მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მუშაობს თუ არა სანქციები რუსული ნავთობის წინააღმდეგ?

რუსული ნავთობი

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ წელიწად-ნახევარია გასული, რუსულ ენერგორესურსებზე დასავლეთის ემბარგო კი უკვე თითქმის წელიწადია მოქმედებს. რა შედეგები გამოიღო დასავლეთის სანქციებმა და სად ყიდის რუსეთი თავის ნავთობს - ეს ის შეკითხვებია, რომლებზეც პასუხის გაცემას დღეს შევეცდებით.

პირველ რიგში, უნდა დავიწყოთ იმით, რომ რუსეთის ეკონომიკა თითქმის სრულად დგას ენერგორესურსების გაყიდვაზე. უფრო კონკრეტულად, მთლიანი შიდა პროდუქტის 60% ნავთობის და გაზის ექსპორტზე მოდის, მთავრობის საბიუჯეტო შემოსავლებში კი ენერგორესურსების წილი 70%-ს აჭარბებს. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ რუსი მილიარდერებისა და ოლიგარქების უმეტესობა სწორედ ბუნებრივ რესურსებთანაა დაკავშირებული, 10 უმდიდრესი რუსი ბიზნესმენიდან 7 ნავთობითაა გამდიდრებული.

ნავთობის ექსპორტის შეზღუდვას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს პუტინის ომის მანქანაზე და ამას დასავლეთიც კარგად აცნობიერებს. ამჟამად ევროკავშირში რუსული ნედლი ნავთობის და რაფინირებული საწვავის იმპორტი თითქმის სრულადაა აკრძალული და ამას სტატისტიკაც ცხადყოფს. მაგალითად, გასული წლის პირველ კვარტალში რუსული ნავთობის ექსპორტის 2/3 ევროკავშირის ბაზარზე მოდიოდა, ამჟამად კი ეს მაჩვენებელი 5%-ზე ნაკლებია.

ერთი შეხედვით ყველაფერი კარგადაა, თუმცა დეტალურ მონაცემებზე დაკვირვება შედარებით განსხვავებულ შთაბეჭდილებას დაგვიტოვებს.

დავიწყოთ იმით, რომ გასული წლის პირველ კვარტალში რუსეთს ექსპორტზე საშუალოდ ყოველდღიურად 3 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობი გაჰქონდა, ახლა კი ეს მაჩვენებელი 4 მილიონ ბარელს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ გლობალურ ბაზარზე რუსული ნავთობის ექსპორტი გაზრდილია.

სად გააქვს მოსკოვს ეს ნავთობი? - ამ შეკითხვაზე პასუხი მარტივია: აზიაში, კერძოდ, ჩინეთში, ინდოეთსა და თურქეთში. უფრო კონკრეტულად, რუსული ნავთობის 90%-ს სწორედ ჩინეთი და ინდოეთი ყიდულობენ. ამ ორ სახელმწიფოსთან მიმართებით ნამდვილად დრამატული ზრდა ფიქსირდება, მაგალითად, ომის დაწყებამდე ინდოეთის საერთო მიწოდებაში რუსეთის წილი 1%-ზე ნაკლები იყო, ახლა კი ის 60%-ს აჭარბებს.

ინდოეთთან მიმართებით საგანგაშო ცნობები მხოლოდ ამით არ სრულდება. გამოძიებიდან ირკვევა, რომ აკრძალვის მიუხედავად, რუსული ნავთობი ევროკავშირში მაინც შედის, თუმცა სახეცვლილი გზით. უფრო კონკრეტულად, ინდური ენერგოკომპანიები რუსულ ნედლ ნავთობს ყიდულობენ, მას ამუშავებენ და რაფინირებულ ბენზინსა და დიზელს ევროკავშირის ბაზარზე ყიდიან.

ამჟამად ინდოეთი რუსეთისგან ყოველდღიურად 2.5 მილიონ ბარელ ნედლ ნავთობს ყიდულობს. ამ მოცულობის დიდი ნაწილი კი რაფინირების შემდეგ ევროკავშირის ბაზარზე გადის.

ანალიტიკოსების შეფასებით, ექსპორტის ტენდენცია მზარდია და უახლოეს მომავალში ინდოეთი ევროკავშირის უმსხვილესი მიმწოდებელი გახდება, რომელიც პირველ ადგილს საუდის არაბეთს წაართმევს. ამ შემთხვევაში პრობლემური საკითხი კი ის იქნება, რომ რეალურად ინდოეთი არა ნავთობმომპოვებლის, არამედ რუსული ნავთობის გადამყიდველის როლს შეასრულებს, რაც, რა თქმა უნდა, ევროკავშირის სანქციებით არ არის გათვალისწინებული.

აქვე, ფინანსურ ასპექტსაც რომ შევეხოთ, მიმდინარე წელს რუსეთის ფედერაციის ეკონომიკის სამინისტრო ენერგორესურსების რეალიზაციით 88 მილიარდი დოლარის შემოსავლის მიღებას გეგმავს.

ეს თანხა რუსეთის ბიუჯეტში სწორედ ინდოეთის და ჩინეთის წყალობით შევა. ამ თანხის უდიდესი ნაწილი კი 60-დოლარიან საფასო ლიმიტზე უფრო ძვირად გაყიდული ნავთობით არის მიღებული, რაც წესით შეზღუდული უნდა ყოფილიყო.

მიმდინარე წლის ათი თვის მონაცემების ანალიზი ცხადყოფს, რომ დიდი შვიდეულის მიერ დაწესებულ სანქციებს რუსული ნავთობის წინააღმდეგ სასურველი შედეგი უბრალოდ არ გამოუღია, რადგან ბირჟაზე რუსული ნავთობის ფასი ამჟამად 80 დოლარს აღწევს, რაც საფასო ლიმიტთან ახლოსაც კი არ არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები