ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს ღვინის სექტორს ჩამოანგრევს - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა იქამდე გააკეთა, სადამ "ქართული ოცნება" ოფიციალურად იტყოდა უარს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნაზე.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი ვასილ მანაგაძე პაპუაშვილის განცხადებას აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ ევროკავშირში გაწევრიანებით ქართული ღვინის სტანდარტების გაუმჯობესდება და მისი ღირებულება გაიზრდება. მისი თქმით, განცხადება იმის შესახებ რომ ევროკავშირში გაწევრიანებს ღვინის სექტორს ჩამოანგრევს აბსურდია და ის იმ 6-7 კომპანიის დაკვეთაა, რომლებიც დამოკიდებულები არიან რუსეთის ბაზარზე, არ იცავენ ხარისხობრივ სტანდარტებს და შიშობენ, რომ ეს აწყობილი სისტემა ჩამოენგრევათ.
“რუსეთში ღვინის ექსპორტი 70%-ზე არის ასული და ამ 70%-ში არის 6-7 კომპანია, რომელიც აქტიურად არის დაკავებული რუსეთში ღვინის ექსპორტით. ერთადერთი რაც ჩამოინგრევა ჩვენი ევროკავშირში გაწევრიანებით არის ამ კომპანიების ბიზნესი, რომელიც ეფუძნება ფალსიფიცირებას, პროპაგანდას, თაღლითობას, ეს კომპანიები ამით არიან დაკავებული და შიში არის ეს რომ თუ ჩვენ ევროკავშირში შევალთ ეს კომპანიები, რომლებიც აღმოცენდნენ მას შემდეგ რაც გაიხსნა რუსეთის ბაზარი. შესაბამისად, მათი ინტერესები შეილახება. რეალურად პაპუაშვილის განცხადება ამ კომპანიების დაკვეთა მგონია, რაც მათ ათქმევინეს მას, რადგან არანაირი საფრთხე ევროკავშირში გაწევრიანებას არ აქვს პირიქით, ეს ჩვენი ღვინის სექტორისთვის ძალიან მოგებიანი იქნება. ხარისხი გაიზრდება, დოლარში გამოხატული ღვინის ღირებულებაც მზარდი იქნება,”- ამბობს ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ვასილ მანაგაძე.
მეღვინე ალეკო სარდანაშვილი ამბობს, რომ მსგავსი განცხადებები, რომ თითქოს ქართული ღვინის სექტორი ჩამოინგრევა თუ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო გავხდებით ტყუილია. მისი თქმით, ქართული ღვინის ,კომპანიები თუ სურვილი ექნებათ მაინც შეძლებენ რუსეთის ბაზარზე ღვინის გაყიდვას, როგორც ამას ევროკავშირის სხვა ქვეყნები აკეთებენ. სარდანაშვილის თქმით, ღვინის რეალიზაციის პრობლემა ქვეყანას არ ექნება, რადგან ქართული ღვინო როგორც ევროპის ისე ამერიკის ბაზრებზე დღესაც დიდი შრომის შედეგად უკვე იყიდება.
“რუსეთში ადრეც იყიდებოდა ქართული ღვინო და ალბათ გაიყიდება კიდეც, მაგრამ აპელირება იმაზე, რომ თუ რუსეთში არ გაიყიდება ქართული ღვინო დავიღუპებით არის აბსურდი.
თუ ვინმეს შეხსენება სჭირდება, უამრავი გრანტი შემოვიდა ევროკავშირიდან და ამერიკიდან, რომელიც მოხმარდა ღვინის სექტორის განვითარებას. უამრავი ღონისძიება დაიგეგმა ევროპაში ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის, ეხმარებიან ღვინის ახალ ბაზრებზე შეტანაში, გასაღებაში. ამის შემდეგ ამაზე პაპუაშვილის განცხადება არის ამაზრზენი და სიტყვები მოძიებაც მიჭირს. რა თქმა უნდა, ქართული მეღვინეობა არ ჩამოიშლება, განვითარდება. არიან ადამიანები, რომლებიც სარად აფასებენ მოვლენებს და სწორად ხედავენ თუ სად არის ჩვენი დარგის მომავალი, რომელიც არის დასავლურ სამყაროში.
სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ევროკავშირის წევრი ზოგიერთი ქვეყანა ჩვენზე მეტ ღვინოს ყიდის რუსეთში. ნებისმიერი ადამიანი თუ მოიძიებს ინფორმაციას ნახავს, რომ არაფერში ხელს არ უშლის ღვინის სექტორს ევროკავშირი, პირიქით, ევროკავშირი არის საშუალება იმისი, რომ ეს დარგი და არამარტო ეს დარგი გავირთარდეს ახალ სტანდარტებზე,”- ამბობს მეღვინე ალეკო სარდანაშვილი.
ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაციის (AAWE) ინფორმაციით, თავად ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც ვაჭრობენ რუსეთთან ღვინით, მაგალითად შარშან იტალია რუსეთში ღვინის მსხვილი იმპორტიორი იყო. მეღვინეები ამბობენ, რომ ვინ სად გაყიდის ღვინოს მისი გადასაწყვეტია, თუმცა ის რომ გასაღების ბაზრების რაოდენობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან ერთად გაიზრდება. ბაზრების დივერსიფიცირება კი რისკებისგან თავის დაზღვევის საუკეთესო გზაა.
“ღვინის სექტორს ანგრევს თვითონ სახელმწიფო და არა ევროკავშირის წევრობა. არაერთხელ მისაუბრია, რომ სუბსიდირება და სახელმწიფოს მხრიდან ხელოვნური ჩარევა ანადგურებს ქართულ ღვინოს, მევენახეობის მომავალს. ეს განცხადება არის ამ სიტუაციაში მანიპულაცია.
ევროკავშირი არის უფრო მაღალი თავისი სტანდარტით და ხარისხით. ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება კი ნიშნავს ქართული მეღვინეობის წინსვლას,”- აცხადებს “ხომლის მარნის” დამფუძნებელი თამაზ ომანაძე.