მაღალმთიან დასახლებებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება "საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024-2030 წლების სტრატეგიის" ერთ-ერთ მთავარ კომპონენტად დარჩება.
როგორც რეგიონული განვითარების სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სტრატეგიაში წერია, კვლევები აჩვენებს, რომ გზის რეაბილიტაციას აქვს დადებითი საშუალოვადიანი ამოცანის შედეგები და შესაძლოა, ჰქონდეს გრძელვადიანი გავლენები, რომლებიც დაკავშირებულია ტრანსპორტთან (სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება, მოძრაობის სიჩქარეები, მგზავრობის ხანგრძლივობა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის არსებობა), ინვესტიციებთან (მიწათსარგებლობა და დასაქმება, წარმოებაში ინვესტიცია), საბაზრო ფასებთან (ძირითადი მოხმარების პროდუქციის ფასები ადგილობრივ ბაზარზე), შინამეურნეობების კეთილდღეობასთან (შემოსავალი, მოხმარება, საკუთრებაში არსებული ქონება) და ჯანმრთელობასა და განათლებაზე ხელმისაწვდომობასთან (ჯანდაცვის და განათლების სერვისების გამოყენება).
„ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ და საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსებული სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციის პროექტის 2013 წელს ჩატარებულმა გავლენის შეფასებამ აჩვენა ძლიერი მტკიცებულება იმისა, რომ აღნიშნული გზის რეაბილიტაციამ ამ გზებით მოსარგებლე ავტომობილების რაოდენობა და მათი მობილობა გაზარდა, აგრეთვე, გამოვლინდა ისეთი ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესება გზის ახლოს მდებარე მაღალმთიან დასახლებებში, როგორიცაა გაზრდილი სამეწარმეო აქტივობა და დასაქმება.
კერძოდ, ავტომობილების რაოდენობა ინტერვენციის გზებზე საშუალოდ დღეში 44.2 ერთეულით გაიზარდა (4.2%), შესადარებელ გზებთან მიმართებით, გზებზე საშუალო სიჩქარე 13.6 კმ/სთ-ით გაიზარდა (24.4%), შესადარებელ გზებთან შედარებით. მყარი მტკიცებულება არსებობს, რომ სამცხე-ჯავახეთის გზის რეაბილიტაციამ 13.4%-ით გაზარდა საწარმოების რაოდენობა (მაგ. საკონსერვო წარმოება, ქარხნები, სასოფლო-სამეურნეო გადამმუშავებელი და მსგავსი საწარმოები) პროექტის გზების ახლოს მდებარე დასახლებებში. გარკვეული სახის მტკიცებულება არსებობს, რომ შინამეურნეობებში დასაქმების მაჩვენებელი დაახლოებით 3.75%-ით გაიზარდა პროექტის ტერიტორიებზე. ადგილობრივ ფასებზე გავლენა უფრო კომპლექსური იყო (ზოგი პროდუქტის გაიზარდა, ზოგიც შემცირდა). ამასთან, შემოსავლის, მოხმარების, ქონების საკუთრებაში ფლობის ან ჯანდაცვის და საგანმანათლებლო სერვისების გამოყენების მხრივ ცვლილება არ გამოვლენილა, რადგან საგზაო რეაბილიტაციის გავლენა შინამეურნეობის კეთილდღეობის დონეზე დგება შედარებით გრძელვადიან (5 წლის შემდეგ) პერსპექტივაში", - წერია სტრატეგიაში.
სტრატეგიის ავტორების შეფასებით, საგზაო-სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების დადებითი გავლენა დადასტურებულია ევროპულ ქვეყნებშიც და ამის წარმატებული მაგალითია შვეიცარიისა და იტალიის ალპებში გაყვანილი მაგისტრალი, რასაც მოჰყვა ხელშესახები ეკონომიკური და სოციალური სარგებელი, ტურისტული ცენტრების დაკავშირება, გაზრდილი შემოსავლები და ათასობით ახალი სამუშაო ადგილი. შვეიცარიაში სახელმწიფო ინვესტიციებით მაღალმთიანი და არამაღალმთიანი დასახლებების ინფრასტრუქტურებს შორის სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა.




























