ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა საგარეჯოში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურ საფარიანი სტადიონის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. ტენდერის სავარაუდო ღირებულება 6 მილიონ ლარს შეადგენს.
ფეხბურთის ახალი სავარჯიშო მოედანი 300 მაყურებელზე იქნება გათვლილი. ცენტრში უნდა მოეწყოს გუნდებისთვის და მსაჯებისთვის გასახდელები, საშხაპეები, სამედიცინო ოთახი და ტექნიკური სათავსოები.
ახალი სტადიონი კახეთის გზატკეცილის N19ა-ში, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ 31,725 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთზე იქნება განთავსებული.
"პრეტენდენტს, 2020 წლის 01 იანვრიდან ელექტრონული ტენდერისათვის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ სტატუსის მინიჭების თარიღამდე პერიოდში, არაუმეტეს 5 (ხუთი) დასრულებული ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 4,800,000.00 ლარის ღირებულების შენობა ან/და ნაგებობის მშენებლობის ან რეკონსტრუქციის ან რეაბილიტაციის (არ განიხილება მცირე სარემონტო სამუშაოები) სამუშაოები,"- ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ქვეყნის მასშტაბით, 50-ზე მეტი ტექნიკური ცენტრისა და ხელოვნურსაფარიანი სტადიონის აშენებას გეგმავს.
კომპანიებს ტენდერში წინადადებების წარდგენა 10 მარტამდე შეეძლებათ.




























