მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რას ამბობენ ბიზნესები რუსულ ბაზარზე?

648450d87bd61
ნანუკა ნარიმანიძე
11.06.23 22:30
2025
კომპანიებისთვის ევროპისა და ამერიკის ბაზრები ბევრად მომგებიანი და პრესტიჟულია, თუმცა ამ ბაზარზე გასვლა დიდ ხარჯებთან და ცვლილებებთანაა დაკავშირებული, რის გამოც, ბიზნესები დსთ-ის ბაზარზე არიან კონცენტრირებულები და ვერ ახერხებენ ევროპის ბაზარზე გასვლას.

რას ამბობენ ბიზნესები რუსულ ბაზარზე, ამის შესახებ “კამპას” ექსპორტის მენეჯერმა გიორგი ლომთაძემ, “ხომლის მარნის” დამფუძნებელმა თამაზ ომანაძემ და “ჩიკორის” ექსპორტის მენეჯერმა ანა სოსელიამ გადაცემა “ანალიტიკაში” ისაუბრეს.

“ევროპული და ამერიკული ბაზრები ცალსახად უფრო განვითარებული და მნიშვნელოვანია, ამ ბაზრებზე შედიხარ კონკურენციაში ცნობილ ბრენდებთან, ამასთან, ევროკავშირის ქვეყნების ბაზრები გიგანტურია, რაც ბევრ შესაძლებლობას აძლევს კომპანიებს, ევროპის ბაზარზე შესვლა ძალიან კარგია კომპანიის რეპუტაციისთვის”, - ამბობს “კამპას” ექსპორტის მენეჯერი გიორგი ლომთაძე.

ამასთან, “ჩიკორის” ექსპორტის მენეჯერი და “ხომლის მარნის” დამფუძნებელი აღნიშნავენ, რომ , რომ მათთვის რუსეთის ბაზარი არასდროს ყოფილა პრიორიტეტული და კომპანია მთლიანად ევროპის ბაზარზეა ორიენტირებული.

“როგორც პრემიუმ კლასის ღვინის მწარმოებელი,ჩვენთვის ევროკავშირი, ბრიტანეთი და ამერიკა უფრო პრიორიტეტული ბაზრებია, ვიდრე რუსეთი, ჩვენთვის რუსეთი არც არასდროს ყოფილა პრიორიტეტული და არც არასდროს გვქონია მცდელობა, ამ ბაზარზე შევსულიყავით, რუსეთი ოკუპანტი ქვეყანაა და ამ ბაზარზე შესვლა შინაგანად დისკომფორტს გვიქმნის”, - ამბობს თამაზ ომანაძე.

“ევროპის ბაზარზე პროდუქტის რეალიზება ხელს გვიწყობს ბაზრებზე პროდუქტების დივერსიფიცირებაში, გვიბიძგებს შევინარჩუნოთ და განვავითაროთ პროდუქციის ასორტიმენტი და ხარისხი, ჩვენ ექსპორტზე სამ წელზე მეტია შევდივართ, ეს ქვეყნებია: საფრანგეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, პოლონეთი და გერმანია, წინა წელთან შედარებით, ევროპის ქვეყნებში ექსპორტი 35%-ით გავზარდეთ, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ჩვენი თავდაპირველი სტრატეგია და აღებული გეზი სწორი იყო”, - დასძენს ანა სოსელია.

ამასთან, კომპანიის წარმომადგენლები ევროპის ბაზარზე არსებულ გამოწვევებზეც საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ევროპის ბაზარზე შესვლა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

“ევროპის ბაზარი გაჯერებულია არა მხოლოდ ევროპული წარმოების, არამედ ავსტრალიური, არგენტინული ღვინოებით, სადაც შესვლა და თავის დამკვიდრება ძალიან რთულია, ამასთან საქართველოდან ევროპის მიმართულებით პროდუქტის ტრანსპორტირება ძალიან ძვირია. თუ რუსეთის მიმართულებით მანქანა $3000 ჯდება, ევროპის მიმართულებით ტვირთის გადატანა 6000-7000 ევრო ჯდება, თუ გავასწრებინებთ იმას, რომ ჩვენთან პროდუქტის წარმოება ისედაც ძვირია, სატრანსპორტო კომპონენტების დამატების შემდეგ ხარჯები უფრო იზრდება”, - ამბობს “კამპას” ექსპორტის მენეჯერი გიორგი ლომთაძე.

“იმისთვის, რომ კომპანიები ევროპულ ბაზარზე გავიდნენ, ამისთვის დამატებითი სახსრებია საჭირო, საქართველოსთვის რუსეთის ბაზართან საგარეო ვაჭრობა თავიდანვე მარტივდებოდა, ვინაიდან ახლო მეზობელია და კარგად იცნობს ჩვენს პროდუქციას, ვინც დიდი ხანია ვაჭრობს რუსეთის ბაზარზე, მათ უკვე კარგად იციან რუსეთის მოთხოვნები და მათი მუშაობის სპეციფიკა რუსეთის მოთხოვნებზეა მორგებული, სწორედ ამ მუშაობის შეცვლის თემაა პრობლემატური კომპანიებში, რაც პირდაპირპროპორციულად დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული”, - აღნიშნავს “ჩიკორის” ექსპორტის მენეჯერი ანა სოსელია.

“ძალიან ბევრი დიდი კომპანია ცდილობს რუსეთის ბაზრის გარდა გავიდეს ევროპის ბაზარზე, თუმცა, ეს დროის ფაქტორთან და დიდ ფინანსურ რესურსებთანაა დაკავშირებული”, - დასძინა “ხომლის მარნის” დამფუძნებელმა თამაზ ომანაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები