მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მზად ვარ ავიღო დიდი პასუხისმგებლობა, მათ შორის მეორე ვადით" - პრეზიდენტი

პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ მანდატის ამოწურვის შემდეგ, მეორე ვადით იყაროს კენჭი.

როგორც პრეზიდენტმა Figaro-სთან ინტერვიუში განაცხადა, “ასევე მზადაა, იყოს მომლაპარაკებელი ევროპელ პარტნიორებთან.“

"მზად ვარ ავიღო დიდი პასუხისმგებლობა, მათ შორის მეორე ვადით, რათა საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ გზას. თუ ჩემ მიერ შეთავაზებული ქარტია ამოქმედდება, მზად ვარ ვიყო მომლაპარაკებელი ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან“, - ამბობს ზურაბიშვილი გამოცემასთან.

2024 წლიდან პრეზიდენტს პირდაპირი არჩევნები აღარ ჩატარდება.

რეგლამენტის მიხედვით:

  1. საქართველოს პრეზიდენტს 5 წლის ვადით დებატების გარეშე ღია კენჭისყრით ირჩევს საარჩევნო კოლეგია;
  2. საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში შედის 300 წევრი, მათ შორის საქართველოს პარლამენტის და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი. საარჩევნო კოლეგიის სხვა წევრებს საკრებულოების შემადგენლობიდან ასახელებენ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები;
  3. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30 წევრს. საარჩევნო კოლეგიის ერთ წევრს შეუძლია მხარი დაუჭიროს მხოლოდ ერთი კანდიდატის წარდგენას;
  4. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების გამართვას უზრუნველყოფს საქართველოს პარლამენტი ცესკოს მეშვეობით.

პირდაპირი წესით არჩეულ ბოლო პრეზიდენტს ვადა მიმდინარე წელს ეწურება. არჩევნების თარიღს ნიშნავს საქართველოს პარლამენტი არჩევნების დღემდე 60 დღით ადრე, რაც სავარაუდოდ დეკემბერია.

კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები პარლამენტის სასახლეში გაიმართება და პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30 წევრს ექნება. საარჩევნო კოლეგიის ერთ წევრს შეეძლება, მხარი დაუჭიროს მხოლოდ ერთი კანდიდატის წარდგენას.

არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ხმების ორ მესამედს მაინც მიიღებს. რაც შეეხება პრეზიდენტობის კანდიდატის ასაკობრივ ცენზს, კონსტიტუციით, პრეზიდენტად შეიძლება არჩეული იყოს საქართველოს მოქალაქე 40 წლის ასაკიდან, რომელსაც ქვეყანაში 15 წელი ექნება ნაცხოვრები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები