მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული მეღვინეობა და მევენახეობა ყურძნის სუბსიდირებამ გაანადგურა - "ხომლის მარანი"

63de578b3d45c
თინათინ ნატმელაძე
04.02.23 17:14
4695
„ხომლის მარნის“ დამფუძნებელი და მეღვინე თამაზ ომანაძე BM.GE-თან საუბრისას ამბობს, რომ ქართული ღვინის მთავარი პრობლემა მისი დაბალი ხარისხია, რაც პირველ რიგში ყურძნის სუბსიდირებითაა გამოწვეული.

მისივე ცნობით, სწორედ დაბალი ხარისხია იმის მიზეზი, რომ დღემდე ქვეყნისთვის მთავარ საექსპორტო ბაზრად რუსეთი რჩება.

„იმ კომპანიებს, რომლებიც რუსეთის ბაზარზე გადიან, მე ნამდვილად ვერ განვსჯი, რადგან იქ ნახულობენ მოგებას და ეს, რა თქმა უნდა, კარგია მათთვის, მაგრამ სტრატეგიულ ბაზრად არ შეიძლება ჩაითვალოს პერსპექტივაში, იმიტომ რომ იქ ხარისხზე მოთხოვნა არ არის იმ დონეზე, როგორც ევროკავშირსა და სხვა ქვეყნებში. ასევე, გვქონდა შემთხვევებიც, როცა ეს ბაზარი ჩაიკეტა, ამიტომ ქვეყანამ ბაზრების დივერსიფიცირება უნდა მოახდინოს.

ძალიან კარგია სხვა ქვეყნის ბაზრებზე გასვლა, მაგრამ გვაქვს კი ის ხარისხი, რომ სხვა ქვეყნებმა მიგვიღონ? ქართული მეღვინეობა და მევენახეობა სახელმწიფოს ყურძნის სუბსიდირების სისტემამ გაანადგურა, ჩაბარდა ყოვლად უხარისხო და გამოუსადეგარი ყურძენი და ეს არის ბიუჯეტიდან გადაყრილი თანხა, ამას აკეთებდა წინა მთავრობაც და ახლანდელმა ხელისუფლებამაც გადმოიტანა ეს მექანიზმი.

ხელოვნურად ჩარევა ანადგურებს ღვინოს, უკარგავს თავის უნიკალურობას, ქიმიურად შექმნილ პროდუქტს კი, რა თქმა უნდა, ევროპა და სხვა ქვეყნები არ მიიღებენ, ამიტომაც რუსეთი რჩება მთავარ ბაზრად, სადაც არც ისეთი დიდი მოთხოვნაა ხარისხზე“, - განაცხადა თამაზ ომანაძემ.

აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ ყურძნის სუბსიდირებაზე 2008 – 2021 წლებში 286.6 მილიონი დახარჯა.

მეღვინე ასევე აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ქართული მეღვინეობის მომავალი იმ მცირე მარნებზე დგას, რომლებიც ხარისხზე და არა რაოდენობაზე არიან ორიენტირებული.

„დიდწილად შესაძლებელი იქნება, რომ ჩანაცვლდეს რუსეთის ბაზარი, თუკი ხარისხიან ღვინოს ვაწარმოებთ. უკვე გამოჩდნენ ისეთი კომპანიები, რომლებიც რუსეთის ბაზარზე შედიან, მაგრამ ხარისხიან ღვინოზე მუშაობაც დაიწყეს. რა თქმა უნდა, ამ ბაზარს ერთბაშად ვერ შეცვლიან, მაგრამ ეტაპობრივად ეს მოხდება.

ჩვენ უდიდესი პოტენციალი გვაქვს, რომ შევქმნათ ძალიან მაღალი ხარისხის ღვინო, გვაქვს უნიკალური ჯიშები, ტექნოლოგია, ნიადაგი, ჰაერი. მთავარია, რომ ორიენტირებული ვიყოთ ხარისხზე და არა რაოდენობაზე.

გასულ წელს ძალიან ცუდი მოსავალი იყო, ამიტომ ძალიან მცირე რაოდენობის ღვინო ვაწარმოე, მე რაოდენობის გამო ხარისხს ვერ გავაფუჭებ, ძალიან მაღალ გადამხდელ უნარიან სეგმენტზე ვმუშობ და მხოლოდ საავტორო ღვინოს ვაწარმოებ. არც არავისთვის შემითვაზებია, ბრიტანეთის ბაზრიდან თავად მიპოვნეს და გაიტანეს ჩემი ღვინო, რაც იმას გულისხმობს, რომ ევროპა დაინტერესებულია ქართული ღვინით, მათთვის ეს არის პრემიუმ ხარისხი და ამის განვითარებას ჩვენ უნდა შევუწყოთ ხელი“, - ამბობს თამაზ ომანაძე.

აღსანიშნავია, რომ „ხომლის მარნის“ მიერ წარმოებული „ხომლის უსახელოური“ და „ცოლიკაური“ ლონდონში მდებარე ღვინის ბუტიკ HEDONISM-ში იყიდება და როგორც მარნის დამფუძნებელი ამბობს, ერთი ბოთლი უსახელოურის ფასი 900 ფუნტია, ხოლო ცოლიკაურის ღირებულება 500 ფუნტი.

რაც შეეხება ქართული ღვინის ექსპორტის საერთო სურათს, საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, საქართველომ გასულ წელს 252 მილიონი დოლარის ღვინო გაყიდა, ექსპორტის დიდი წილი თითქმის 64% ღვინის ექსპორტი რუსეთზე მოდის, სადაც 160 მილიონი დოლარის ღირებულების ღვინო გავყიდეთ. ექსპორტი მცირედით გაიზარდა პოლონეთში, ყაზახეთში, ამერიკასა და გერმანიაში. კლებაა ლიეტუვაში, ლატვიასა და სხვა ქვეყნებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები