მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მცხეთაში რომ გაიაროთ, შესასვლელიდანვე იგრძნობთ კორუფციის სურნელს“ - დეპუტატი

დეპუტატი

„უკვე 10 წელი ხდება, მცხეთა მორატორიუმის რეჟიმში ცხოვრობს. რატომ? იმედია, 2024 წელს მაინც მოგვარდება ეს საკითხი და გაირკვევა, რისი გაკეთება შეიძლება და რისი - არა“, - ეს განცხადება გასულ კვირას, პარლამენტის ტრიბუნიდან მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მაჟორიტარმა დეპუტატმა, პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა შალვა კერესელიძემ გააკეთა. BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას კი, მან თქვა, რომ 2015 წელს, მცხეთაში მშენებლობაზე გამოცხადებული მორატორიუმის დასასრულებლად საჭიროა, ქალაქის გენერალური გეგმის დამტკიცება, მაგრამ საჭირო პოლიტიკური ნება არ არსებობს.

- თითქმის 10 წელია, რაც მცხეთაში მშენებლობაზე გამოცხადებული მორატორიუმი გრძელდება. ამ საკითხთან დაკავშირებით, სახელმწიფოს თუ არა სახელმწიფოს მხრიდან ბევრი სხვადასხვა მხარის, ადამიანის - ინტერესია, რომელთა თანხვედრა ვერ მოხერხდა. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურსში ამხანაგობა „აქოლისმა“ გაიმარჯვა და მათ მიერ მცხეთის გენგეგმის პროექტი მომზადებულია, თუმცა როგორი იდეალური პროექტიც არ უნდა შემუშავდეს, არ არსებობს არც პრაქტიკული და არც თეორიული ვარიანტი იმისა, რომ ყველას ინტერესი დაკმაყოფილდეს. ვფიქრობ, მთავარია, პირველ რიგში, სახელმწიფოს ინტერესები იყოს გათვალისწინებული და პროფესიონალებმა კულტურის სამინისტროდან, კულტურის და ძეგლთა დაცვის სააგენტოდან თუ UNESCO-დან, თქვან, რომ ეს არის სწორი; დანარჩენებმა - ბიზნესმაც, თვითმმართველობამაც ყველამ ცოტ-ცოტა ჩვენი ამბიციები უნდა დავიოკოთ, რადგან სხვანაირად მცხეთა ვერ განვითარდება.

- ვინ უნდა გადაწყვიტოს ეს საკითხი?

- სახელმწიფო კომპლექსურად უნდა მიუდგეს...

- თქვენი აზრით, მცხეთაში მორატორიუმის დასრულება არაა სახელმწიფოს პრიორიტეტი?

- აბსოლუტურად ყველა უწყება იყო ჩართული ქალაქ მცხეთის გენერალური გეგმის პროექტის შემუშავებაში და საჭიროა, პოლიტიკური ნება გადაწყვეტილების მისაღებად.

- დღეს ასეთი ნება არაა?

- არ არის. წლების განმავლობაში ჩანჩალით მიდის და ამ პროცესებმა გამოიწვია ის, რომ მცხეთაში ყველაფერი შეზღუდულია. გაურკვეველია, ქალაქში რისი გაკეთება არის შესაძლებელი და რისი - არა ან მომავალში რა იქნება შესაძლებელი. ასეთმა ჩაკეტვამ გამოიწვია უკანონო, ჩუმი, ფარული მშენებლობები და რეაბილიტაცია...

- ხშირია მსგავსი ფაქტები?

- ძალიან ხშირია...

- თუ უკანონოდ ხდება ეს, თვალს ხუჭავენ შესაბამისი უწყებები?

- ახლა განსაკუთრებით მიშვებულია. იქ (შალვა კერესელიძე 2018-2020 წლებში მცხეთა-მთიანეთის რწმუნებული იყო) რომ ვიყავი, ვინმე თუ უკანონო მშენებლობას დაიწყებდა, მაქსიმალურად ვრეაგირებდით, მაგრამ ახლა მცხეთაში რომ გაიაროთ, მცხეთის შესასვლელშივე, ხიდზე როგორც კი გადახვალთ, პირდაპირ იგრძნობთ კორუფციის სურნელს - ქალაქს რომ გადახედავთ, იმდენი რაღაცაა არასწორად გაკეთებული, რაზეც არც UNESCO-ს და არც შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მხრიდან ნებართვა არაა გაცემული... 2024 საპარლამენტო არჩევნების წელია და დიდი იმედი მაქვს, მცხეთის გენგეგმის დამტკიცებაზე და შესაბამისად, მორატორიუმის დასრულებაზე, გადაწყვეტილებას მიიღებენ. მორატორიუმი იმდენად სხვათაშორის, მახსოვს, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, თავად ბიძინა ივანიშვილი გამოიყვანეს „იმედის“ ეთერში და ამ საკითხის გადაჭრაზე პირობა საჯაროდ დაადებინეს.

მცხეთაში მორატორიუმის დასრულების პირობა ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამაც დადო 2020 წლის სექტემბერში, როდესაც მცხეთელებს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად შალვა კერესელიძე წარუდგინა. „ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ, რაც შეიძლება მალე, გონივრულ ვადაში, მორატორიუმის პრობლემა გადავწყვიტოთ, ისე, რომ მცხეთელებმა ნორმალურ, კომფორტულ გარემოში განვითარება შეძლონ, იმიტომ, რომ ქალაქი მარტო კედლები არ არის, ადამიანების, მცხეთელების გარეშე მცხეთა არ არსებობს“, - ამბობდა გიორგი გახარია.

მცხეთის გენგეგმის პროექტსა და გამოცხადებული მორატორიუმის შესახებ განახლებული ინფორმაციის მოძიებას BMG შესაბამისი უწყებებისგან შეეცდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები