მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მწვავე გვალვის გამო სიცილიელი ფერმერების ზარალი €1 მილიარდს აღწევს

იტალია

2023 წლის ბოლო 6 თვის განმავლობაში სიცილიაში მხოლოდ 150 მილიმეტრი ნალექი მოვიდა - რამდენიმე თვის შემდეგ კი, გვალვის გამო, რეგიონულმა მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რის შემდეგაც დარტყმები მოსახლეობაზე, ეკონომიკაზე, სოფლის მეურნეობაზე თუ წყლის მარაგებზე, ჩვეულებრივ ამბად იქცა.

სიცილიელი ფერმერები უკვე საუბრობენ გვალვის შედეგებზე. დონატელა ვანადია Euronews-თან საუბარში აცხადებს, რომ ფერმის ცხოველებისთვის აუცილებელი თივის წარმოებაც კი, გვალვის გამო, 30-40%-მდე შემცირდება. მისი განმარტებით, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, თივის გასახმობად საჭირო ბალახის მოსავალი შემცირებულია. ამასთან, ვანადია მედიასთან აცხადებს, რომ წყლის დეფიციტის გამო არსებობს რძის წარმოების შემცირების რისკიც.

სიცილიაში წყლის მთავარი წყარო რეზერვუარებია, რომელთა შევსებაც უხვნალექიან ზამთარზეა დამოკიდებული - მოვლენაზე, რომელიც, ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებულად იშვიათია.

Euronews-თან საუბარში კატანიის უნივერსიტეტის პროფესორი ლუიჯი ჩირელი განმარტავს, რომ 2003 წლიდან დღემდე იტალიის ამ ნაწილში წვიმიანობა 40%-ზე მეტით შემცირდა, რამაც არა მხოლოდ რეზერვუარების შევსების, არამედ წყლის დისტრიბუციის პრობლემებიც გააჩინა. ჩირელის განმარტებით, პრობლემა წყლის დეფიციტი არა მხოლოდ წვიმის ნაკლებობით, არამედ მთავრობის ხარვეზებითაც აიხსნება. მისი თქმით, ბოლო 25 წლის განმავლობაში წყალსაცავების მოუვლელობის გამო მათი ტევადობა მნიშვნელოვნად შემცირდა - შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამინდი წვიმიანია, რეზერვუარი დიდი ოდენობით წყალს ვერ აკავებს.

სიცილიის წყლის კრიზისი ფერმერებს საკუთარი ბიზნესების დახურვისა და სიცილიის დატოვებისკენ უბიძგებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, გვალვის ეფექტი ვრცელდება ხმელთაშუა ზღვისთვის დამახასიათებელ ყველა მცენარეზე, შემცირებულია ციტრუსისა და, მათ შორის, ზეითუნის ზეთის წარმოებაც, რაც ინდუსტრიის განვითარებას აფერხებს.

მაისის თვეში იტალიის მთავრობამ სიცილიაში საგანგებო მდგომარეობის აღმოსაფხვრელად 20 მილიონი ევრო გამოყო, თუმცა, როგორც იტალიის ფერმერთა კონფედერაციის პრეზიდენტი, გრაციანო სკარდინო აცხადებს, ეს დაფინანსება აისბერგის მხოლოდ წვერია.

მისი თქმით, სამთავრობო რეგიონული გეგმა პრობლემის გადასაჭრელად საკმარისი არ არის, ფერმერებისთვის ზარალის კომპენსაცია კი მასში გათვალისიწნებულიც არ არის.

“სამწუხაროდ, ფერმერების ზარალის კომპენსაციას ვერაფერი შეძლებს. დღეს დადასტურდა, რომ ზარალის მოცულობა 1 მილიარდ ევროს აჭარბებს. გვჯერა და ვიმედოვნებთ, რომ ევროპული არჩევნების შემდეგ, პოლიტიკოსები ამ პროცესში უნდა ჩაერთონ და უზრუნველყონ ისეთი ზომების მიღება, რომლებიც მხოლოდ ქაღალდზე გაწერილ რეგულაციებად არ დარჩება”, - განუცხადა ასოციაციის პრეზიდენტმა Euronews-ს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები