მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მუნიციპალიტეტების განვითარებისთვის საკმარისი არ გაკეთებულა... ხალხი იძულებულია, სამუშაო თბილისში ეძებოს - ანალიტიკოსი

დავით მაისურაძე

საქსტატის საქართველოს მოსახლეობის 2024 წლის აღწერა აჩვენებს, რომ საქართველოში ურბანიზაცია სწრაფი ტემპებით გრძელდება. კერძოდ, საქსტატის მონაცემების თანახმად, ქალაქების მოსახლეობა იზრდება, ხოლო სოფლების მცირდება. შედეგად, ქალაქში მცხოვრებთა წილი 62.5%-მდე გაიზარდა, ხოლო სოფლებში 37.5%-მდე შემცირდა. საქსტატის თანახმად, თბილისის მოსახლეობის რაოდენობა 1 331 485-მდე გაიზარდა, რაც მთელი საქართველოს მოსახლეობის 34%-ია.

როგორც ანალიტიკოსი დავით მაისურაძე BMG-სთან მოსახლეობის აღწერის მონაცემების შეფასებისას აღნიშნავს, მზარდი ურბანიზაციის ტენდენცია იმაზე მიუთითებს, რომ რეგიონებსა და სოფლების უმეტესობაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა კვლავ მძიმეა, რის გამოც მოსახლეობის დიდი ნაწილი საცხოვრებლად და სამუშაოდ დიდ ქალაქებში, მათ შორის თბილისში გადმოდის.

ანალიტიკოსი ამბობს, რომ ეს გარემოება თავის მხრივ რეგიონებში არსებული სახელმწიფო სერვისებისა და პროგრამების ეფექტიანობასაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

“ევროკავშირის ქვეყნებში ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელი, რაც მე პირადად მომწონს და რაც ზოგადად ძალიან კარგია და ამიტომ არის მისაბაძი და გადმოსაღები მაგალითი, არის ის, რომ მუნიციპალიტეტში არსებული ქალაქები განვითარებულია. განვითარებაში ვგულისხმობ იმას, რომ მაგრამ ადგილზე ხელმისაწვდომია სხვადასხვა სახის სერვისები, რაც მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია, მაგალითად სამედიცინო სერვისი, განვითარებული სატრანსპორტო მომსახურება და ა.შ. ამიტომ მოქალაქეები ადგილზე რჩებიან და მონაწილეობას იღებენ სამუშაო ადგილების შექმნაში. შედარებით პატარა ქალაქები განვითარებულია, ცოცხალია და ნაკლებად არის სურვილი მოქალაქეების მხრიდან, გადავიდნენ და ცხოვრება გააგრძელონ ქვეყნის დედაქალაქში.

ჩვენს შემთხვევაში მდგომარეობა განსხვავებულია. საქართველოში ძირითადი დასაქმების ადგილი არის თბილისი, ამიტომ როგორც წესი ჩვენ გვაქვს შიდა მიგრაცია, რომელიც, სამწუხაროდ, რეგიონებს კლავს პირდაპირი მნიშვნელობით და სოფლებს აცარიელებს. იმიტომ რომ იქ ადგილზე მოსახლე იძულებულია წამოვიდეს თბილისში ან ბათუმში და აქ ეძებოს სამუშაო ადგილი იმისთვის, რომ არჩინოს საკუთარი თავი, განვითარდეს, არჩინოს ოჯახი და ა.შ. ამიტომ ბოლო 10 წლის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ადგილზე რეგიონებში, მუნიციპალიტეტების განვითარების თვალსაზრისით თუ აქტიური სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით, რაც გაკეთდა, ის ნამდვილად საკმარისი არ არის იმისთვის, რომ საქართველომ, როგორც ერთიანმა ორგანიზმმა, არსებობა გააგრძელოს მუნიციპალიტეტების ხარჯზე.

რომ დავაკვირდეთ სტატისტიკას, განსაკუთრებით თვალშისაცემია სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის რაოდენობის კლება. თითქმის 30%-ით შემცირდა მოსახლეობა ხულოს მუნიციპალიტეტში. ზრდის ტენდენცია მხოლოდ რამდენიმე მუნიციპალიტეტში არის, მასიურად, როგორც წესი, ყველა მუნიციპალიტეტში სამწუხაროდ მოსახლეობა მცირდება.

ის პროექტები, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს, ისეთ შედეგს არ იღებს, როგორიც თითოეულ ჩვენგანს გვინდა. დადებითი შედეგი იქნებოდა, მაგალითად, რომელიმე მუნიციპალიტეტში სახელმწიფოს რომ გაეხსნა დიდი ქარხანა, დიდი წარმოება, ახალი მიზიდვის ადგილი შეექმნა და შემდეგ, რამდენიმე წლის პერსპექტივაში, შეგვძლებოდა დაკვირვება განგვეხორციელებინა მუნიციპალიტეტზე, რამდენად ამ კონკრეტულმა წარმოებამ მისცა მუნიციპალიტეტს დადებითი შედეგი მოსახლეობის რაოდენობის ზრდის თვალსაზრისით.

ასევე უშუალოდ სერვისებზე ხელმისაწვდომობა, მაგალითად სამედიცინო სერვისებზე, სატრანსპორტო სერვისებზე ხელმისაწვდომობა, წყალი, გაზი, დენი. შესაძლოა, მეტ-ნაკლებად კომუნიკაციები არის ხელმისაწვდომი, მაგრამ სამწუხაროდ, ძალიან ხშირად გვესმის პრობლემები მათ შორის სამედიცინო სერვისებთან დაკავშირებით. შედეგად, მოსახლეობა სრულიად ლოგიკურ გადაწყვეტილებას იღებს, იძულებულია გადავიდეს ისეთ საცხოვრებელ ადგილას, სადაც სერვისები ხელმისაწვდომია”, - განაცხადა დავით მაისურაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები