მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მზად ვართ, ჩავარდნილი პროექტებიდან რომელიმეზე გამოვხატოთ ინტერესი - გიორგი შუკაკიძე

ვინდ ენერჯი გრუპ

„ენერჯი დეველოპმენტ ჯორჯიასა“ და „გრინ ენერჯი ჰოლდინგის“ მმართველი დირექტორი გიორგი შუკაკიძე BMG-სთან ე.წ. ენერგეტიკული ამნისტიის შედეგებს დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ „გათავისუფლებული“ პროექტები შესაძლოა, ახალი, უფრო კვალიფიციური ინვესტორებისთვის გახდეს ხელმისაწვდომი.

„დღეს საქართველოში ფაქტობრივად, არ არის დარჩენილი ლოკაცია, რომელიც გარკვეული ჯგუფის მიერ არ იყოს დაკავებული. ბევრი კვალიფიციური ინვესტორია დარგში და პროექტის რაღაც ეტაპზე მიყვანის მერე, ბევრი ამ პროექტის გაყიდვას აპირებდა და ფაქტობრივად, არც გეგმავდნენ ალბათ, ამ პროექტის აშენებას. ზოგი დოკუმენტაციის მომზადების შემდგომ აპირებდა სარგებლის მიღებას. აქედან გამომდინარე, თუ ისეთი პროექტები იქნება გაუქმებულ მემორანდუმებში, რომლის განხორციელებაც არსებულმა ინვესტორმა ვერ შეძლო და სხვა დაინტერესებულ პირს ექნება უფლება, წვდომა ჰქონდეს ამ პროექტზე - ცალსახად, ჩვენც დავინტერესდებით.

თუ შინაარსობრივად, ტექნიკურ-ეკონომიკური პარამეტრების გათვალისწინებით ჩვენთვის მისაღები იქნება, მზად ვართ, რომ ამ ჩავარდნილი პროექტებიდან რომელიმეზე გამოვხატოთ ინტერესი“ - აცხადებს გიორგი შუკაკძე BMG-სთან.

მისივე თქმით, 500 მეგავატზე მეტი სიმძლავრის პროექტების შეწყვეტა მნიშვნელოვანი ციფრია - ამ პროექტების უმეტესობა წლების განმავლობაში მხოლოდ ქაღალდზე არსებობდა და სისტემაში მათ რეალურ გაჩენას არავინ ელოდა.

„530 მეგავატი არ არის პატარა რიცხვი, არც სიმძლავრის და არც კომპანიების რაოდენობის ნაწილში. თუმცა, შეწყვეტა შინაარსობრივად ნიშნავს, რომ ეს კომპანიები პროექტებს ვერ აკეთებდნენ და ტყუილი მოლოდინი იყო - თითქოს, ეს სიმძლავრეები სისტემაში მოხვდებოდა. დღეს ნათელი სურათია იმისა, თუ რა მოლოდინი უნდა გვქონდეს მომავალში ახალი გენერაციის ობიექტების შექმნასთან დაკავშირებით. კარგია, რომ სურათი ნათელი გახდა,“ - ამბობს გიორგი შუკაკიძე.

ამნისტიის მეორე ნაწილი იმ კომპანიებს ეხებათ, რომელთაც პროექტის გაგრძელების სურვილი აქვთ. მათ ჩამოეწერათ ჯარიმები, თუმცა სანაცვლოდ სახელმწიფომ უფრო მკაცრი ვადები დაუდგინა. შუკაკიძე მიიჩნევს, რომ ეს მექანიზმი პროექტებს „ახალ სიცოცხლეს“ სძენს.

„ამ გადაწყვეტილებამ შესაძლებლობა გააჩინა, რომ ახალი სიცოცხლე შეეძინოს იმ პროექტებს, რომლებმაც გარკვეული მიზეზების გამო ვადებში ვერ ჩაეტივნენ. დღეს მათ მიეცათ შანსი, ახალ დათქმულ ვადებში უზრუნველყონ მშენებლობა. თუმცა, როგორც ვიცი, პირობები ახლა ბევრად უფრო მკაცრად არის გაწერილი. ეს ცალსახად დადებითად აისახება ენერგოსისტემაზე,“ - განმარტავს გიორგი შუკაკიძე.

მთავრობის მიერ დაანონსებული ჯარიმების ჩამოწერით, 157 კომპანიამ ისარგებლა და ისინი 1500 მეგავატის პროექტებს განახორციელებენ, 535 მეგავატი სიმძლავრის პროექტები კი შეჩერდება.

გასული წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ მთავრობა ენერგეტიკის სექტორში მოღვაწე კომპანიებს ჯამში მილიარდი ლარის ჯარიმებს პატიობს, თუმცა გარკვეული დათქმით - მათ ხელახლა აღარ უნდა დაარღვიონ ვადები, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩამოწერილი ჯარიმები ისევ აღუდგებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები