მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შეფერხება ნიშნავს დაბლოკილ ახალ სამუშაო ადგილებს”

600816cd15a8f
ლიკა გურაბანიძე
20.01.21 23:41
636

“დღეს უკვე კანონით დადგენილი ვალდებულებების შესრულების პროცესში უნდა ვიყოთ, რაც დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნიდა. ეს არის დაბლოკილი ახალი სამუშაო ადგილები, დაბლოკილი ბიუჯეტში შესატანი თანხები, დაბლოკილი ახალი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფის პროცესი.” - ამის შესახებ ააიპ "ჯორჯია პლასის" თავმჯდომარე გივი კალანდაძემ “საქმიან დილაში” მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც კალანდაძემ აღნიშნა, პრემიერთან სამუშაო პროცესის დაწყებაზე წერილი ორჯერ გააგზავნა, თუმცა უშედეგოდ.

“გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ამ თემაზე 2020 წლის არჩევნებამდე გვქონდა საუბარი, თუმცა თბილისის მერიასთან კომუნიკაცია მსგავს ფორმატში არ მახსენდება. ის აზრი, რომ ბიზნესის ვალდებულებაა 1.5 მლნ ტონა მუნიციპალური ნარჩენის სეპარირება, ასე არ არის. ბიზნესს ევალება შესაფუთი მასალების სეპარირებული შეგროვება და მისი მოვლა. ამ ორ საკითხს შორის დიდი განსხვავებაა.

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების საკანონმდებლო ბაზის შექმნა 2016 წლიდან დავიწყეთ იმიტომ, რომ სახელმწიფოს გადაწყვეტილებით ქვეყანაში ის საჭირო ექსპერტიზა არ იყო, რომელსაც მთავრობა თავს მოუყრიდა, მაგალითად თუნდაც ისეთი დოკუმენტი, როგორიც დღეს ნარჩენების მართვის კოდექსია. ევროკავშირის ექსპერტებმა ბიზნესთან კონსულტაციებით დოკუმენტს ფორმა შეუცვალეს და ბიზნესთან ეს ვარიანტია შეჯერებული. თუმცა ის რედაქცია, რომელიც შეჯერებული ვერსიის შემდეგ გამოჩნდა, უკვე მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება აღარ არის.” - განმარტა კალანდაძემ.

ცნობისთვის: თემა, რომელიც 2019 წლიდან განხილვის საგანია, თუმცა ამ დრომდე სხვადასხვა მიზეზებით მისი ბოლომდე განხორციელება ვერ მოხერხდა, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებაა, რომელიც ბიზნესისთვის ახალი რეგულაციის დაწესებას გულისხმობს. კერძოდ, სექტორმა მათ მიერვე წარმოებული პროდუქციისგან მიღებული ნარჩენები, თავადვე უნდა შეაგროვონ და გადაამუშაონ. იმისათვის, რომ მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება რეალურად ამუშავდეს, საჭიროა, კანონქვემდებარე აქტების მიღება. უკვე დიდი ხანია ბიზნესი ელოდება, კანონქვემდებარე აქტის მიღებას შესაფუთ მასალებთან დაკავშირებით, რაც ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მიმართულებაა.

როგორც 2020 წლის ბოლოს “Forbes კვირისთვის” მიცემულ ინტერვიუში “გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის” მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რეგლამენტის საბოლოო ვერსია შეჯერებულია და ის 2021 წელს მიღებული იქნება, რაც ქვეყანას მწვანე ეკონომიკის განვითარების ახალ ბიძგს მისცემს.