საქართველოს მთავრობა სვანეთისა და ლეჩხუმის დაცული ტერიტორიების შექმნის ინიციატივით გამოდის. კანონპროექტის მიხედვით, რეგიონებში ორი ეროვნული პარკი, ერთი აღკვეთილი და ბუნების 10 ძეგლი შეიქმნება, რომელთა მართვისთვის 2027-2030 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან არანაკლებ 6.6 მლნ ლარის გამოყოფა იქნება საჭირო.
„სვანეთისა და ლეჩხუმის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტი მთავრობის ინიციატივით პარლამენტშია წარდგენილი. კანონად ქცევის შემთხვევაში მისი ამოქმედება 2027 წლის პირველი იანვრიდან იგეგმება.
პროექტის მიხედვით, მესტიის მუნიციპალიტეტში 47 480 ჰექტარზე მყინვარების ეროვნული პარკი შეიქმნება, ხოლო ცაგერის მუნიციპალიტეტში 14 253 ჰექტარზე - ლეჩხუმის ეროვნული პარკი. ამასთან, ცაგერის მუნიციპალიტეტში 2 281 ჰექტარზე ხვამლის აღკვეთილი დაარსდება. დაცული ტერიტორიების სისტემას ასევე დაემატება ბუნების შემდეგი ძეგლები:
- საირმის სვეტები – 32.6 ჰექტარი;
- რაჩხას ჩანჩქერი – 1.6 ჰექტარი;
- ღვირიშის ჩანჩქერი – 0.35 ჰექტარი;
- წანერის ჩანჩქერი;
- ტვიბერის ჩანჩქერი;
- ლეირაყის ჩანჩქერი;
- ლათაშის ჩანჩქერი;
- უშბის (შდუგრას) ჩანჩქერი;
- ლთნარის ტბა;
- ნამყვამის ტბა.
როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, მყინვარების ეროვნული პარკის ტერიტორია კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის მყინვარებს, ალპურ და სუბალპურ ლანდშაფტებს მოიცავს. მის საზღვრებში მოხვდება დოლრას, ტვიბერისა და ჭალათის მყინვარები, ასევე თეთნულდისა და შხარას მწვერვალები.
რაც შეეხება ლეჩხუმის ეროვნულ პარკს, ის სვანეთისა და ლეჩხუმის ქედების ჩრდილოეთ და სამხრეთ ფერდობებზე, ზღვის დონიდან 1 000-3 500 მ სიმაღლეზე განთავსდება. ტერიტორია გამოირჩევა შერეულფოთლოვანი, მათ შორის წიფლის, რცხილისა და წაბლის ტყეებით.
პროექტის ავტორების განმარტებით, ხვამლის აღკვეთილის შექმნის ერთ-ერთი მიზანი ტერიტორიაზე ხე-ტყის ჭრისა და უკონტროლო ძოვების რეგულირებაა. განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ხვამლის მასივის ეკოსისტემები ანთროპოგენული ზეწოლის შედეგად დაზიანებულია, თუმცა აღდგენის პოტენციალს კვლავ ინარჩუნებს.
კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასების მიხედვით, 2027-2030 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ახალი დაცული ტერიტორიების ადმინისტრირებისთვის ჯამურად არანაკლებ 6 642 880 ლარისა უნდა გამოიყოს.
თანხების განაწილება წლების მიხედვით ასეთია:
|
წელი |
სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა |
|---|---|
|
2027 |
1 110 720 ლარი |
|
2028 |
3 310 720 ლარი |
|
2029 |
1 110 720 ლარი |
|
2030 |
1 110 720 ლარი |
|
ჯამი |
6 642 880 ლარი |
2028 წელს დაფინანსების ზრდა ორი ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრების მშენებლობას უკავშირდება. თითოეული ცენტრისთვის 1.1 მლნ ლარია გათვალისწინებული.
ამასთან, კანონპროექტის მიხედვით, ახალი დაცული ტერიტორიების მართვისთვის 48 საშტატო ერთეული განისაზღვრება. მყინვარების ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში 23 თანამშრომელი დასაქმდება, ხოლო ლეჩხუმის ეროვნული პარკისაში – 25. მათი ძირითადი ფუნქციები იქნება ტერიტორიის დაცვა, კვლევა-მონიტორინგი და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის რეგულირება.
რაც შეეხება პროექტით გათვალისწინებული ადმინისტრაციების საჭიროებებს, მათ შორის ავეჯის, კომპიუტერული ტექნიკის, ავტომობილების, ფოტოხაფანგების, უნიფორმების, რაციებისა და სარეინჯერო კოტეჯების შეძენას, ამას დონორი ორგანიზაცია – კავკასიის ბუნების ფონდი (CNF) დააფინანსებს. ფონდი 2027-2030 წლებში ამ მიზნით ლარში 2.65 მლნ დოლარის ეკვივალენტის გამოყოფის მზადყოფნას გამოთქვამს.
კანონპროექტის მიხედვით, დაცული ტერიტორიების შექმნა არ შეზღუდავს კანონის ამოქმედებამდე არსებულ ქონებრივ ურთიერთობებს. შესაბამისად, უძრავი ქონების მესაკუთრეებს, მფლობელებსა და მოსარგებლეებს შეეძლებათ საკუთრებისა და სხვა სამოქალაქო უფლებების შეუფერხებლად რეგისტრაცია.
რაც შეეხება ძოვებასა და ხე-ტყის ჭრას, დაცული ტერიტორიების სტატუსის მინიჭების შემდეგ, კვლევების საფუძველზე განისაზღვრება საძოვრების ტევადობა და ხის ჭრის შედეგად მოსაპოვებელი რესურსის ოდენობა.
როგორც კანონპროექტის მესვეურები აღნიშნავენ, დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურის განვითარებამ შესაძლოა, ტურისტების რაოდენობა გაზარდოს და ადგილობრივი მოსახლეობისთვის, მათ შორის მომსახურების სფეროს წარმომადგენლებისა და სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთათვის დამატებითი შემოსავლის წყაროები გააჩინოს.
ამასთან, დაცულ ტერიტორიებზე შესვლა უფასო იქნება. საფასურის გადახდა მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება საჭირო, თუ ვიზიტორი სპეციალურად მოწყობილი ინფრასტრუქტურით ან სააგენტოს მომსახურებით ისარგებლებს.
კანონპროექტის ავტორი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროა, ინიციატორი კი - საქართველოს მთავრობა.
























