მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მუნიციპალიტეტებს პროექტების შესრულებისთვის დამატებით 5 წელი მიეცემათ

პარლამენტი

"ქართული ოცნების" მთავრობას „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილებები შეაქვს. ცვლილებების შემდეგ, მუნიციპალიტეტებს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის სახელმწიფო უწყებების მეშვეობით განხორციელების შესაძლებლობა 2026 წლის ნაცვლად, 2031 წლის 1-ელ იანვრამდე ექნებათ.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 159-ე მუხლის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო უწყება უფლებამოსილია განახორციელოს მუნიციპალიტეტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისათვის აუცილებელი ინფრასტრუქტურული პროექტები.

ამავე ორგანული კანონის 167-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მოქმედების ვადად განსაზღვრულია 2026 წლის 1 იანვრამდე პერიოდი. ამავდროულად, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს მუნიციპალიტეტების მომართვისა და მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე, დაწყებული აქვთ არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისათვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები, რომელთა დასრულების შედეგად, პროექტები უნდა გადავიდეს განხორციელების აქტიურ ფაზაზე. აღნიშნული კი, გასცდება კანონით დადგენილ ვადას.

ამიტომ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 159-ე მუხლის მოქმედების ვადა 2031 წლის 1 იანვრამდე გადავადდება, რაც საშუალებას მისცემს მუნიციპალიტეტებს შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მეშვეობით განახორციელონ და დაასრულონ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისათვის აუცილებელი სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი.

კანონპროექტის მიხედვით ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 167-ე მუხლის მეხუთე პუნქტში შედის ცვლილება და აღნიშნული კოდექსის 159-ე მუხლის მოქმედების ვადად განისაზღვრება 2031 წლის 1 იანვრამდე პერიოდი.

კანონპროექტის ავტორი რეგიონული განვითარების სამინისტროა. ცვლილებებს მხარი პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე დაუჭირა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები