დღეს, 23 ივნისს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს მოუსმინეს, რომელმაც დეპუტატებს ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ 2025 წლის ანგარიში გააცნო.
სახალხო დამცველის განცხადებით, 2025 წელს საპროტესტო აქციებთან დაკავშირებული დაკავებებისა და სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტების რაოდენობა 2024 წელთან შედარებით შემცირდა, თუმცა პრობლემა კვლავ აქტუალურია. მისი თქმით, ანგარიშის მომზადების დროისთვის სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა აქციებზე დაკავებული 573 პირი მოინახულეს, რომელთაგან 302 სავარაუდო არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა, ხოლო 194-ს დაზიანებები აღენიშნებოდა. იოსელიანის შეფასებით, მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს სამართალდამცავთა მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტების ეფექტიანი გამოძიება და ყველა პასუხისმგებელი პირის გამოვლენა. მან ასევე აღნიშნა, რომ 2024 წლის საპროტესტო აქციების დროს გამოვლენილ ძალადობის საქმეებზე 2026 წლის მაისში უკვე წარედგინა ბრალდება 5 სამართალდამცავს, რაც მისი თქმით, პოზიტიური ნაბიჯია, თუმცა გამოძიების სრულყოფილად და დროულად დასრულება კვლავ გამოწვევად რჩება.
ომბუდსმენის გამოსვლიდან მთავარ საკითხებსა და აქცენტებს სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს:
„სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა პლენარულ სხდომაზე სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების მიმართულებით კანონმდებლობის გამკაცრებასა და ახალი, შემზღუდავი რეგულაციების სიმრავლესა და მათ შორის, შეკრების გამართვის ადგილთან და ფორმასთან დაკავშირებით დამატებითი შეზღუდვების დაწესებაზე ისაუბრა. აღნიშნა, რომ უფლების საკანონმდებლო დაცვის გარანტიების შესუსტებას თან სდევდა არაპროპორციული სახდელების დაწესება შეკრების თავისუფლებით სარგებლობასთან დაკავშირებული სამართალდარღვევებისთვის.
ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია შეკრების მონაწილეთა ცალკეული მშვიდობიანი ქმედებების უალტერნატივოდ დაქვემდებარება ადმინისტრაციული პატიმრობისთვის, ისევე როგორც მათი განმეორებით ჩადენისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესება.
საყურადღებოა, რომ შეკრების ჩატარების შესახებ წინასწარი გაფრთხილების ვალდებულება გავრცელდა იმ შემთხვევებზეც, როდესაც შეკრება „ხალხის სავალ ადგილას“ ან „ხალხის მოძრაობას აფერხებს“, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიენიჭა სავალდებულო მითითების გაცემის უფლებამოსილება, რაც ქმნის ნებართვითი სისტემის დანერგვის რისკს. შეკრების თავისუფლების მზღუდავი რიგი საკანონმდებლო ნორმები სახალხო დამცველმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.
აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში შეკრების თავისუფლების მზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები პრაქტიკაში აქტიურად გამოიყენებოდა, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174¹-ე მუხლის საფუძველზე გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტების განსაკუთრებული სიმრავლით დასტურდება - 2024 წლის პირველი ნოემბრიდან 2025 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის 8200 შემთხვევას ჰქონდა ადგილი.
2025 წელს ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემად გამოიკვეთა საჯარო მოხელეთა თანამდებობებიდან გათავისუფლების ფაქტები, რაც, სავარაუდოდ, მათ მიერ საჯაროდ გამოხატულ პოლიტიკურ და სამოქალაქო პოზიციებს უკავშირდებოდა.
თანასწორობის პრინციპის მნიშვნელობიდან გამომდინარე დაუშვებელი და უკანონოა საჯარო მოხელეთა გათავისუფლება მათ მიერ ღიად გამოხატული სამოქალაქო პოზიციისა თუ მოსაზრებების გამო, ან მათთვის რაიმე სახის მითითების მიცემა დაკავებული პოზიციის საკუთარი სურვილით დატოვებასთან დაკავშირებით.
გამოხატვის თავისუფლება ვრცელდება სამუშაო ადგილზე, ხოლო ნებისმიერი საკადრო გადაწყვეტილება უნდა მიესადაგებოდეს ამ უფლების დაცვის კონსტიტუციურ გარანტიებს და არ უნდა ატარებდეს თვითნებურ ხასიათს.
გამოხატვის თავისუფლებით სრულფასოვნად სარგებლობაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა ასევე „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილმა ცვლილებებმა, რომლითაც შეიზღუდა სასამართლო სხდომების საჯაროობის პრინციპი და, შესაბამისად, მართლმსაჯულების საქვეყნოობისა და გამჭვირვალობის მანამდე არსებული პრაქტიკა.
საკანონმდებლო ცვლილებებით შემოტანილი მოდელით, სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზსა და სასამართლოს ეზოში დაუშვებელია ფოტო, კინო, ვიდეოგადაღება, ტრანსლაცია და აუდიო ჩაწერა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას სასამართლო ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირი ახორციელებს.
მოცემულ შემთხვევაში, კომპენსირების მექანიზმად შეიძლება მივიჩნიოთ სასამართლოსთვის დაკისრებული პირდაპირი ინსტიტუციური ვალდებულება, თავად უზრუნველყოს პროცესის სრული აუდიო-ვიდეო ჩაწერა და მოთხოვნისთანავე გახადოს იგი ხელმისაწვდომი მხარეებისთვის“.



























