალი გამჭვირვალე გახადონ.
“ინიციატივა ხარჯს ამცირებს მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, მაგრამ ეს ხარჯის შემცირება ბიზნესთან მიტანილი უნდა იყოს სწორად. ანუ, რამდენად შეიძლება ეს იყოს მოტივატორი იმისთვის, რომ ადამიანი და ბიზნესი, რომელიც არ იყენებს პოსტერმინალს, ის გამოიყენებს პოსტერმინალს. ხშირად სტერეოტიპული შიში არსებობს მცირე მეწარმეებში, რომ ძირითადად, როდესაც პოსტ-ტერმინალზე ტარდება შემოსავალი, ის არის ღია და, შესაბამისად, ამ ღიაობის წინააღმდეგნი არიან, რადგან გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე არ უნდათ, აჩვენონ თავიანთი შემოსავლები. ვსაუბრობ მცირე და საშუალო ბიზნესებზე.
რაც შეეხება სხვა აქტორებს, მაგალითად ბანკებს, ამ შემთხვევაში ეს არის საკომისიო შემოსავალი და ისინი მოკლევადიან პერსპექტივაში, რა თქმა უნდა, შემოსავალს დაკარგავენ. თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში, თუ სწორად დაინერგა და განხორციელდა ეს ყველაფერი, შესაძლებლობას იძლევა, რომ უფრო მეტი ტრანზაქცია იყოს პოსტერმინალებზე, ანუ უფრო მეტი რაოდენობის ბიზნესმა გამოიყენოს პოსტერმინალი, რაც საბოლოოდ გრძელვადიან პერსპექტივაში იძლევა იმის საშუალებას, რომ გაეზარდოს შემოსავალი ბანკსაც,”- ამბობს რითეილ ექსპერტი მირანდა მანჯგალაძე.




























