მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მუნიციპალიტეტებში დასაქმებულთა რაოდენობა დაუსაბუთებლად გაიზარდა – აუდიტის ანგარიში

61d4081cbd183
დავით ჯალაღონია
04.01.22 18:51
1117
სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის თანახმად, 2014–2019 წლებში, მუნიციპალიტეტებში დასაქმებულთა რაოდენობა დაუსაბუთებლად არის გაზრდილი.

"მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტებმა ამ პერიოდში ფუნქციონირებადი ა(ა)იპ-ების რაოდენობა 772 ერთეულიდან 723 ერთეულამდე შეამცირეს, ადმინისტრაციის თანამშრომელთა რაოდენობა შემცირების ნაცვლად 1,435 დასაქმებულით გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ ა(ა)იპ-ების შერწყმა-გაუქმება მუნიციპალიტეტებმა ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება/ოპტიმიზაციის მიზნით განახორციელეს. მიუხედავად ამისა, ორგანიზაციების შემცირებით ადმინისტრაციული პერსონალი 25%-ით გაიზარდა, ხოლო შრომის ანაზღაურების ზრდამ 71% შეადგინა. მონაცემების საფუძველზე შესაძლებელია დავასკვნათ, რომ 2019 წლის მდგომარეობით შტატების რაოდენობა დაუსაბუთებლად არის გაზრდილი", – წერს აუდიტის სამსახური.

უფრო დეტალური მონაცემები კი ასეთია – აუდიტის სამსახურის ცნობით, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში ჯამში დასაქმებული იყო 61 401 თანამშრომელი და მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურებაზე იმავე წელს გაცემულია 262,210.1 ათასი ლარი.

"მერიებიდან მიღებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ა(ა)იპ-ებში დასაქმებული იყო 40 074 კაცი. აღნიშნული მაჩვენებელი 2019 წლისთვის 17 932 დასაქმებულით გაიზარდა და 58 006 კაცი შეადგინა. რაც შეეხება თბილისს, 2015 წლიდან 2019 წლამდე დასაქმებულთა რაოდენობა 2876-დან 3395-მდე გაიზარდა. შედარებისთვის, სსიპ − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში 2014 წლიდან 2019 წლამდე დასაქმებულთა რაოდენობა 40.9 ათასი კაცით გაიზარდა, ხოლო ა(ა)იპ-ებში იმავე პერიოდში მომუშავეთა ზრდამ 18.5 ათასი კაცი შეადგინა, რაც ჯამში დასაქმებულთა რაოდენობის ზრდის 45%-ია. აღსანიშნავია, რომ მთლიანად სახელმწიფო სექტორში 2019 წლის მონაცემების მიხედვით დასაქმებული არის 299 700 ადამიანი. შესაბამისად, (ა)იპ-ებში მომუშავეთა რიცხვი მთლიანად სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა 20.5%-ია", – წერს აუდიტის სამსახური.





მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე, სახელმწიფო აუდიტის სამსახური მუნიციპალიტეტებს რეკომენდაციას აძლევს, რომ აღმასრულებელმა და წარმომადგენლობითმა ორგანოებმა ა(ა)იპ-ების საქმიანობის დაგეგმვის და მართვის პროცესში იხელმძღვანელონ ხარჯთეფექტურობის პრინციპიდან გამომდინარე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები