"ხომლის მარნის" დამფუძნებელი თამაზ ომანაძე BMG-სთან ქართული ღვინის საერთაშორისო ბაზრებზე პოპულარიზაციაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ევროპასა და ამერიკაში ქართულ პროდუქციას ნაკლებად იცნობენ.
"როდესაც ცნობადობაზე ვსაუბრობთ, მხედველობაში მეზობელი ჩრდილოეთი არ უნდა გვყავდეს, რადგან იქ ისედაც იციან ჩვენი ღვინის შესახებ, თუმცა, თუ გვინდა, რომ მაღალ გადამხდელუნარიან სეგმენტზე გავიდეთ, მაშინ ჩვენი პროდუქცია სხვა ბაზრებსაც უნდა გავაცნოთ. ქართული ღვინის გაყიდვები ისედაც დაბალია და სტატისტიკას თუ შევხედავთ, აქედან გასული ღვინის ფასიც დაბალია, რაც, რა თქმა უნდა, რომ ქართულ მეღვინეობა-მევენახეობაზე უარყოფითად მოქმედებს", - აცხადებს მეღვინე.
მისივე თქმით, სახელმწიფოს მხრიდან ღვინის მარკეტინგისთვის გამოყოფილი თანხები მცირე და საშუალო მარნებს არ ხმარდება და ისინი თავიანთი ღვინის პოპულარიზაციის შესაძლებლობის გარეშე რჩებიან.
"მართალია, მარკეტინგის ნაწილისთვის თანხები გამოიყო, მაგრამ მცირე მარნები, რომელიც თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართული მეღვინეობის მთავარი მამოძრავებელი ძალა და სახე არიან, ამ ხელშეწყობის გარეშე რჩებიან. საჭიროა, გეგმის გაწერა - სად შევიდეთ და სადაა ჩვენი ცნობადობა ასამაღლებელი. მე ამას გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში გავაკეთებდი, ეს არის ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ბაზარი. ახლა კი ფაქტია, რომ ამ ქვეყნებში ქვევრის ღვინის შესახებ არაფერი იციან, მისი უნიკალურობისა და დაყენების პროცესების შესახებ", - აღნიშნავს "ხომლის მარნის" დამფუძნებელი.
ომანაძე იმასაც ამბობს, რომ მათთვის საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა, თავიანთი ღვინის ფართო აუდიტორიისთვის წარდგენა და კონტაქტების დაგროვება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.