“ძალიან მნიშვნელოვანია, ფულის მიცემასთან ერთად, მეწარმეებს ვასწავლოთ, როგორ გამოიყენონ ეს ფინანსები” - დაფინანსების პროგრამების ეფექტიანობასა და მათში მცირე და საშუალო ბიზნესების ჩართულობაზე BMGTV-ს გადაცემა “წერტილის” ეთერში SMEDA-ს დამფუძნებელი, გიგა ფაიქიძე საუბრობს.
“ ჩემი აზრით, ჯაჭვი სადღაც წყდება - გაცემული თანხების ეფექტიანობა და უკუგება საკმაოდ დაბალია, რაც ანგარიშებიდანაც კარგად ჩანს, თუ მხოლოდ გამსხვილებულ რიცხვებს არ დავინახავთ, რომლებსაც სახელმწიფო უწყებები თვითონ აქვეყნებენ.
ძალიან მნიშვნელოვანია გაჩნდეს პარალელური პროგრამები, რომლებითაც ბიზნესს ვასწავლით.
სწავლება ხშირად ნეგატიურ კონტექსტშია ხოლმე აღქმული, არადა ამაში ცუდი არაფერია, რადგან ჩვენ, როგორც ბიზნესსექტორი, ძალიან ახალგაზრდები ვართ და სულ რაღაც 30 წლიანი გამოცდილება გვაქვს, უნდა ვისწავლოთ იმ ქვეყნებისგან, რომლებმაც ეს გზა მრავალი წლის წინ გაიარეს და ამ გამოწვევებს თავი გაართვეს”, - აცხადებს გიგა ფაიქიძე.
მისი თქმით, სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციების მიერ წამოწყებული დაფინანსების პროგრამები საკმარისი ვერ იქნება, თუ ბიზნესს მოტივაციას ვერ მივცემთ, თავიანთი საქმიანობა განავითარონ.
“მაგალითად მოვიყვან სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” ერთ-ერთ კარგ წამოწყებას: საკონსულტაციო ცენტრები რეგიონებში,. როგორც ვიცი, სამი რეგიონის ჰაბი უკვე ამოქმედებულია, სადაც მცირე და საშუალო მეწარმეები საკონსულტაციო სერვისებს თანადაფინანსებით იღებენ. ეს ძალიან კარგი ინიციატივაა, მაგრამ მე ამ ყველაფერს კიდევ რაღაც მარილს დავამატებთ - სამოტივაციო კამპანიებს.
SMEDA-ს აქვს რამდენიმე მიმდინარე პროექტი, რომლის ფარგლებშიც ტექნიკურ დახმარებას, ფაქტობრივად, უფასოდ ვთავაზობთ მცირე და საშუალო მეწარმეებს რეგიონებში და, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, დაინტერესება ნულია. ადამიანებს არ ესმით, ან არ უნდათ და ვერ ხედავენ ამაში ღირებულებას. ამიტომ მნიშვნელოვანი გარკვეული მოტივატორები შევქმნათ”, - ამბობს გიგა ფაიქიძე.