ჩინეთის ელჩი საქართველოში, ჭოუ ციენი საქართველოში ელექტრომანქანების ჩინური ბრენდების შემოსვლის ხელშეწყობასთან დაკავშირებით მზადყოფნას გამოთქვამს.
მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ჩინური ავტომწარმოებლის, BYD-ის გარკვეული ელექტრომანქანების შეძენა ჩინელ მომხმარებლებს 11 000 დოლარად შეუძლიათ და მიიჩნევს, რომ ასეთ ფასად, მაღალი ხარისხის ელექტრომანქანები ნებისმიერ ქვეყანაში პოპულარული იქნება.
„ალტერნატიული ენერგიის ინდუსტრიაში ჩინეთის წარმატება ტექნოლოგიებში, ბაზარსა და სამრეწველო ჯაჭვებში მისი უპირატესობით არის განპირობებული. ერთი მხრივ, გლობალურ მომხმარებლებს შესაძლებლობა უჩნდებათ, ისარგებლონ ხელმისაწვდომი და ხარისხიანი პროდუქციით. მეორე მხრივ, ჩინეთს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მწვანე ტრანსფორმაციის პროცესში, რაც ქვეყნების უმრავლესობისთვის მისასალმებელია. შემიძლია მოვიყვანო ჩინური ბრენდის BYD-ის მაგალითი, რომელმაც გასული წლის მეოთხე კვარტალში ახალ ენერგიაზე მომუშავე ავტომობილების გლობალურ გაყიდვებში Tesla-ს გადაასწრო. ჩინელ მომხმარებელს შეუძლია 11 000 დოლარად შეიძინოს BYD-ის კომპაქტური ელექტრომანქანა. ამავე ფასში ხელმისაწვდომია უფრო დიდი ზომის ჰიბრიდული ავტომობილებიც. ვფიქრობ, ასეთ ფასში ასეთი მაღალი ხარისხის პროდუქტი - ნებისმიერ ქვეყანაში უაღრესად პოპულარული იქნება. მზად ვართ ხელი შევუწყოთ, რომ ელექტრომანქანების ჩინური ბრენდები ქართულ ბაზარზეც მალე შემოვიდნენ, რათა ქართველ მომხმარებლებსაც გავუზიაროთ „ჩინური სტილის მოდერნიზაციის“ მნიშვნელოვანი მიღწევები“, - აღნიშნა ელჩმა.