ბახმაროს პროექტის შემქმნელი კომპანია WilkinsonEyre -ის მმართველი პარტნიორი, არქიტექტორი სემ ვრაითი შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებთან დებატებისთვის სრულ მზადყოფნას გამოთქვამს და მათ „ჯანსაღ დისკუსიაში იწვევს.“
WilkinsonEyre-ში აცხადებენ, რომ ყველა კურორტს სჭირდება მიზიდულობის ცენტრი, სადაც თავმოყრილი იქნება სხვადასხვა ტიპის დასასვენებელი და გასართობი ინფრასტრუქტურა. მათი თქმით, ქაოსური განაშენიანების ერთ-ერთი წინაპირობა საერთო სივრცის არარსებობის პირობებში, შესაძლოა სწორედ კოტეჯური განაშენიანება გახდეს.
„2 წელზე მეტია „ორბთან“ ერთად ვმუშაობთ. დიდი საერთაშორისო გამოცდილება გვაქვს და საინტერესო პროექტების შექმნა გვინდა - ჩვენი სამუშაო გახლავთ მეცნიერების და ბუნების შერწყმა. აქ არ არის საუბარი მხოლოდ ლამაზ არქიტექტურაზე, არამედ ლანდშაფტის აღდგენაზე. ჩვენ ვსაუბრობდით გენერალურ გეგმაზე და ჩარჩოზე დიზაინისთვის. გამიმართლა, რომ ადგილზეც ვიყავი და თავად ვნახე კურორტი, ამიტომ მესმის მისი სულიერი და კულტურული მნიშვნელობა. ამ ადგილს სჭირდება შეკეთება, აღდგენა, ეს უნდა იყოს კონტროლირებადი განაშენიანება. აქ მწირია არქიტექტურა, გადაძოვა ხდება მიწების და ამას კონტროლი სჭირდება. მხოლოდ პროექტის შექმნაზე არ არის საუბარი, აღმდგენი მახასიათებლები უნდა ჰქონდეს ამ ყველაფერს. ჩვენ ერთად ამ გამოწვევებზე ვმუშაობთ და მზად ვართ ქართველი არქიტექტორების ჩართვაზეც.
ყველა ასეთ კომპლექსს აქვს კრიტიკული მასა, არის რაღაცა სამიზნე რაოდენობა ადამიანებისა, რომლებიც შეიძლება ჩამოვიდნენ. თუ დიზაინის ცენტრალიზება არ მოხდება, შემდეგ ეს ვრცელდება უფრო ქაოსურად. ადამიანებს სურთ, ჰქონდეთ კაფეები, სპა, ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია, ამიტომ არის საჭირო შევქმნათ ქსელი, რომელიც იქნება ლანდშაფტთან შერწყმული.
ერთი მხრივ უკვე არის იმავე სიმაღლის შენობები და ასეთი დიზაინის შექმნით, შენ აძლევ საშუალებას ლანდშაფტს, რომ ისუნთქოს და განვითარდეს. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ არსებულ ხეებსა და ლანდშაფტს არ ვეხებით. ჩვენ ასე ვმუშაობთ დიდ ბრიტანეთში, ევროპის ბევრ ქვეყანაში.არ გვინდა, რომ ჩამოვიდეთ, რაღაც დიზაინი შევქმნათ და წავიდეთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს შენობა იყოს WilkinsonEyre"-ის შენობა, ჩვენი თავდადება ძალიან დიდია,“ - განაცხადა სემ ვრაითმა.
ბახმაროში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, კომპანიაში ფიქრობენ, რომ წარდგენილი პროექტი მისი სწორი განვითარების წინაპირობა იქნება. რაც შეეხება კითხვას, რა ტიპის დაკვეთა მიიღეს „ორბისგან,“ „WilkinsonEyre“-ში გვპასუხობენ, რომ „ეს უნდა ყოფილიყო უმაღლესი კლასის არქიტექტურა ადგილობრივი ტრადიციული მახასიათებლებით.“
„ჩვენ გვაქვს ცხადი დავალება, რომ გამოვიწვიოთ დამკვეთები და შევთავაზოთ მას იდეალური და ყველაზე კარგი ხარისხი. ჩვენი დავალებაა უმაღლესი კლასის არქიტექტურის მიღება ადგილობრივი ტრადიციული მახასიათებლებით, რომელიც პატივს სცემს ადგილს, ისტორიას. ამისთვის უნდა გამოვიყენოთ სწორი მასალა, რომელიც იქნება ჰარმონიაში ადგილობრივ ლანდშაფტთან, ეს არის ჩვენი მიზანი.
და დიახ, მე მიმაჩნია, რომ ეს კურორტის სწორი განვითარებაა. უნდა გავიგოთ, რომ ამჟამინდელი ეს კოტეჯური მშენებლობა რაზედაც ვსაუბრობთ, არის ძალიან ქაოსური და დაუგეგმავი. 250 კოტეჯი რომ იყოს და გადავტვირთოთ ეს ადგილი, ვერასოდეს მივაღწევთ იდეალურ ორგანულ, მდიდრულ ნარევს - მდიდრულში მრავალფეროვნებას ვგულისხმობ. კარგად შექმნილი კომპაქტური განვითარება მეტად სცემს პატივს მთების კონტურებს თუ ჩვენ ვამცირებთ სიმაღლეს მშენებლობის, თუ ჩვენ კარგად ვყოთ ლანდშაფტს, ეს არის სწორი მიმართულება. ეს არის სწორი მიმართულება ამ პროექტისთვისაც.
ჩვენ საერთაშორისო პრაქტიკის კომპანია ვართ, საერთაშორისო დონეზე ვმუშაობთ და ჩვენს დამკვეთებთან თანამშრომლობა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. „ორბი“ ძალიან მოტივირებულია ამ პროექტის განხორციელებით, გვიხარია, რომ კარგად ვუგებთ ერთმანეთთან, მათ სჯერათ ჩვენი და პატივს სცემენ ჩვენს აზრს, ამიტომ გაცხარებული დებატები არ გვქონია, ჯანსაღი დისკუსიები გვაქვს. მე დარწმუნებული ვარ ჩემი და ჩემი გუნდის უნარებში. დარწმუნებული ვართ „ორბის“ შესაძლებლობებში. ვმუშაობთ გუნდურად ეკოლოგებთან, იმაზე რომ ამ არაჩვეულებრივ კურორტზე, გარემო იყოს შენარჩუნებული.
ჯანსაღი დისკუსიისთვის რა თქმა უნდა მზად ვართ, ეს ჩვენი კულტურის ნაწილია და ყველა შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალთან სასაუბროდ და არგუმენტების გაცვლისთვის სრულ მზადყოფნას ვაცხადებთ,“ - განაცხადა სემ ვრაითმა BMG-თან კომენტირებისას.