სამკერვალო საწარმო “ლიდერის” დამფუძნებლის ნინო გიორგაძის თქმით, ქვეყანაში შექმნილი არასტაბილური ვითარების გამო, ლიეტუველმა პარტნიორებმა მათთან მოლაპარაკებები შეაჩერეს. კერძოდ, როგორც გადაცემა "საქმიან დილაში" სტუმრობისას, საწარმოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, ლიეტუვადან უნდა მიეღოთ დაკვეთა ტანსაცმლის შეკერვაზე, თუმცა ეს პროცესი გაჩერებულია.
“ძალიან დაბნეული სიტუაციაა სამკერვალო ინდუსტრიაში. ვითარების გამოსწორებისთვის, პირველ რიგში, მთავარია პოლიტიკური სიტუაცია დასტაბილურდეს. ლიეტუვაში მოლაპარაკებები გვქონდა, მათი წარმოება ჩვენ უნდა შეგვეკერა, მაგრამ გაურკვევლობის გამო შეაჩერეს ეს პროცესი მანამ, ვიდრე სიტუაცია არ დასტაბილურდება. ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი დანაკარგია, ვინაიდან ჩვენ ახლა უკვე გაგზავნილი უნდა გვქონოდა მათი შეკვეთა. ამაში ძალიან დიდი შრომა ჩავდეთ, რათა ჩვენ შეგვეკერა ლიეტუვის ერთ-ერთი ბრენდის ტანსაცმელი, ეს იყო ჩვენი ეკონომიკისთვისაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი. თან ჩვენ არ ვართ ძალიან დიდი წარმოება, ჩვენნაირი მცირე ზომის საწარმოსთვის ეს მნიშვნელოვანი იყო”, - აღნიშნა მან.
როგორც მან გადაცემა “საქმიან დილაში” სტუმრობისას განაცხადა, ქვეყანაში არსებული არასტაბილური ვითარება მათ სექტორზე მძიმედ აისახა. დაიხურა მცირე ზომის საწარმოებიც. გარდა ამისა, სექტორში კადრების გადინებაა, რაც ბიზნესს პრობლემას უქმნის.