სამკერვალო საწარმო „ლიდერის“ დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ნინო გიორგაძე აცხადებს, რომ ბოლო თვეები განსაკუთრებით მცირე ზომის სამკერვალო საწარმოებისთვის აღმოჩნდა კრიზისული, რის გამოც არაერთი სამკერვალო დაიხურა. ამას თან ერთვის საქართველოდან ტექსტილის ნაწარმის ექსპორტის შემცირებაც. კერძოდ, საქსტატის მონაცემებით, საქართველოდან ტანსაცმლის ადგილობრივი ექსპორტი მცირდება. 2025 წლის იანვარ-თებერვალში ქვეყნიდან 25,4 მლნ აშშ დოლარის ტექსტილის მასალები და ნაწარმი გავიდა, მაშინ როცა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტი 28,9 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა.
„ერთია ეს სტატისტიკა და მეორეა თვალხილული შედეგები, რომელსაც ვგრძნობთ და ვხედავთ. ბოლო თვეები განსაკუთრებით მცირე ზომის სამკერვალო საწარმოებისთვის აღმოჩნდა კრიზისული, მათ გადაწყვიტეს დახურულიყვნენ, დაიხურა რამდენიმე ბრენდი, რომლებიც აწარმოებდნენ ქართულ პროდუქტს და გაჰქონდათ ექსპორტზე“, - აღნიშნა ნინო გიორგაძემ გადაცემა "საქმიან დილაში" სტუმრობისას.
მისი თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური არასტაბილურობა პირდაპირ მოქმედებს განსაკუთრებით მცირე ბიზნესზე, რასაც ემატება ვალუტის ცვლილებაც.
„ეს არის ინდუსტრია, რომლისთვის საჭირო არცერთი ნედლეული არ იწარმოება საქართველოში და ამ მხრივ სრულად იმპორტზეა დამოკიდებული. ამიტომ ამ ვითარებას ეს ინდუსტრია, პირველ რიგში, გრძნობს. ვალუტის ცვლილების გამო 6%-ით გაძვირებული პროდუქტი, შემცირებული შეკვეთები, შემცირებული მომხმარებლები - ამ სიტუაციაში ბიზნესს ლავირება უჭირს. ყველაზე მარტივი გადაწყვეტილება კი მოცემულ სიტუაციაში არის ის, რომ დახურო წარმოება და ეძებო ალტერნატიული გზა“, - აღნიშნა სამკერვალო საწარმო „ლიდერის“ დამფუძნებელმა ნინო გიორგაძემ.
როგორც გიორგაძე განმარტავს, ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რის გამოც სამკერვალო “ლიდერი” დახურვას გადაურჩა, არის ის, რომ ერთი წლის წინ საწარმომ ადგილობრივ ბაზარზე კორპორაციული შეკვეთების აქტიურად მიღება და შესრულება დაიწყო და ბევრი ადგილობრივი დამკვეთი მიიზიდა. “ეს იყო დამთხვევა, ვინაიდან ჩვენ, ვიდრე პოლიტიკური სიტუაცია აირეოდა, რამდენიმე თვით ადრე დავიწყეთ ამაზე მუშაობა. ამან გვიშველა და გადაგვარჩინა. ასევე ჩვენ ვცდილობთ, რომ ხელშეკრულებები განსაკუთრებით ყურადღებით გავაფორმოთ, რათა ფინანსურად მყარად ვიყოთ. ამას ემატება ისიც, რომ საექსპორტო ბაზრებზე გაფართოება გვქონდა დაწყებული, ორიენტირებული ვიყავით აზიურ ბაზრებზე ევროპასთან ერთად”, - განაცხადა ნინო გიორგაძემ და დასძინა, რომ საწარმო “ლიდერი” ახლაც გადარჩენის პროცესშია, - “ვცდილობთ არსებულ ვითარებას მოვერგოთ”, - აღნიშნა მან.