მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიაგონალურ კუმულაციას ნაწილობრივ ვიყენებთ - “აჭარა ტექსტილი“

ტანსაცმელი

სამკერვალო ფაბრიკა “აჭარა ტექსტილის“ დირექტორი, გია ლომინაძე ამბობს, რომ კომპანია დიაგონალურ კუმულაციას მხოლოდ ნაწილობრივ იყენებს.

როგორც მან BMG-სთან განაცხადა, დიაგონალური კუმულაციის აქტიურად გამოყენება ლოგისტიკის საკითხზეა დამოკიდებული, რადგან ამჟამად თურქეთის გავლით ექსპორტი შედარებით იაფია.

"ეტაპობრივად ვიწყებთ, ჯერ სრულად არ გადავსულვართ დიაგონალური კუმულაციის ვერსიაზე. ვმუშაობთ მაგ საკითხზე. სამომავლოდ, ლოგისტიკის საკითხი თუ დალაგდება, შეიძლება სწორედ დიაგონალური კუმულაციის ფარგლებში დავიწყოთ პირდაპირ კონტეინერებით გატანა სხვა ქვეყნებში. ის გვაფერხებს, რომ ამჟამად კონტეინერებით გაგვაქვს, თურქეთის გავლით, რასაც საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. შესაბამისად, ჯერჯერობით სახმელეთო ტრანსპორტს ვიყენებთ",- აღნიშნა “აჭარა ტექსტილის“ დირექტორმა.

შეგახსენებთ, 2021 წლის 29 აპრილიდან საქართველოს, ევროკავშირსა და თურქეთს შორის დიაგონალური კუმულაცია მოქმედებს, რის შედეგადაც თურქული ნედლეულის გამოყენებით საქართველოში დამზადებულ სამრეწველო პროდუქციას ევროკავშირში ნულოვანი ტარიფით შესვლის შესაძლებლობა მიეცა. ერთ-ერთი სექტორი, რომელსაც ამ შესაძლებლობით სარგებლობა შეუძლია ტექსტილია.

არსებული მონაცემებით, საქართველოდან ტექსტილის დიდი ნაწილი ექსპორტზე თურქეთის გავლით გადის. საქართველოში წარმოებული ტანსაცმელი ისეთი გლობალური ბრენდებისთვის არის განკუთვნილი, როგორიცაა: Nike, Addidas, Zara, H&M, Under Armour-ი და სხვა. 2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ტანსაცმლის ექსპორტი რეკორდულ 98 მილიონ დოლარამდე გაიზარდა, ექსპორტის 75% თურქეთში გავიდა.

3 წელი დიაგონალური კუმულაციის ამოქმედებიდან - ვის [ვერ] გააქვს პროდუქცია EU-ში?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები