მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მხარდაჭერის ახალი მექანიზმი ADB-ისგან

6450a8a964209
ელენე კვანჭილაშვილი
02.05.23 11:22
441
2030 წლამდე განვითარებად ქვეყნებს 100 მილიარდი ამერიკული დოლარის მხარდაჭერას ვუცხადებთ კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის პროცესში - ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ განაცხადა. "ანალიტიკა"-ს ავტორი და წამყვანი ელენე კვანჭილაშვილი სამხრეთ კორეიდან რეალურ დროში აშუქებს მოვლენებს.

როგორც ADB-ის პრეზიდენტმა ბანკის 56-ე ყოველწლიური შეხვედრის დროს აღნიშნა, აზიის განვითარების ბანკის ფოკუსში კიდევ უფრო მეტად მოექცევა განახლებადი ენერგიის განვითარების მხარდაჭერა. ამ მიზნით, ADB ახალი პროგრამის შესახებ აცხადებს. IF-CAP - ეს არის კლიმატის დაფინანსების ინოვაციური სქემა, რომელიც დამოკიდებული იქნება აზიის განვითარების ბანკის პარტნიორების მხრიდან გაღებულ ფინანსურ გარანტიებზე.

“კლიმატის ცვლილება ჩვენი ცხოვრების კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხია და აქ, აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში ბრძოლის წინა ხაზზე ვიმყოფებით,“ - თქვა პრეზიდენტმა ასაკავამ. - “ბოლო 12 თვის განმავლობაში თავსდამტყდარი სტიქიური მოვლენები დროთა განმავლობაში გახშირდება და გაძლიერდება, ამიტომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები ახლავე უნდა გადავდგათ. IF-CAP საინტერესო, ინოვაციური პროგრამაა, რომელიც რეალურ შედეგს მოიტანს. ეს ADB-ის, როგორც აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის კლიმატის ბანკის მუშაობის კიდევ ერთი მაგალითია".

სქემა იმუშავებს ასე: ADB-ის სუვერენული სესხების პორტფოლიოს გარანტირებით, პარტნიორები გადააზღვევენ მსესხებლების პოტენციურ საკრედიტო დანაკარგებს. ამით ADB შეამცირებს იმ კაპიტალის მოცულობას, რაც მას საკრედიტო რისკის გარანტირებისთვის თავად სჭირდება და გამოათავისუფლებს კაპიტალს კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული პროექტების დასაფინანსებლად: IF-CAP-ის სქემაში გარანტიის სახით შესული ყოველი დოლარი ახალი სესხის გაცემის შესაძლებლობა გახდება.

„ამ გზით ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მოვიზიდავთ დაახლოებთ 3 მილიარდ დოლარს, რომელიც შესაძლებელს გახდის, დამატებით 15 მილიარდი დოლარის მიმართვას კლიმატის ცვლილების პროექტებისთვის", - აღნიშნა ADB-ის პრეზიდენტმა, - "ამ გზით ჩვენ შევძლებთ გავუმკლავდეთ კლიმატის ცვლილების გამოწვევას ყველგან, სადაც ეს საჭირო იქნება“.

IF-CAP-ის პირველი პარტნიორები არიან დანია, იაპონია, კორეის რესპუბლიკა, შვედეთი, გაერთიანებული სამეფო და შეერთებული შტატები. პარტნიორები ADB-თან ერთად განიხილავენ შესაძლებლობებს უზრუნველყონ პროგრამა პროექტის მოსამზადებლად განკუთვნილი გრანტებითა და ADB-ის სუვერენული სასესხო პორტფელისთვის საჭირო გარანტიებით.

მოდელის „$1-ის ჩადება, $5-ის გაცემა,“ პირველადი ამბიციაა გარანტიებად 3 მილიარდი აშშ დოლარის ($) გამოყოფა, რაც $15 მილიარდს გამოათავისუფლებს ახალი სესხებისთვის. ეს კი აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის კლიმატის პროექტების დასაფინანსებლად უმნიშვნელოვანესია. მრავალმხრივი განვითარების არც ერთ ბანკს კლიმატის დაფინანსების მიზნით აქამდე არასდროს გამოუყენებია კონტრიბუციით უზრუნველყოფილი გარანტიების მექანიზმი.

IF-CAP-ის დაფინანსება წვლილს შეიტანს ADB-ის გაზრდილ ამბიციაში 2019-2030 წლებში საკუთარი რესურსებიდან $100 მილიარდით დააფინანსოს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მიმართული ქმედებები. კლიმატის ინვესტიციების მკვეთრი ზრდის მიზნით ADB მოლაპარაკებებს აწარმოებს პოტენციურ პარტნიორებთან, როგორიცაა ორმხრივი და მრავალმხრივი წყაროები, ფონდები, კერძო სექტორი და ფილანტროპები, მათ შორის ენერგეტიკის მსოფლიო ალიანსი ხალხისა და პლანეტისთვის.

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები