მცირე და საშუალო მეწარმეები საქართველოში ბიზნესის წარმოებისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ფინანსებზე ხელმისაწვდომობას ასახელებენ. თუმცა, როგორც SMEDA-ს დამფუძნებელი გიგა ფაიქიძე გადაცემა “წერტილში” სტუმრობისას აღნიშნავს, ბოლო 5 წლის განმავლობაში, ქვეყანაში ამ მხრივ პროგრესი შეინიშნება, მაგრამ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა მცირე და საშუალო ბიზნესისათვის დამახასიათებელი პრობლემაა,რასაც მეწარმეები განვითარებულ ქვეყნებშიც აწყდებიან.
“კარგი ის არის, რომ პროგრესი გვაქვს. ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა ასე განყენებულად არ არსებობს, სხვადასხვა ფაქტორებითაა ის გამოწვეული. შეგვიძლია თავი დავიმშვიდოთ, რომ ეს მხოლოდ ჩვენი პრობლემა არაა და მცირე და საშუალო ბიზნესს ზოგადად ახასიათებს ფინანსებზე ხელმიუწვდომლობა, მათ შორის განვითარებულ ქვეყნებშიც.
ერთი მხრივ, არსებობს გამოწვევა დაფინანსების წყაროებში - გვყავს საბანკო სექტორი, თუმცა ნაკლებადაა განვითარებული დაფინანსების ალტერნატიული წყაროები, მეორე მხრივ კი, დაფინანსების წყაროები მაინც საკმაოდ ბევრია, თავად ბიზნესები ვერ ახერხებენ მასზე წვდომას, რაც სხვადასხვა ფაქტორითაა გამოწვეული”, - ამბობს გიგა ფაიქიძე.
“მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ასოციაციის” დამფუძნებელი ბიზნესებზე ხელმისაწვდომობის შეფერხების გამომწვევ მიზეზებად სამეწარმეო კულტურის დაბალ დონესა და მოძველებულ ბიზნესმოდელებს ასახელებს.
“დღემდე პრობლემად რჩება სამეწარმეო კულტურის დაბალი დონე. არ მინდა ძალიან უხეშად გამომივიდეს, თუმცა ამაზე უნდა ვისაუბროთ და ხელი მხოლოდ დაფინანსების წყაროებისკენ არ უნდა გავიშვიროთ.
ახალი ბიზნესები ვერ ქმნიან კონკურენტულ პროდუქტს, რომლითაც შეეძლებათ, ბიზნესი გადაარჩინონ, განავითარონ და გაზარდონ. ყველა ამ ბიზნესის დასაწყებად, გარკვეული ინვესტიცია იდება მეწარმეების მხრიდან, რომლებიც დამატებით დოვლათს ვეღარ ქმნიან - ძალიან ჩამოვრჩით განვითარებულ სამყაროს ბიზნესმოდელების კუთხით. ადამიანები ისევ ცდილობენ, რომ მოძველებული ბიზნესმოდელებით დაიწყონ წარმოება, რაც მომხმარებლების გამოწვევებსა და გემოვნებას ვეღარ პასუხობს. ვიღებთ იმ მოცემულობას, რაც, პირობითად, იმპორტ-ექსპორტის სალდოს მიმართულებით გვაქვს, რომელიც ძალიან მაღალია”, - აცხადებს გიგა ფაიქიძე.