მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მზად ვარ, რუსეთს მკაცრი სანქციები დავუწესო, როცა NATO-ს ყველა ქვეყანა შეწყვეტს მისგან ნავთობის ყიდვას - ტრამპი

დათხოვნა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი NATO-ს წევრი ქვეყნებისგან მოითხოვს, რუსეთისგან ნავთობის ყიდვა შეწყვიტონ და ამბობს, რომ მხოლოდ ამის შემდეგ დაუწესებს ამერიკა რუსეთს მკაცრ სანქციებს.

„მზად ვარ, რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები შემოვიღო, როცა NATO-ს ყველა ქვეყანა შეთანხმდება, ერთი და იმავეს გაკეთებას დაიწყებს და როცა ქვეყნები შეწყვეტენ რუსეთისგან ნავთობის შესყიდვას. როგორც იცით, NATO-ს გამარჯვებისადმი ერთგულება შორს იყო 100%-სგან, ზოგიერთი ქვეყნის მიერ რუსული ნავთობის შესყიდვა კი შოკის მომგვრელი იყო! ეს ძლიერ ასუსტებს მოლაპარაკებებში თქვენს პოზიციას და რუსეთზე ზეწოლის ძალას. ნებისმიერ შემთხვევაში, მზად ვარ დავიწყო, როცა თქვენ იქნებით მზად. უბრალოდ თქვით როდის.

მიმაჩნია, რომ NATO-ს, როგორც ჯგუფის მიერ ჩინეთისთვის 50%-დან 100%-მდე საბაჟო ტარიფების დაწესება და მათი სრული მოხსნა რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების შემდეგ, ასევე დიდ დახმარებას გასწევს ამ სასიკვდილო, მაგრამ სულელური ომის დასრულებაში. ჩინეთს აქვს დიდი კონტროლი, რუსეთზე გავლენაც კი, ეს არ არის ტრამპის ომი (ის არასოდეს დაიწყებოდა, მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი!), ეს არის ბაიდენისა და ზელენსკის ომი. მე აქ მხოლოდ იმისთვის ვარ, რათა დავეხმარო ომის შეწყვეტას და გადავარჩინო რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეთა სიცოცხლე (მხოლოდ გასულ კვირაში 7118 ადამიანი დაიღუპა, სიგიჟეა!) თუ NATO შეასრულებს ჩემს მითითებებს, ომი მალე დასრულდება და ყველა ეს სიცოცხლე გადარჩება! თუ არა, თქვენ უბრალოდ ხარჯავთ ჩემს დროს, ასევე შეერთებული შტატების დროს, ძალებსა და ფულს“, - წერს ტრამპი Truth Social-ში.

ტრამპი უკვე დიდი ხანია ევროპას ამერიკული ენერგორესურსების ყიდვისკენ მოუწოდებს. მიმდინარე წლის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტმა ევროკავშირს მოსთხოვა 350 მილიარდი დოლარის სავაჭრო დეფიციტის აღმოსაფხვრელად ამერიკული ენერგორესურსები იყიდოს. ევროსტატის ინფორმაციით, 2024 წელს ევროკავშირის ქვეყნებმა ამერიკაში თითქმის 532 მილიარდი ევროს პროდუქტი გაყიდეს, ევროკავშირმა კი ამერიკისგან 333 მილიარდი ევროს ღირებულების პროდუქტი იყიდა. შესაბამისად, დეფიციტი არა 350 მილიარდია, როგორც ამას ტრამპი ამტკიცებს, არამედ 232 მილიარდი დოლარი. თავის მხრივ ევროკავშირს გაცხადებული აქვს, რომ 2027 წლიდან რუსულ წიაღისეულ საწვავს აღარ იყიდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები