მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგეტიკული ბირჟა უნდა გავხსნათ... ბაზრის კონცეფცია უნდა გადაიხედოს - პაატა ცინცაძე

ცინცაძე

„ენერგეტიკული ბირჟის მოდელი მაქსიმალურად უნდა გამარტივდეს“ - თვლის საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი. "რედაქტ2"-თან ინტერვიუში პაატა ცინცაძე იმ რისკებზე საუბრობს, რაც ბაზრის გახსნის არსებულ კონცეფციას შესაძლოა ახლდეს თან. მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი რისკი ბირჟაზე იმპორტის დემპინგური ფასებით მონაწილეობაა, რამაც ენერგეტიკაში შესაძლოა ინვესტიციები შეაჩეროს.

„თუ ჩვენ არ გადავდგით ნაბიჯი და არ დავიწყეთ ბირჟის ამოქმედება, ვერც ვერასდროს ავამოქმედებთ. ბირჟა უნდა გავხსნათ, არა მარტო იმიტომ, რომ ეს ჩვენი ვალდებულებაა, არამედ ჩვენთვის სასარგებლო იქნება. მე ვეთანხმები ენერგეტიკული გაერთიანების მოსაზრებას იმ ნაწილში, რომ ბაზრის კონცეფცია უნდა გადაიხედოს.

ჩემი აზრით, უნდა გამარტივდეს მაქსიმალურად. ძალიან რთულია, როდესაც ერთდროულად გვინდა ჩვენ ბაზარზე გავიყვანოთ, დავაწყებინოთ ვაჭრობა და ერთად მოვუყაროთ თავი თბოსადგურებს, ენგურჰესს, მცირე სადგურებს, იმპორტს. ეს იქნება ძალიან რთული და შედეგებიც არ მგონია, რომ პროგნოზირებადი იყოს. ამას ბევრი სირთულე შეიძლება მოჰყვეს.

ერთი, რაც ცხადია, იმპორტის მონაწილეობა ამ ბაზარზე არის სახიფათო, რადგან ჩვენი მეზობლები დიდად არ გამოირჩევიან ენერგეტიკაში ეკონომიკური წესებით ტარიფების დადგენაში. ელექტროენერგიის ფასებში, რომელიც შიგნით აქვთ, თუ ექსპორტზე ახდენენ მათ გატანას, ხშირად არის ხოლმე პოლიტიკური მდგენელი, რამაც შეიძლება ჩვენს ბაზარზე ცუდი გავლენა მოახდინოს. შეიძლება დაადემპინგონ ფასები. ეს ნიშნავს, რომ ფასების შემცირების შემთხვევაში CFD მექანიზმის ფარგლებში შეიძლება ისეთი მედიანური ტარიფი მივიღოთ, რომ ინვესტიციები გაჩერდეს. ასევე შესაძლოა ხელოვნურად ასწიონ ფასები და ამით გამოიწვიონ მომხმარებლების უკმაყოფილება“,-განაცხადა პაატა ცინცაძემ.

ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ბაზრის კონცეფცია უნდა გადაიხედოს და ბირჟაზე ვაჭრობა პირველ ეტაპზე მხოლოდ CFD მექანიზმში მონაწილე კომპანიებისთვის უნდა იყოს სავალდებულო.

„კარგი იქნებოდა თუ ბაზარს გავხსნიდით მხოლოდ CFD მექანიზმის ფარგლებში მომუშავე სადგურებისთვის ან მცირე სადგურებისთვის, ენგურის ან თბოსადგურების გარეშე, იმპორტის გარეშე. მაქსიმალურად უნდა გავამარტივოთ ბირჟის მოდელი. არავინ გვიშლის შემდეგ დავხვეწოთ და განვავითაროთ და მივიღოთ ის ბირჟა, რომელიც გვინდოდა მიგვეღო.

CFD მექანიზმში მონაწილე კომპანიებისთვის ბირჟაზე ვაჭრობა უნდა იყოს სავალდებულო. სხვანაირად მედიანური ტარიფის დაანგარიშება იქნება ძალიან რთული. ახლა მხოლოდ ესკოს შეუძლია ამის გაკეთება. გავამარტივოთ, გავხსნათ და მერე დავიწყოთ მისი მოჩუქურთმება“,-განაცხადა ცინცაძემ.

საქართველოში ენერგეტიკული ბირჟას სრულფასოვანი ფუნქციონირება ჯერ კიდევ 2021 წლის 1 ივლისს უნდა დაეწყო, თუმცა მისი გახსნა რამდენჯერმე გადავადდა. დღით ადრე ბაზრის, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრისა და დღიური ბაზრის გაშვება ამჯერად 2024 წლის 1 ივლისს არის დაგეგმილი. ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, გადავადების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზი რეგიონში არსებული გამოწვევებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები