მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მუნიციპალური სერვისების პერსონალური კონსულტანტი - რა ეღირება ახალი მომსახურებით სარგებლობა?

თბილისის მერია

თბილისის მერია ახალ სერვისს ნერგავს - პირველი დეკემბრიდან მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ, მუნიციპალური სერვისების პერსონალური კონსულტანტის მომსახურებით ისარგებლონ. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„კიდევ ერთი სიახლე გვაქვს - პირველი დეკემბრიდან შესაძლებელი გახდება მუნიციპალური სერვისების პერსონალური კონსულტანტის მომსახურების მიღება, რაც იმას ნიშნავს, რომ დაინტერესებულ პირს, შესაბამისი საფასურის გადახდის სანაცვლოდ, შესაძლებლობა ექნება, მიიღოს მის ობიექტთან დაკავშირებული ინფორმაცია ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტის დამტკიცების, მშენებლობის ნებართვის გაცემის, შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესზე, ასევე, განმარტება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოვლენილი ხარვეზების თაობაზე. ბევრი მოქალაქე  ვერ ერკვევა აღნიშნულ დოკუმენტაციაში და ხშირად ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება ხოლმე. მაქვს ინფორმაცია, რომ არსებობს ბევრი არაკეთილსინდისიერი ადამიანი, რომელიც ეუბნება მათ, რომ დაეხმარება და მიდის თანხების გამოძალვა. შესაბამისად, იმისთვის, რომ ეს ყველაფერი თავიდან ავიცილოთ, მუნიციპალიტეტი მომხმარებელს სთავაზობს კონკრეტულ სერვისს, პერსონალურ კონსულტანტს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება სერვისის საფასურს, თბილისის მერის თქმით, პერსონალური კონსულტანტის 3-თვიანი მომსახურების საფასური იქნება 6 000 ლარი, თუ ობიექტის ფართობი არ აღემატება ერთ ჰექტარს; 12 000 ლარი, თუ ობიექტის ფართობი მეტია ერთ ჰექტარზე, მაგრამ არ აღემატება ხუთ ჰექტარს;  30 000 ლარი, თუ ობიექტის ფართობი მეტია ხუთ ჰექტარზე.

„ვფიქრობ, აღნიშნული სერვისის მიწოდება ძალიან მნიშვნელოვანია. მახსოვს, 2017 წელს, როდესაც ჩვენი უფლებამოსილების განხორციელება დავიწყეთ, ძალიან ბევრი პრობლემა დაგვხვდა - ათასობით პასუხგაუცემელი საბუთი, შემოსული მშენებლობასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებები არ იყო მიღებული, რაც დიდ დისკომფორტს უქმნიდა ბიზნესს, ქალაქის განვითარებას და ბევრი ადამიანი იყო უკმაყოფილო. რა თქმა უნდა, დღეს ეს პრობლემები აღარ გვაქვს, სანებართვო პროცედურების მიღება ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს, არანაირი დაგვიანება არ არსებობს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, ამ სერვისის შემოღება და კიდევ უფრო მეტი კომფორტის შექმნა როგორც ფიზიკური პირებისთვის, ისე კომპანიებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მათ ექნებათ შესაძლებლობა, გადაწყვიტონ, ფასიან კონსულტანტს აირჩევენ თუ თავად მიყვებიან საკუთარი საქმის წარმოებას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები