ირაკლი კობახიძის მიერ პარლამენტში წარდგენილ ახალ სამთავრობო პროგრამაში წერია, რომ საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალის ოპტიმალურად ათვისებისა და ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, ენერგეტიკის სფეროს ფართომასშტაბიანი რეფორმა გაგრძელდება.
მათ შორის დოკუმენტის მიხედვით წელს იგეგმება ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება, რომლის გახსნაც დღემდე 6-ჯერ გადავადდა: „დარგში თავისუფალი საბაზრო ურთიერთობების გაძლიერების მიზნით, ენერგიის გადაცემისა და განაწილების საქმიანობა გაიმიჯნება ენერგიის გენერაციის, ვაჭრობისა და მიწოდების საქმიანობისგან.
ამოქმედდება საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა, რომელიც უზრუნველყოფს ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენტული და ღია ბაზრის პრინციპების დანერგვას.
ეტაპობრივად მოხდება მსხვილი მომხმარებლების ბაზარზე გაყვანა, მათი მოხმარების სიდიდისა და ძაბვის მიხედვით. პარალელურად, განხორციელდება შესაბამისი რეგულირებული სადგურების ეტაპობრივი დერეგულირება სიმძლავრეების მიხედვით. გაგრძელდება მთელი რიგი რეფორმები, რომელიც ხელს შეუწყობს ენერგეტიკული სექტორის შემდგომ განვითარებას, სექტორის სტრუქტურულ გაუმჯობესებას და განახლებადი ენერგიების პოტენციალის გამოყენებას“.
ამავე დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ 2024 წელს მოხდება შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების დამტკიცება „ენერგოეფექტურობის შესახებ“, „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ და „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“, კანონების შესაბამისად, რომელიც ხელს შეუწყობს ენერგოეფექტურობის სტანდარტების დანერგვას, ენერგოეფექტურობის სერტიფიცირების სისტემის შექმნას, ბაზარზე პროფესიონალი კადრების გაჩენას, განახლებადი ენერგიის გაერთიანებებისა და თვითმომხმარებლების ჩამოყალიბებას და ბიოსაწვავის საკანონმდებლო ჩარჩოს რეგულირებას და ა.შ.
აღსანიშნია, რომ ახალი სამთავრობო პროგრამით, 2024 წელს მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით მწვანე ზრდის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა უნდა მომზადდეს.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც დოკუმენტშია გაწერილი 2024 წელს მწვანე წყალბადის საპილოტე პროექტის განხორციელებაა, რომელიც ამ მიმართულებით საქართველოში არსებული პოტენციალის შესწავლას შეუწყობს ხელს.
პრემიერობის კანდიდატის სამთავრობო პროგრამის მიხედვით, საქართველოს მთავრობის მიერ ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილი რეფორმების მხარდაჭერა 2024 წელსაც გაგრძელდება ახალი, ევროპის მწვანე შეთანხმებიდან (European Green Deal) გამომდინარე შექმნილი პროგრამით (“PBL 2.0“, ანუ „საქართველოს მწვანე შეთანხმება“), რომელიც უკვე ორიენტირებულია, როგორც ენერგეტიკული, ისე კლიმატის და გარემოსდაცვითი სექტორების პოლიტიკის რეფორმებზე მწვანე მიზნების მისაღწევად.
გარდა ამისა, საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალის ოპტიმალური ათვისებისა და ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, მომდევნო წლებში შემდეგი ნაბიჯების გადადგმაა გაწერილი:
- გაგრძელდება ენერგიის განახლებადი წყაროების განვითარებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა. განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის ახალი სქემის ფარგლებში, 2024 წლის თებერვალში დასრულდება სიმძლავრის მეორე აუქციონი 800 მგვტ სიმძლავრისთვის. ასევე, დაგეგმილია მესამე აუქციონიც. გაგრძელდება მიმდინარე განახლებადი ენერგიის პროექტები. 2024 წელს დასრულდება დამატებით 12 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, ჯამური დადგმული სიმძლავრით 157 მგვტ.
- გარდაბნის მუნიციპალიტეტში იგეგმება 350-430 მეგავატიანი კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის პროექტში კერძო ინვესტიციების/ინვესტორების მოზიდვა, შემდგომი ყველა შესაბამისი ღონისძიების (დაპროექტება, მშენებლობა, ოპერირება) უზრუნველყოფის მიზნით.
- ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების და გადამცემი ქსელის გაძლიერების მიზნით, საქართველოში დამატებით 1000 კმ-ზე მეტი ელექტროგადამცემი ხაზები აშენდება, მათ შორის, განმტკიცდება და გაძლიერდება მეზობელ ქვეყნებთან დამაკავშირებელი ხაზები.
- აქტიურ ფაზაშია შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის პროექტი. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკურ დასაბუთებაზე, რომელიც 2024 წლის ივლისისათვის დასრულდება. პარალელურად, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ მუშაობს პროექტისთვის საჭირო გარემოს და სოციალური ზემოქმედების, ასევე, ზღვის ფსკერის გეოტექნიკური და გეოფიზიკური კვლევების ანგარიშის ჩასატარებლად მომსახურების შესყიდვაზე.
- მოსახლეობის ენერგორესურსებზე წვდომისა და მიწოდების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით, გრძელდება რეგიონების გაზიფიცირების პროექტი. 2024 წელს ბუნებრივი გაზის მიწოდების ქსელი აშენდება 134 დასახლებული პუნქტისთვის.