მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თუ ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობა არ დავიწყეთ, შეცდომებს ვერასდროს დავინახავთ - პაატა ცინცაძე

პაატა ცინცაძე

ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება, სადაც საბითუმო ელექტროენერგიის ღირებულება უნდა განისაზღვროს, გეოპოლიტიკური რისკების გათვალისწინებით უკვე ექვსჯერ გადავადდა. ბაზრის გახსნისთვის ტექნიკურად ქვეყანა მზად არის, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ღია ბაზრის კონცეფციაში გათვალისწინებულია იმპორტირებული ელექტროენერგიაც, ბაზრის გახსნას შესაძლებელია ფასების მხრივ რყევები გამოეწვია, ამიტომ მთავრობამ ბირჟის ამოქმედება 2024 წლის 1 ივლისამდე გადადო.

ენერგეტიკოსი პაატა ცინცაძე აცხადებს, რომ ზემოთ ხსენებული რისკის გათვალისწინებით ბირჟის გახსნის გადავადება შესაძლოა სწორი იყოს, თუმცა თვლის, რომ ადრე თუ გვიან ბირჟა უნდა გაიხსნა.

„ის, რატომაც გადაიდო ბაზრის გახსნა, ეს გამოწვეულია იმ რისკებით, რომელსაც ველოდებით იმპორტიორი ქვეყნებიდან. არც აზერბაიჯანში და არც რუსეთში ელექტროენერგიის ფასები მხოლოდ ეკონომიკურ მექანიზმებზე არ არის დამოკიდებული და გარკვეულწილად შეიცავენ პოლიტიკურ მდგენელსაც. უნდა გავუფრთხილდეთ ამ მომენტს.

შეიძლება ხელოვნურად გაიზარდოს საქართველოში ფასები, თუ იმპორტული ელექტროენერგია იქნება ძვირი, ანუ შემოვა მაღალ ფასში. ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ რუსეთიდან შემოსული ელექტროენერგიის ფასს. ან შეიძლება პირიქით იყოს, ძალიან დაბალი, დემპინგური ფასით შემოვიდეს და ახალი გენერაციის ობიექტების მშენებლობა შეფერხდეს, რაც არის სერიოზული რისკი, რასაც უნდა გავუფრთხილდეთ ბირჟის გახსნის დროს.

ამიტომაც შეიძლება სწორიც არის, რომ გადავადდა, თუმცა მე ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ უნდა დავიწყოთ, ადრე თუ გვიან უნდა დავიწყოთ. რა თქმა უნდა იქნება რაღაც გარკვეული წინააღმდეგობები, იქნება რაღაც შეცდომებიც, მაგრამ თუ არ დავიწყეთ, ამას ვერასდროს დავინახავთ“,-აცხადებს პაატა ცინცაძე.

რა ფორმით გაიხსნება ბირჟა ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა გაცხადებულია, რომ ეკონომიკის სამინისტრო გეგმავს ელექტროენერგეტიკის და გაზის ბაზრები ერთად გახსნას, განიხილება ბირჟაზე ნებაყოფლობით ვაჭრობის პრინციპის შემოტანაც.

„მივესალმები იმ გარემოებას, რომ ბირჟაზე ვაჭრობა იქნება ნებაყოფლობითი, ეტაპობრივი, არ არის აუცილებელი ყველამ ერთდროულად მონაწილეობა მიიღოს ბირჟაზე ვაჭრობაში. მაგალითად, თურქეთში ელექტროენერგიის სულ 25% ივაჭრება დღით ადრე ბაზარზე. ჩვენ შეგვიძლია აქედანაც დავიწყოთ, ჯერ მხოლოდ 25% გავიდეს ბაზარზე, შემდეგ მოიმატოს თუ რა თქმა უნდა ეს ბირჟა იქნება სასარგებლო ენერგეტიკული კომპანიებისთვის და მომხმარებლებისთვისაც“,-აცხადებს პაატა ცინცაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები